1 2 3 4 5 6 7 8 9

ა- აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ ახ აჯ აჰ
აწ აწ აწა აწბ აწე აწვ აწი აწმ აწო აწყ აწც

აწმცა ვით ითქმოდა

ახლა როგორ ვიტყოდით? როგორ შეგვეძლო ამის თქმა?
 
30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

677

(ა) იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა!
(ბ) პირსა იხოჭს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა;
(გ) სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
(დ) მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

678

(ა) მუნ მივიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
(ბ) ნახეს, იცნეს, რაგვარაცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.
(გ) შერმადინსა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
(დ) „მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინნი გაგვემწარნეს!“

679

(ა) გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,
(ბ) აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა.
(გ) ესე თქვა, თუ: „ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა?
(დ) მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!“

680

(ა) ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა,
(ბ) უბრძანა, თუ: „ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა!
(გ) დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირს-ა,
(დ) ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

681

(ა) „მოვიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული,
(ბ) მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
(გ) მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.
(დ) ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.

682

(ა) შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,
(ბ) ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.
(გ) ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული:
(დ) „უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული“.

683

(ა) მან ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
(ბ) „შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!“
(გ) მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა,
(დ) ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

684

(ა) არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა კვლა ქმნად ხალვათისა;
(ბ) შერმადინ მახარობელი მივა მისლვისა მათისა.
(გ) ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
(დ) მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

685

(ა) შესთვალა: „მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
(ბ) ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:
(გ) მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით,
(დ) აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

იხ. ტაეპის განმარტებანი

686

(ა) როსტევან — მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!
(ბ) შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
(გ) „ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი“.
(დ) ბრძანა: „ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი“.

687

(ა) თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:
(ბ) „ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა“.
(გ) იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,
(დ) მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

688

(ა) მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;
(ბ) ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
(გ) მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,
(დ) დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

689

(ა) რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა;
(ბ) აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
(გ) გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა,
(დ) მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

690

(ა) მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა.
(ბ) მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
(გ) პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა.
(დ) სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

691

(ა) მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
(ბ) ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.
(გ) მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა - თოვა, ვარდსა - ნამა,
(დ) უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

692

(ა) სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა,
(ბ) დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა,
(გ) მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,
(დ) მერმე, მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.

693

(ა) „მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
(ბ) მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,
(გ) ვინ უნახავ-ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
(დ) ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის-ა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

694

(ა) რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
(ბ) ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან;
(გ) ავთანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინა, მან,
(დ) წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:

695

(ა) ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები,
(ბ) საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები,
(გ) ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,
(დ) აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები“.

696

(ა) რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,
(ბ) ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,
(გ) ეამა ქება ვადისა, ხელით მძლედ დანამჭირისა,
(დ) „ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

697

(ა) გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა,
(ბ) მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,
(გ) კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
(დ) მისლვა ებრძანა, ეამა, თქმა არ ეგების ენითა!

698

(ა) ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,
(ბ) ლომი მინდორს ლომთა თანა მოარული, ფერ-ნამკრთალი,
(გ) ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი,
(დ) მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

699

(ა) მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ-ნადევრი,
(ბ) წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი,
(გ) ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი;
(დ) მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!

იხ. ტაეპის განმარტებანი

700

(ა) ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა,
(ბ) სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა,
(გ) უბნობენ ლაღნი, წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა,
(დ) უთხრა: „ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?“

701

(ა) ჰკადრა: „რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,
(ბ) ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა!
(გ) ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,
(დ) მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

702

(ა) „მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მი-, ნები“.
(ბ) იტყვის: „დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები!“
(გ) მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები“.
(დ) მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

იხ. ტაეპის განმარტებანი

703

(ა) სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა,
(ბ) მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
(გ) „საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა,
(დ) ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

704

(ა) „ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან რა გაგეგონების!
(ბ) მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
(გ) თვალი მჭვრეტელი, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების,
(დ) ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

705

(ა) წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, - რა ნახულად, რა ნასმენად:
(ბ) „ვითა ვეფხსა, წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;,
(გ) ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად.
(დ) ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

706

(ა) ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,
(ბ) განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;
(გ) იტყვის: „რა ვუთხრა პასუხი მის სათნებლისა თნებისა?
(დ) რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?“

იხ. ტაეპის განმარტებანი

707

(ა) ყმა ეტყვის: „ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?
(ბ) მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა;
(გ) დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა,
(დ) მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

708

(ა) „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
(ბ) გული მისცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად,
(გ) კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად;
(დ) აჰა, მაქვსცა უმისოსა ლხინი არმად, თავი - ფლიდად!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

709

(ა) მზე ეტყვის: „მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
(ბ) პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,
(გ) მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,
(დ) ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

710

(ა) „საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
(ბ) ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
(გ) აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინი უხვდების.
(დ) რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

711

(ა) „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
(ბ) ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
(გ) ძებნა წამლისა მისისა, ცნობა ხამს მართ უიცისა,
(დ) ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?

712

(ა) ყმამან ჰკადრა: „სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,
(ბ) ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,
(გ) ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა!
(დ) თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

713

(ა) „ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადათ, გლახ, დამწვავს სამ ალი!
(ბ) გული ძეს საგნად ისრისა, მესრვის საკრავად სამალი;
(გ) დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
(დ) მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

იხ. ტაეპის განმარტებანი

714

(ა) „მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე;
(ბ) ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე!
(გ) მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,
(დ) სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!“

715

(ა) ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,
(ბ) მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
(გ) ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი.
(დ) ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

716

(ა) რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
(ბ) ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
(გ) მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!
(დ) ვა მოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!

717

(ა) მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა,
(ბ) ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა,
(გ) მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა,
(დ) იტყვის: „ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!“

718

(ა) ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,
(ბ) რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
(გ) რა ღრუბელი მიეფაროს, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,
(დ) მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

719

(ა) სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
(ბ) იტყვის: „მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად!
(გ) მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!
(დ) ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

720

(ა) ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,
(ბ) დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,
(გ) დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია,
(დ) აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!“

721

(ა) ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს,
(ბ) გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით მიხრის ტანსა, მიაწარებს.
(გ) საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს;
(დ) ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

722

(ა) ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,
(ბ) მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;
(გ) ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების;
(დ) ხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!

723

(ა) „გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
(ბ) გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
(გ) გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი!
(დ) ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

724

(ა) რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი,
(ბ) მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,
(გ) მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი,
(დ) პირსა დაიდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

725

(ა) რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.
(ბ) ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.
(გ) ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
(დ) მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

726

(ა) მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!
(ბ) ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,
(გ) მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდ-ა;
(დ) მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

727

(ა) ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი, მინდორს რულნი,
(ბ) შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი,
(გ) დაჯდა, დაჰხვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,
(დ) ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

728

(ა) ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა,
(ბ) ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა.
(გ) ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა,
(დ) უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

729

(ა) ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰპირდა?!
(ბ) მართალ-ა თუ საუბარსა აძვირებდა, ძვირად ღირდა.
(გ) სმა გარდახდა, გაიყარნეს, ყმა წავიდა, მი-ცა-სჭირდა,
(დ) ვერღა გასძლო, გული მისი აუჩუქდა, აუტირდა.

730

(ა) ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა,
(ბ) მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა,
(გ) ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაჯდის, ხელსა რადმცა დაეძინა!
(დ) რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

731

(ა) წევს, იტყვის: „გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?
(ბ) მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,
(გ) შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
(დ) ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!“

732

(ა) ამას მოსთქმიდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა,
(ბ) კვლა გულსა ეტყვის: „დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა!
(გ) არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
(დ) თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა!“

733

(ა) კვლა იტყვის: „გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება,
(ბ) სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,
(გ) მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,
(დ) ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!


თავი ოცდამეცხრე თავი ოცდამეთერთმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9