1 2 3 4 5 6 7 8 9

ა- აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ ახ აჯ აჰ
აქ აქა აქე აქვ აქო

აქანამდის რომე ვითხენ

აქამდის რომ თხებად ვაქცევდი ხოლმე, აქამდის რომ ადვილად ვერეოდი
 
27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა

597

(ა) „ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი,
(ბ) ჰგვანდა, ქალაქს ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
(გ) არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
(დ) მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

598

(ა) „ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური,
(ბ)მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური;
(გ) ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,
(დ) ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

599

(ა) „ზახილი მესმა, შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,
(ბ) შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა,
(გ) ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
(დ) მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

600

(ა) „ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,
(ბ) მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;
(გ) მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი,
(დ) შევსთვალე: „დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?“

601

(ა)
„მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;
(ბ) ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
(გ) ვუთხარ: „დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!
(დ) შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

602

(ა) „გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: „შენ ასეთნი ხენი ვით ჰხენ!
(ბ) მერმე მითხრა: „მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
(გ) იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
(დ) უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

603

(ა) „მე ვუთხარ: „დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
(ბ) არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა“.
(გ) თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
(დ) მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

604

(ა) „ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,
(ბ) ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.
(გ) მერმე ვჰკითხე: „ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?
(დ) საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

605

(ა) „პირველ მითხრა: „არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო?
(ბ) ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?
(გ) რამან შექმნა მოყვითანედ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?
(დ) ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო!
იხ. ტაეპის განმარტებანი

606

(ა) „მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,
(ბ) ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
(გ) ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,
(დ) ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.

607

(ა) „მამის ძმა და მამაჩემი პაპაჩემმან გაყვნა ოდეს,
(ბ) ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს.
(გ) თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
(დ) მათვე დაჰრჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს.

608

(ა) „დღეს გამოვე ნადირობად, ზღვისა პირსა ვინადირე,
(ბ) ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე;
(გ) სპათა ვუთხარ: „მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!
(დ) ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

609

(ა) „ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
(ბ) არ ამოვკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-?
(გ) დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,
(დ) ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

610

(ა) „მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ხმდა ვითა!
(ბ) გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა,
(გ) თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,
(დ) ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.

611

(ა) „მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,
(ბ) ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
(გ) ზღვასა შევე, მომეგება მეომარი, ვითა ღელვა,
(დ) სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

612

(ა) „კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,
(ბ) იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,
(გ) არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,
(დ) ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი

613

(ა) „მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
(ბ) ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;
(გ) თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
(დ) ვინცა მდევდა, ვერ შემომხდა, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

614

(ა) „აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა,
(ბ) ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!
(გ) ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,
(დ) ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!

615

(ა) ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მომიბრუნდა.
(ბ) მოვახსენე: „აჩქარება შენი ყოლა არად უნდა,
(გ) მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
(დ) ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი

616

(ა) „ესეცა ვუთხარ: „ამბავი ჩემი არ გაგეგონების,
(ბ) უფრო-რე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების
(გ) მან მითხრა: „ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!
(დ) დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების“.

617

(ა) „მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
(ბ) გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
(გ) პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
(დ) ეხვეოდიან, ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.

618

(ა) „კვლა მოვეწონე, ვეკეთე მე მისი გარდნაკიდარი;
(ბ) შემასხმიდიან ქებასა: „მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!
(გ) მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,
(დ) ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი“.


თავი ოცდამეექვსე თავი ოცდამერვე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9