1 2 3 4 5 6 7 8 9

წა წბ წე წვ წთ წი წმ წრ წუ წყ
წა წა- წაა წაგ წად წაე წავ წაი წაკ წამ წან წაო წარ წას წაუ წაღ წაწ წახ წაჰ

წასდის

სდის
 
29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

628

(ა) „დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
(ბ) ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავჰხედით;
(გ) ფრიდონ მითხრა: „გითხრობ რასმე, — ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, —
(დ) ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით“.

629

(ა) „მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
(ბ) „დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა.
(გ) ზღვათა შიგან იხვსა ჰგავდა, ხმელთა ზედა — შავარდენსა;
(დ) აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

630

(ა) „ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;
(ბ) ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორს-ა.
(გ) ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა;
(დ) ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

631

(ა) „ვთქვი: „რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია ანუ მხეცი?“
(ბ) ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი;
(გ) წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი,
(დ) მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი!

632

(ა) „ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.
(ბ) ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
(გ) მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
(დ) მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი.

633

(ა) „სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
(ბ) იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
(გ) დავაპირე შეტევება, ვთქვი: „წავიდე მათკე მე, წა-,
(დ) ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

634

(ა) „ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა,
(ბ) ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
(გ) ზღვის პირსა მივდეგ, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
(დ) გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა“.

635

(ა) „ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,
(ბ) ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,
(გ) ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე,
(დ) ვუთხარ: „მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

636

(ა) „ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოვა,
(ბ) მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
(გ) ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა,
(დ) თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.

637

(ა) „ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!“
(ბ) მოვახსენე: „ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად!
(გ) იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად;
(დ) აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”.

638

(ა) „ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული;
(ბ) მან მითხრა, თუ: „რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული!
(გ) შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული,
(დ) სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული“.

639

(ა) „კვლაცა მითხრა: „ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
(ბ) მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
(გ) იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
(დ) ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

640

(ა) „წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა;
(ბ) ფრიდონს ვუთხარ: „ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა;
(გ) ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა,
(დ) მაშა, რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?

იხ. ტაეპის განმარტებანი

641

(ა) „არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
(ბ) ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
(გ) რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
(დ) თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოვნელი წამისად“.

642

(ა) „მან მითხრა: „ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
(ბ) მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;
(გ) მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
(დ) ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.

643

(ა) „ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
(ბ) შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
(გ) აქა მოგესმას წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა.
(დ) ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდასლვა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

644

(ა) „ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,
(ბ) მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
(გ) მუნამდისცა მოიჭირვე, — გონებამან არ დაგლია.
(დ) ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

645

(ა) „კაცნი იხმნამასვე წამსა, ესე საქმე დავიურვეთ,
(ბ) უბრძანა, თუ: „ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
(გ) მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
(დ) თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ ანუ ურვეთ!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

646

(ა) „აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს;
(ბ) უბრძანა: „ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს!“
(გ) მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს,
(დ) უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

იხ. ტაეპის განმარტებანი

647

(ა) „ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,
(ბ) მითხრა, თუ: „მცთარვარ აქამდის, ვერ მივჰხვდი გასაგონოსა:
(გ) ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!
(დ) ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!“

648

(ა) „რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი,
(ბ) ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშვრობელნი;
(გ) ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი;
(დ) მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.

649

(ა) „მე ფრიდონს ვუთხარ: „ესე დღე ვითა მესაზაროების,
(ბ) ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;
(გ) უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
(დ) დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

650

(ა) „მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,
(ბ) ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!“
(გ) ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მო-ვე-რწყო ველი,
(დ) მითხრა, თუ: „ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!“

651

(ა) „თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;
(ბ) მისთა სპათა მუხლ-მოყრითა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს,
(გ) მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:
(დ) „ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!“

652

(ა) „ეგრე ვუთხარ: „თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების,
(ბ) მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების,
(გ) ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,
(დ) ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების!“

653

(ა) „მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ჩემი ესე ცხენი,
(ბ) მითხრა: „ჰხედავ პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი?
(გ) ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი!
(დ) თვით ამანვე მოგაწონნეს სახედნობა-სიფიცხენი”.

იხ. ტაეპის განმარტებანი

654

(ა) „ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
(ბ) მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.
(გ) სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.
(დ) გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

655

(ა) „ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად, კვლა ვიარე,
(ბ) რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე,
(გ) მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
(დ) გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

656
(ა) „ვთქვი, თუ: „ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა,
(ბ) ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!“
(გ) მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი თუ რვა:
(დ) „ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

657

(ა) „აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
(ბ) ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!“
(გ) რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,
(დ) მითხრეს: „ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

658

(ა) „უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!
(ბ) ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
(გ) თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!“
(დ) თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

659

(ა) ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,
(ბ) მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
(გ) სახლად საყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.
(დ) გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

660

(ა) „ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
(ბ) შემომებნეს, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
(გ) მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
(დ) საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს!

661

(ა) „აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები,
(ბ) ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
(გ) ესე ქალი არ დამაგდებს, — არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, —
(დ) ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

662

(ა) „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
(ბ) ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
(გ) ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
(დ) რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს!

663

(ა) მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
(ბ) მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
(გ) მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;
(დ) სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

664

(ა) პირსა იცა, გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აიხეწა,
(ბ) ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა;
(გ) ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა-;
(დ) მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

665

(ა) ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:
(ბ) „შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან;
(გ) გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან;
(დ) აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან!“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

666

(ა) ავთანდილ უთხრა: „მე შენი გაყრა არ მომეთმინების,
(ბ) თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
(გ) მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,
(დ) შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების!

667

(ა) „რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
(ბ) მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყვებარი;
(გ) მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
(დ) სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

668

(ა) „რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
(ბ) ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;
(გ) კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
(დ) აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

669

(ა) იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
(ბ) მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;
(გ) შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
(დ) ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

იხ. ტაეპის განმარტებანი

670

(ა) „რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,
(ბ) მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო,
(გ) კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,
(დ) ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

671

(ა) მან მიუგო: „უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
(ბ) გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
(გ) რაგვარამცა დაგივიწყე! რაგვარამცა უკუმქარდი!
(დ) ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

672

(ა) „პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
(ბ) გული მინდორს არ გაიჭრეს, არ იირმოს, არცა ითხოს;
(გ) თუ გეტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
(დ) შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

673

(ა) ამაზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი,
(ბ) იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;
(გ) შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,
(დ) მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

674

(ა) ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
(ბ) რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;
(გ) ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა;
(დ) ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

675

(ა) ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,
(ბ) მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,
(გ) ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;
(დ) მან უთხრა: „დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

676

(ა) „ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,
(ბ) ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა;
(გ) აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
(დ) შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა“.

იხ. ტაეპის განმარტებანი


თავი ოცდამერვე თავი ოცდამეათე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9