1 2 3 4 5 6 7 8 9

თა თე თვ თი თმ თნ თრ თუ თქ თხ
თუ თუ თუ- თუმ თურ თუღ თუც

თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი

ახლა მისგან (ავთანდილისგან) მოგზავნილი რომ არ ყოფილიყავი
 
31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი


734

(ა) „რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;
(ბ) იტყვის: ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!“
(გ) დათმობასა ეაჯების: „გულსა შენ რა მოუგვარე!“
(დ) ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

735

(ა) ვაზირმან ცნა, გაეგება: „ჩემსა მზეა ამოსრული,
(ბ) ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
(გ) მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული.
(დ) ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული!

736

(ა) ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან,
(ბ) ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
(გ) ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან;
(დ) თქვეს: „სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან!“

737

(ა) დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს,
(ბ) მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს,
(გ) სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს.
(დ) გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

იხ. ტაეპის განმარტებანი

738

(ა) რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების,
(ბ) ეტყვის: „შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;
(გ) რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების,
(დ) გაიგონე ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების!

739

(ა) „მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა;
(ბ) მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა;
(გ) მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა;
(დ) ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

740

(ა) „მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,
(ბ) მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება, და-;
(გ) რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,
(დ) მერმე, ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებად-ა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

741

(ა) „ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:
(ბ) „კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;
(გ) შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა.“
(დ) ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

742

(ა) „ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა:
(ბ) მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
(გ) ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
(დ) რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცთა გამტეხელსა!

743

(ა) „რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;
(ბ) თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრასა;
(გ) არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა?
(დ) მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არცა სრასა!

744

(ა) „ჰკადრე: „ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ-მეუზრახემან,
(ბ) ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან!
(გ) მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,
(დ) გული წამსავე წამიღო, — ვერათ ვერ შევინახე, — მან.

იხ. ტაეპის განმარტებანი

745

(ა) აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების,
(ბ) გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების?
(გ) თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების;
(დ) ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების!

იხ. ტაეპის განმარტებანი

746

(ა) წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს;
(ბ) თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს!
(გ) მანვე ქმნას და გამიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
(დ) არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, მტერი თქვენი დაძაბუნდეს!“

747

(ა) კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: „მე სიტყვა შევამცირეო,
(ბ) წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო;
(გ) მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო,
(დ) ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო.“

748

(ა) ვაზირმან უთხრა სიცილით: „ქრთამი შენ გქონდეს შენია!
(ბ) შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია;
(გ) მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია,
(დ) ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია!

749

(ა) „თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს!
(ბ) შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე, გლახ, მიწა მესამაროს;
(გ) მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!
(დ) არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

750

(ა) გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?
(ბ) ამიკლებს და ანუ მომკლავს: „ეგე სიტყვა ვითა სთქვიო!
(გ) რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!“
(დ) სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

751

(ა) „თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ!
(ბ) რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ?
(გ) შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.
(დ) ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

752

(ა) ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: „ხამს, თუ დანა გულსა ვიცი!
(ბ) ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თუ-რ იცი,
(გ) ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი;
(დ) თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

753

(ა) „მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!
(ბ) აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს;
(გ) ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;
(დ) ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

754

(ა) „მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!
(ბ) აწ, ვითამცა უცნობოსა, გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.
(გ) სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
(დ) ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმცა გარდუხდიან?!

იხ. ტაეპის განმარტებანი

755

(ა) „აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?
(ბ) რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს;
(გ) ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს,
(დ) მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს!

იხ. ტაეპის განმარტებანი

756

(ა) „არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად;
(ბ) ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.
(გ) ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად;
(დ) თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”

იხ. ტაეპის განმარტებანი

757

(ა) ვაზირმან თქვა: „შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,
(ბ) ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;
(გ) ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
(დ) ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზემცა თქვენ მოგხვდების!

758

(ა) რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა.
(ბ) მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა.
(გ) შეუშინდა, საწყინარსა მოხსენებად ვერ შეჰმართა,
(დ) დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

759

(ა) მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული,
(ბ) უბრძანა: „რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?“
(გ) მან ჰკადრა: „არა არ ვიცი, მით ვარ თავისა ვებული,
(დ) მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

760

(ა) „ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს;
(ბ) მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არ დაჰრიდობს.
(გ) აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს,
(დ) უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს“.

761

(ა) რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა,
(ბ) კვლა მოახსენა: „რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,
(გ) თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
(დ) მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა“.

762

(ა) რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,
(ბ) ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა;
(გ) შეუზახნა: „რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
(დ) ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

763

(ა) „ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.
(ბ) მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად!
(გ) შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისა ჩემად კადრად!
(დ) აგრე შმაგი არ ვაზირად, არა ვარგხარ არცა სხვად რად!

764

(ა) „ხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰხედნეს,
(ბ) ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?!
(გ) მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
(დ) შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!“

765

(ა) კვლა უბრძანა: „თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,
(ბ) თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!
(გ) წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!
(დ) შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

766

(ა) დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;
(ბ) დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა:
(გ) „ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!“
(დ) ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

767

(ა) ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს,
(ბ) გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
(გ) შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს.
(დ) მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

768

(ა) თქვა: „ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
(ბ) რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ, ვინღა გამითენოს!
(გ) ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს,
(დ) ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!“

769

(ა) ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;
(ბ) ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა:
(გ) „მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა!
(დ) ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა!“

770

(ა) ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს:
(ბ) - მიკვირს, რად სცალს წყლიანობად,რად არ გულსა შეიურვებს!
(გ) „ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს,
(დ) თქმულა: „ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს“.

771

(ა) „ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა:
(ბ) რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა!
(გ) მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;
(დ) ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

772

(ა) „მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია;
(ბ) ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია;
(გ) განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია!
(დ) შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია.“

773

(ა) ყმამან უთხრა: „შენთვის წყრომა მეცა განა დამიმძიმდა!
(ბ) მაგრა ქრთამი რადღა გმართებს?“ გაიცინნა, გა-ცა-ღიმდა;
(გ) „შენ ადიმი გაგიმეშდა, არ თუ მეში გიადიმდა.
(დ) რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინმცა გააქიმდა!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

774

(ა) მოახსენა კვლა ვაზირმან: „მე რა გინდა წამეკიდოს,
(ბ) მოიწყრომებს, შე-ცა-მინდობს, ნუთუ გული გაიწმიდოს!
(გ) შენ რასა იქმ, ესე მითხარ, ჩემი ჭმუნვა არ იდიდოს!
(დ) ხამსცა, კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს?“

იხ. ტაეპის განმარტებანი

775

(ა) ყმამან უთხრა: „აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს.
(ბ) იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
(გ) ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,
(დ) ვერ უპოვოს, რა ქმნას ანუ გული რათა დაიწყნაროს!

იხ. ტაეპის განმარტებანი

776

(ა) „უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა,
(ბ) მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა;
(გ) ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
(დ) სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

777

(ა) „მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების,
(ბ) ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;
(გ) არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების,
(დ) მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

778

(ა) მოიუბნეს, ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი,
(ბ) უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი,
(გ) მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი.
(დ) გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

779

(ა) შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან,
(ბ) სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,
(გ) სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან მიუმხვდარომან.
(დ) კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

780

(ა) შესთვალა, თუ: „რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო,
(ბ) ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო?
(გ) თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო,
(დ) სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

781

(ა) მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი!
(ბ) კაცი იყო საქმისამცა შესაფერი, შესატყვისი!
(გ) ასრე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი.
(დ) ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი ოცდამეათე თავი ოცდამეთორმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9