1 2 3 4 5 6 7 8 9

2 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
2 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

25

ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
 
554

(ა) „მოვიდა კაცი, „სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა,
(ბ) მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
(გ) მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
(დ) მიბრძანა, ახლოს მიმისვა, „მოდიო”, თავი დახარა.

555

(ა) „მიბრძანა: „ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
(ბ) გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია;
(გ) კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
(დ) უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.
იხ. ტაეპის განმარტებანი

556

(ა) „მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი,
(ბ) სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;
(გ) შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი,
(დ) მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
იხ. ტაეპის განმარტებანი

557

(ა) „მეფემან ბრძანა: „მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
(ბ) გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;
(გ) მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,
(დ) შენ აქა ნახე, კმარიან იქა ნახვისად ყმანია”.
იხ. ტაეპის განმარტებანი

558

(ა) „მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
(ბ) მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა;
(გ) შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
(დ) დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

559

(ა) „მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა,
(ბ) შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
(გ) მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
(დ) „ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”.

560

(ა) „ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად, დავჰმორჩილდი;
(ბ) ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: „ცრემლსა რასა ჰმილდი?
(გ) მითხრა: „შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი!
(დ) გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?

561

(ა) შევედით, ვნახე ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე;
(ბ) მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე;
(გ) წავდეგ, მიბრძანა: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
(დ) ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?”

562

(ა) „მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი,
(ბ) უკუვჰყივლე: „აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
(გ) ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!”
(დ) შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
იხ. ტაეპის განმარტებანი

563

(ა) „ასსა ვუბრძანე მონასა: „საომრად დაემზადენით!”
(ბ) შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.
(გ) კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით!
(დ) უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.
იხ. ტაეპის განმარტებანი

564

(ა) „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე,
(ბ) ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.
(გ) წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;
(დ) ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

565

(ა) „ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი,
(ბ) წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.
(გ) ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
(დ) მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!
იხ. ტაეპის განმარტებანი

566

(ა) „კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
(ბ) „აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა!”.
(გ) არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,
(დ) ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

567

(ა) „ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად,
(ბ) ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
(გ) ებრძანა, თუ: „ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,
(დ) ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

568

(ა) „ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
(ბ) თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
(გ) მე, ბერსა, შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე,
(დ) დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”
იხ. ტაეპის განმარტებანი

569

(ა) „მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
(ბ) თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
(გ) მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა.
(დ) მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

570

(ა) „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია!
(ბ) ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია:
(გ) ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
(დ) სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!
იხ. ტაეპის განმარტებანი

571

(ა) „ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
(ბ) ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია,
(გ) ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
(დ) სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
იხ. ტაეპის განმარტებანი

572

(ა) „შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
(ბ) ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
(გ) ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
(დ) სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!”
იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი ოცდამეოთხე თავი ოცდამეექვსე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9