ყვითელ ფერდაკრული, სახეგაყვითლებული
- 27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
- 597
- (ა) „ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი,
- (ბ) ჰგვანდა, ქალაქს ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
- (გ) არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
- (დ) მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
- 598
- (ა) „ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური,
- (ბ)მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური;
- (გ) ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,
- (დ) ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.
- 599
- (ა) „ზახილი მესმა, შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,
- (ბ) შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა,
- (გ) ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
- (დ) მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.
- 600
- (ა) „ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,
- (ბ) მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;
- (გ) მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი,
- (დ) შევსთვალე: „დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?“
- 601
- (ა)
- „მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;
- (ბ) ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
- (გ) ვუთხარ: „დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!“
- (დ) შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.
- 602
- (ა) „გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: „შენ ასეთნი ხენი ვით ჰხენ!“
- (ბ) მერმე მითხრა: „მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
- (გ) იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
- (დ) უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 603
- (ა) „მე ვუთხარ: „დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
- (ბ) არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა“.
- (გ) თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
- (დ) მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.
- 604
- (ა) „ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,
- (ბ) ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.
- (გ) მერმე ვჰკითხე: „ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?“
- (დ) საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.
- 605
- (ა) „პირველ მითხრა: „არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო?
- (ბ) ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?
- (გ) რამან შექმნა მოყვითანედ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?
- (დ) ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 606
- (ა) „მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,
- (ბ) ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
- (გ) ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,
- (დ) ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.
- 607
- (ა) „მამის ძმა და მამაჩემი პაპაჩემმან გაყვნა ოდეს,
- (ბ) ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს.
- (გ) თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
- (დ) მათვე დაჰრჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს.
- 608
- (ა) „დღეს გამოვე ნადირობად, ზღვისა პირსა ვინადირე,
- (ბ) ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე;
- (გ) სპათა ვუთხარ: „მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!“
- (დ) ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.
- 609
- (ა) „ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
- (ბ) არ ამოვკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-?
- (გ) დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,
- (დ) ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 610
- (ა) „მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ხმდა ვითა!
- (ბ) გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა,
- (გ) თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,
- (დ) ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.
- 611
- (ა) „მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,
- (ბ) ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
- (გ) ზღვასა შევე, მომეგება მეომარი, ვითა ღელვა,
- (დ) სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
- 612
- (ა) „კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,
- (ბ) იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,
- (გ) არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,
- (დ) ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 613
- (ა) „მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
- (ბ) ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;
- (გ) თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
- (დ) ვინცა მდევდა, ვერ შემომხდა, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.
- 614
- (ა) „აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა,
- (ბ) ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!
- (გ) ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,
- (დ) ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!“
- 615
- (ა) ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მომიბრუნდა.
- (ბ) მოვახსენე: „აჩქარება შენი ყოლა არად უნდა,
- (გ) მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
- (დ) ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 616
- (ა) „ესეცა ვუთხარ: „ამბავი ჩემი არ გაგეგონების,
- (ბ) უფრო-რე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების“
- (გ) მან მითხრა: „ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!
- (დ) დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების“.
- 617
- (ა) „მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
- (ბ) გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
- (გ) პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
- (დ) ეხვეოდიან, ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.
- 618
- (ა) „კვლა მოვეწონე, ვეკეთე მე მისი გარდნაკიდარი;
- (ბ) შემასხმიდიან ქებასა: „მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!“
- (გ) მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,
- (დ) ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი“.
- თავი ოცდამეექვსე თავი ოცდამერვე