მატყუარის, ტყუილად მკვეხარის
- 30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
- 677
- (ა) იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა!
- (ბ) პირსა იხოჭს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა;
- (გ) სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
- (დ) მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 678
- (ა) მუნ მივიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
- (ბ) ნახეს, იცნეს, რაგვარაცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.
- (გ) შერმადინსა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
- (დ) „მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინნი გაგვემწარნეს!“
- 679
- (ა) გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,
- (ბ) აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა.
- (გ) ესე თქვა, თუ: „ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა?
- (დ) მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!“
- 680
- (ა) ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა,
- (ბ) უბრძანა, თუ: „ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა!“
- (გ) დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირს-ა,
- (დ) ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.
- 681
- (ა) „მოვიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული,
- (ბ) მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
- (გ) მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.
- (დ) ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.
- 682
- (ა) შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,
- (ბ) ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.
- (გ) ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული:
- (დ) „უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული“.
- 683
- (ა) მან ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
- (ბ) „შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!“
- (გ) მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა,
- (დ) ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.
- 684
- (ა) არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა კვლა ქმნად ხალვათისა;
- (ბ) შერმადინ მახარობელი მივა მისლვისა მათისა.
- (გ) ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
- (დ) მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.
- 685
- (ა) შესთვალა: „მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
- (ბ) ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:
- (გ) მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით,
- (დ) აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 686
- (ა) როსტევან — მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!
- (ბ) შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
- (გ) „ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი“.
- (დ) ბრძანა: „ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი“.
- 687
- (ა) თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:
- (ბ) „ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა“.
- (გ) იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,
- (დ) მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 688
- (ა) მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;
- (ბ) ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
- (გ) მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,
- (დ) დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 689
- (ა) რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა;
- (ბ) აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
- (გ) გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა,
- (დ) მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.
- 690
- (ა) მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა.
- (ბ) მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
- (გ) პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა.
- (დ) სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!
- 691
- (ა) მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
- (ბ) ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.
- (გ) მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა - თოვა, ვარდსა - ნამა,
- (დ) უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.
- 692
- (ა) სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა,
- (ბ) დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა,
- (გ) მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,
- (დ) მერმე, მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.
- 693
- (ა) „მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
- (ბ) მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,
- (გ) ვინ უნახავ-ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
- (დ) ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის-ა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 694
- (ა) რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
- (ბ) ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან;
- (გ) ავთანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინა, მან,
- (დ) წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:
- 695
- (ა) ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები,
- (ბ) საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები,
- (გ) ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,
- (დ) აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები“.
- 696
- (ა) რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,
- (ბ) ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,
- (გ) ეამა ქება ვადისა, ხელით მძლედ დანამჭირისა,
- (დ) „ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 697
- (ა) გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა,
- (ბ) მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,
- (გ) კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
- (დ) მისლვა ებრძანა, ეამა, თქმა არ ეგების ენითა!
- 698
- (ა) ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,
- (ბ) ლომი მინდორს ლომთა თანა მოარული, ფერ-ნამკრთალი,
- (გ) ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი,
- (დ) მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.
- 699
- (ა) მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ-ნადევრი,
- (ბ) წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი,
- (გ) ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი;
- (დ) მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 700
- (ა) ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა,
- (ბ) სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა,
- (გ) უბნობენ ლაღნი, წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა,
- (დ) უთხრა: „ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?“
- 701
- (ა) ჰკადრა: „რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,
- (ბ) ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა!
- (გ) ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,
- (დ) მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 702
- (ა) „მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მი-, ნები“.
- (ბ) იტყვის: „დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები!“
- (გ) მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები“.
- (დ) მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 703
- (ა) სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა,
- (ბ) მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
- (გ) „საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა,
- (დ) ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 704
- (ა) „ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან რა გაგეგონების!
- (ბ) მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
- (გ) თვალი მჭვრეტელი, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების,
- (დ) ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 705
- (ა) წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, - რა ნახულად, რა ნასმენად:
- (ბ) „ვითა ვეფხსა, წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;,
- (გ) ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად.
- (დ) ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 706
- (ა) ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,
- (ბ) განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;
- (გ) იტყვის: „რა ვუთხრა პასუხი მის სათნებლისა თნებისა?
- (დ) რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 707
- (ა) ყმა ეტყვის: „ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?
- (ბ) მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა;
- (გ) დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა,
- (დ) მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 708
- (ა) „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
- (ბ) გული მისცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად,
- (გ) კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად;
- (დ) აჰა, მაქვსცა უმისოსა ლხინი არმად, თავი - ფლიდად!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 709
- (ა) მზე ეტყვის: „მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
- (ბ) პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,
- (გ) მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,
- (დ) ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 710
- (ა) „საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
- (ბ) ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
- (გ) აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინი უხვდების.
- (დ) რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?
- 711
- (ა) „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
- (ბ) ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
- (გ) ძებნა წამლისა მისისა, ცნობა ხამს მართ უიცისა,
- (დ) ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?
- 712
- (ა) ყმამან ჰკადრა: „სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,
- (ბ) ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,
- (გ) ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა!
- (დ) თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!
- 713
- (ა) „ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადათ, გლახ, დამწვავს სამ ალი!
- (ბ) გული ძეს საგნად ისრისა, მესრვის საკრავად სამალი;
- (გ) დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
- (დ) მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 714
- (ა) „მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე;
- (ბ) ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე!
- (გ) მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,
- (დ) სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!“
- 715
- (ა) ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,
- (ბ) მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
- (გ) ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი.
- (დ) ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!
- 716
- (ა) რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
- (ბ) ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
- (გ) მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!
- (დ) ვა მოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!
- 717
- (ა) მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა,
- (ბ) ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა,
- (გ) მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა,
- (დ) იტყვის: „ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!“
- 718
- (ა) ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,
- (ბ) რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
- (გ) რა ღრუბელი მიეფაროს, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,
- (დ) მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.
- 719
- (ა) სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
- (ბ) იტყვის: „მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად!
- (გ) მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!
- (დ) ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 720
- (ა) ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,
- (ბ) დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,
- (გ) დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია,
- (დ) აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!“
- 721
- (ა) ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს,
- (ბ) გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით მიხრის ტანსა, მიაწარებს.
- (გ) საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს;
- (დ) ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!
- 722
- (ა) ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,
- (ბ) მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;
- (გ) ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების;
- (დ) ხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!
- 723
- (ა) „გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
- (ბ) გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
- (გ) გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი!
- (დ) ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 724
- (ა) რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი,
- (ბ) მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,
- (გ) მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი,
- (დ) პირსა დაიდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 725
- (ა) რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.
- (ბ) ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.
- (გ) ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
- (დ) მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.
- 726
- (ა) მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!
- (ბ) ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,
- (გ) მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდ-ა;
- (დ) მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 727
- (ა) ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი, მინდორს რულნი,
- (ბ) შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი,
- (გ) დაჯდა, დაჰხვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,
- (დ) ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!
- 728
- (ა) ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა,
- (ბ) ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა.
- (გ) ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა,
- (დ) უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 729
- (ა) ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰპირდა?!
- (ბ) მართალ-ა თუ საუბარსა აძვირებდა, ძვირად ღირდა.
- (გ) სმა გარდახდა, გაიყარნეს, ყმა წავიდა, მი-ცა-სჭირდა,
- (დ) ვერღა გასძლო, გული მისი აუჩუქდა, აუტირდა.
- 730
- (ა) ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა,
- (ბ) მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა,
- (გ) ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაჯდის, ხელსა რადმცა დაეძინა!
- (დ) რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 731
- (ა) წევს, იტყვის: „გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?
- (ბ) მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,
- (გ) შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
- (დ) ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!“
- 732
- (ა) ამას მოსთქმიდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა,
- (ბ) კვლა გულსა ეტყვის: „დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა!
- (გ) არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
- (დ) თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა!“
- 733
- (ა) კვლა იტყვის: „გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება,
- (ბ) სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,
- (გ) მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,
- (დ) ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!
- თავი ოცდამეცხრე თავი ოცდამეთერთმეტე