გავიგებ, ვნახავ, ვინ არიან, რანი არიან
- 24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა.
- 523
- (ა) „მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
- (ბ) ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად;
- (გ) წიგნი მომართვა, ეწერა: „ვინ სჩან ალვისა ტანისად,
- (დ) ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად“.
- 524
- (ა) „შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
- (ბ) ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
- (გ) ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით.
- (დ) დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი ჭირდა მისლვა ნდომით.
- 525
- (ა) „იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.
- (ბ) ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა,
- (გ) ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
- (დ) ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.
- 526
- (ა) „ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,
- (ბ) შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.
- (გ) შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
- (დ) გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 527
- (ა) „იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი,
- (ბ) ებურა მოშლით პირ-ოქრო, მე მივეც რიდე რომელი;
- (გ) მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
- (დ) ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 528
- (ა) „ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
- (ბ) არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
- (გ) ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
- (დ) მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
- 529
- (ა) „მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
- (ბ) გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა!
- (გ) მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი-, ცისა!“
- (დ) ვჰკადრე: „რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?“
- 530
- (ა) „ვთქვი: „პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
- (ბ) რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?“
- (გ) კვლაცა მითხრა: „რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
- (დ) დიაცურად რად მოვღორდი! მე დავუწვავ ამით ალსა.
- 531
- (ა) „შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
- (ბ) შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება;
- (გ) შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება.
- (დ) ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!
- 532
- (ა) გახსოვს, ოდეს „ჰაის“ ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
- (ბ) მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა-ყე მოგიტანდეს?
- (გ) მამაცისა სიცრუეთა სახენიმცა რანი ჰგვანდეს!
- (დ) რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!
- 533
- (ა) „ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
- (ბ) ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
- (გ) ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა,
- (დ) აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 534
- (ა) „ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
- (ბ) თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
- (გ) სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო.“
- (დ) ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 535
- (ა) თქვა: „რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,
- (ბ) კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
- (გ) აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
- (დ) ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 536
- (ა) „შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,
- (ბ) ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
- (გ) ვჰკადრე, თუ: „მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე!
- (დ) რათგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.
- 537
- (ა) „რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
- (ბ) ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
- (გ) თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია“.
- (დ) მან მიბრძანა: „რაცა იცი, თქვიო“, თავი დამიქნია.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 538
- (ა) „კვლაცა ვჰკადრე: „მე თუ, მზეო, თქვენთვის ფიცი გამეტეხოს,
- (ბ) ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
- (გ) ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?
- (დ) მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?
- 539
- (ა) „მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
- (ბ) მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
- (გ) დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
- (დ) თავსა ვუთხარ: „მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა“.
- 540
- (ა) „მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?
- (ბ) არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
- (გ) ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა.
- (დ) ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 541
- (ა) „ვთქვი: „ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო“;
- (ბ) თავსა ვუთხარ: „ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!“
- (გ) მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო.
- (დ) ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 542
- (ა) „სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
- (ბ) იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
- (გ) ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
- (დ) მიბრძანა, თუ: „ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 543
- (ა) „არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
- (ბ) უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მართლობასა;
- (გ) იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
- (დ) მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 544
- (ა) „მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული,
- (ბ) ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;
- (გ) ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;
- (დ) მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.
- 545
- (ა) „მიბრძანა, თუ: „გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
- (ბ) რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
- (გ) თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
- (დ) შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!
- 546
- (ა) „კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
- (ბ) ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
- (გ) მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
- (დ) ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“.
- 547
- (ა) „მე ვჰკადრე: „ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა!
- (ბ) რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
- (გ) ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
- (დ) ასრე დავხადნე, შეეძლოს აღარას, არ, სახმარობა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 548
- (ა) „მიბრძანა, თუ: „ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
- (ბ) დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად!
- (გ) რა მოვიდეს, სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
- (დ) ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 549
- (ა) „ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
- (ბ) მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
- (გ) მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც ზროხათა ვითა, ვირთაო,
- (დ) დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!
- 550
- (ა) „იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
- (ბ) ჰკადრე, თუ: „სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა!
- (გ) ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
- (დ) არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 551
- (ა) „ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,
- (ბ) ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა;
- (გ) ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
- (დ) ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 552
- (ა) „ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,
- (ბ) ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
- (გ) მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა.
- (დ) მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 553
- (ა) „ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
- (ბ) ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
- (გ) ჭირი ბევრჯერ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
- (დ) მერმე, წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ოცდამესამე თავი ოცდამეხუთე