1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მო მო მო- მოა მობ მოგ მოდ მოე მოვ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოღ მოყ მოშ მოც მოწ მოჭ მოხ მოჯ მოჰ

მოვკვე

მოვკვდი
 
26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

573

(ა) „ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე;
(ბ) რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე!
(გ) მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე თვალი ვაგე,
(დ) მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

574

(ა) „გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე.
(ბ) ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე:
(გ) თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე,
(დ) აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

575

(ა) „იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა;
(ბ) შორით ვუხმე:რაშიგან ვართ, ანუ ცრემლმან რად დაგვდაგნა?”
(გ) მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა,
(დ) მითხრა:„ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”.

576

(ა) „ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: „რაშიგან ვართ? თქვი მართალი!”
(ბ) კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,
(გ) დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,
(დ) მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

577

(ა) „მერმე მითხრა:„მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე?
(ბ) მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:
(გ) ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,
(დ) დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!

578

(ა) „მიამბო: „ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,
(ბ) მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,
(გ) შენ დაგიზახნა, „მიხმეთო”, ხმა-მაღლად გახმამყივარდა;
(დ) მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.

579

(ა) „ჰკადრეს:„აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან”.
(ბ) მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან:
(გ) მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,
(დ) რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.
იხ. ტაეპის განმარტებანი

580

(ა) „აწ, თავმმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!
(ბ) მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
(გ) მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?
(დ) თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა”.
იხ. ტაეპის განმარტებანი

581

(ა) „მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,
(ბ) და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის.
(გ) ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,
(დ) მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

582

(ა) „დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
(ბ) თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან”.
(გ) მან აგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან!
(დ) ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან”.
იხ. ტაეპის განმარტებანი

583

(ა) „პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს;
(ბ) შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს.
(გ) დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს:
(დ) „ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!
იხ. ტაეპის განმარტებანი

584

(ა) „როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?
(ბ) ანუ სისხლისად მისისა ჩემი რად მოაზღვევინე?
(გ) არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე?
(დ) აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!

585

(ა) „ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
(ბ) დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.
(გ) მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,
(დ) ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.

586

(ა) „რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,
(ბ) წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა,
(გ) მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა,
(დ) მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

587

(ა) „უბრძანა:„წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;
(ბ) წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია”;
(გ) მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს „იპი-იპია”.
(დ) ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.
იხ. ტაეპის განმარტებანი

588

(ა) „ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.
(ბ) დავარ თქვა:„მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-!
(გ) ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა”.
(დ) დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

589

(ა) „რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა!
(ბ) აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!
(გ) ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!
(დ) საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

590

(ა) „მე ვუთხარ:„დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?
(ბ) რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!
(გ) აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია!”.
(დ) სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.
იხ. ტაეპის განმარტებანი

591

(ა) „მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
(ბ) გულსა ვუთხარ:„ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,
(გ) გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა.
(დ) აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!”
იხ. ტაეპის განმარტებანი

592

(ა) „შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;
(ბ) ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული,
(გ) წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული,
(დ) ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

593

(ა) „ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, კიდით კიდე გავალაგდი,
(ბ) არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;
(გ) მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი,
(დ) რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი!
იხ. ტაეპის განმარტებანი

594

(ა) „რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,
(ბ) მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;
(გ) თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,
(დ) ვთქვი, თუ: „ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა”.
იხ. ტაეპის განმარტებანი

595

(ა) „ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,
(ბ) გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა;
(გ) ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.
(დ) კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

596

(ა) „ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,
(ბ) ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.
(გ) მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,
(დ) ტირილი მიჩნდეს ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.


თავი ოცდამეხუთე თავი ოცდამეშვიდე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9