ელაპარაკება, ლაპარაკს უწყებს
- 31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
- 734
- (ა) „რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;
- (ბ) იტყვის: ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!“
- (გ) დათმობასა ეაჯების: „გულსა შენ რა მოუგვარე!“
- (დ) ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.
- 735
- (ა) ვაზირმან ცნა, გაეგება: „ჩემსა მზეა ამოსრული,
- (ბ) ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
- (გ) მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული.
- (დ) ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული!
- 736
- (ა) ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან,
- (ბ) ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
- (გ) ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან;
- (დ) თქვეს: „სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან!“
- 737
- (ა) დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს,
- (ბ) მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს,
- (გ) სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს.
- (დ) გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 738
- (ა) რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების,
- (ბ) ეტყვის: „შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;
- (გ) რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების,
- (დ) გაიგონე ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების!
- 739
- (ა) „მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა;
- (ბ) მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა;
- (გ) მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა;
- (დ) ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 740
- (ა) „მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,
- (ბ) მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება, და-;
- (გ) რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,
- (დ) მერმე, ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებად-ა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 741
- (ა) „ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:
- (ბ) „კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;
- (გ) შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა.“
- (დ) ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.
- 742
- (ა) „ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა:
- (ბ) მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
- (გ) ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
- (დ) რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცთა გამტეხელსა!
- 743
- (ა) „რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;
- (ბ) თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრასა;
- (გ) არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა?
- (დ) მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არცა სრასა!
- 744
- (ა) „ჰკადრე: „ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ-მეუზრახემან,
- (ბ) ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან!
- (გ) მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,
- (დ) გული წამსავე წამიღო, — ვერათ ვერ შევინახე, — მან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 745
- (ა) აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების,
- (ბ) გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების?
- (გ) თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების;
- (დ) ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 746
- (ა) წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს;
- (ბ) თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს!
- (გ) მანვე ქმნას და გამიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
- (დ) არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, მტერი თქვენი დაძაბუნდეს!“
- 747
- (ა) კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: „მე სიტყვა შევამცირეო,
- (ბ) წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო;
- (გ) მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო,
- (დ) ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო.“
- 748
- (ა) ვაზირმან უთხრა სიცილით: „ქრთამი შენ გქონდეს შენია!
- (ბ) შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია;
- (გ) მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია,
- (დ) ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია!
- 749
- (ა) „თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს!
- (ბ) შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს;
- (გ) მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!
- (დ) არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.
- 750
- (ა) გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?
- (ბ) ამიკლებს და ანუ მომკლავს: „ეგე სიტყვა ვითა სთქვიო!
- (გ) რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!“
- (დ) სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.
- 751
- (ა) „თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ!
- (ბ) რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ?
- (გ) შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.
- (დ) ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 752
- (ა) ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: „ხამს, თუ დანა გულსა ვიცი!
- (ბ) ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თუ-რ იცი,
- (გ) ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი;
- (დ) თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!
- 753
- (ა) „მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!
- (ბ) აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს;
- (გ) ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;
- (დ) ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
- 754
- (ა) „მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!
- (ბ) აწ, ვითამცა უცნობოსა, გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.
- (გ) სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
- (დ) ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმცა გარდუხდიან?!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 755
- (ა) „აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?
- (ბ) რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს;
- (გ) ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს,
- (დ) მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 756
- (ა) „არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად;
- (ბ) ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.
- (გ) ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად;
- (დ) თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 757
- (ა) ვაზირმან თქვა: „შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,
- (ბ) ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;
- (გ) ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
- (დ) ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზემცა თქვენ მოგხვდების!“
- 758
- (ა) რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა.
- (ბ) მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა.
- (გ) შეუშინდა, საწყინარსა მოხსენებად ვერ შეჰმართა,
- (დ) დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.
- 759
- (ა) მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული,
- (ბ) უბრძანა: „რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?“
- (გ) მან ჰკადრა: „არა არ ვიცი, მით ვარ თავისა ვებული,
- (დ) მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.
- 760
- (ა) „ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს;
- (ბ) მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არ დაჰრიდობს.
- (გ) აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს,
- (დ) უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს“.
- 761
- (ა) რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა,
- (ბ) კვლა მოახსენა: „რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,
- (გ) თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
- (დ) მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა“.
- 762
- (ა) რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,
- (ბ) ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა;
- (გ) შეუზახნა: „რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
- (დ) ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!
- 763
- (ა) „ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.
- (ბ) მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად!
- (გ) შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისა ჩემად კადრად!
- (დ) აგრე შმაგი არ ვაზირად, არა ვარგხარ არცა სხვად რად!
- 764
- (ა) „ხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰხედნეს,
- (ბ) ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?!
- (გ) მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
- (დ) შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!“
- 765
- (ა) კვლა უბრძანა: „თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,
- (ბ) თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!
- (გ) წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!
- (დ) შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”
- 766
- (ა) დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;
- (ბ) დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა:
- (გ) „ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!“
- (დ) ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 767
- (ა) ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს,
- (ბ) გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
- (გ) შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს.
- (დ) მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
- 768
- (ა) თქვა: „ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
- (ბ) რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ, ვინღა გამითენოს!
- (გ) ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს,
- (დ) ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!“
- 769
- (ა) ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;
- (ბ) ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა:
- (გ) „მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა!
- (დ) ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა!“
- 770
- (ა) ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს:
- (ბ) - მიკვირს, რად სცალს წყლიანობად,რად არ გულსა შეიურვებს! —
- (გ) „ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს,
- (დ) თქმულა: „ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს“.
- 771
- (ა) „ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა:
- (ბ) რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა!
- (გ) მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;
- (დ) ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.
- 772
- (ა) „მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია;
- (ბ) ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია;
- (გ) განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია!
- (დ) შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია.“
- 773
- (ა) ყმამან უთხრა: „შენთვის წყრომა მეცა განა დამიმძიმდა!
- (ბ) მაგრა ქრთამი რადღა გმართებს?“ გაიცინნა, გა-ცა-ღიმდა;
- (გ) „შენ ადიმი გაგიმეშდა, არ თუ მეში გიადიმდა.
- (დ) რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინმცა გააქიმდა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 774
- (ა) მოახსენა კვლა ვაზირმან: „მე რა გინდა წამეკიდოს,
- (ბ) მოიწყრომებს, შე-ცა-მინდობს, ნუთუ გული გაიწმიდოს!
- (გ) შენ რასა იქმ, ესე მითხარ, ჩემი ჭმუნვა არ იდიდოს!
- (დ) ხამსცა, კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს?“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 775
- (ა) ყმამან უთხრა: „აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს.
- (ბ) იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
- (გ) ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,
- (დ) ვერ უპოვოს, რა ქმნას ანუ გული რათა დაიწყნაროს!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 776
- (ა) „უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა,
- (ბ) მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა;
- (გ) ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
- (დ) სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 777
- (ა) „მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების,
- (ბ) ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;
- (გ) არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების,
- (დ) მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 778
- (ა) მოიუბნეს, ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი,
- (ბ) უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი,
- (გ) მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი.
- (დ) გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.
- 779
- (ა) შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან,
- (ბ) სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,
- (გ) სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან მიუმხვდარომან.
- (დ) კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.
- 780
- (ა) შესთვალა, თუ: „რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო,
- (ბ) ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო?
- (გ) თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო,
- (დ) სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 781
- (ა) მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი!
- (ბ) კაცი იყო საქმისამცა შესაფერი, შესატყვისი!
- (გ) ასრე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი.
- (დ) ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ოცდამეათე თავი ოცდამეთორმეტე