1 2 3 4 5 6 7 8 9

3 30 31 32 33 34 35 36 37 38 39
3 30 31 32 33 34 35 36 37 38 39

33

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
 
796

(ა) „დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:
(ბ) „ჰე, მეფეო, გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად;
(გ) ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად;
(დ) შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

797

(ა) „ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა.
(ბ) კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
(გ) მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლად თქმულსა:
(დ) „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“

798

(ა) „რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,
(ბ) მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
(გ) არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!
(დ) მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

799

(ა) „წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
(ბ) ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ!
(გ) „სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.
(დ) შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ?!


800

(ა) „ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
(ბ) ვინ არს ძალი უხილავი, შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
(გ) ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად;
(დ) იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

801

(ა) „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების,
(ბ) მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების;
(გ) თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების;
(დ) მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

იხ. ტაეპის განმარტებანი

802

(ა) „რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
(ბ) ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
(გ) აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა;
(დ) სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

803

(ა) „არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
(ბ) არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
(გ) წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა;
(დ) არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

804

(ა) „რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
(ბ) გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
(გ) თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დავლა-მრავლად!
(დ) მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

805

(ა) „მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
(ბ) მეფეო, ნუ, თუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა!
(გ) ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
(დ) პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

806

(ა) „არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
(ბ) ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
(გ) ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
(დ) რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!

807

(ა) „რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
(ბ) შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
(გ) კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
(დ) სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

808

(ა) „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
(ბ) მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
(გ) ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
(დ) სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

809

(ა) „მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად:
(ბ) სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
(გ) მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად;
(დ) თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად!

იხ. ტაეპის განმარტებანი

810

(ა) „თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
(ბ) ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
(გ) ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, —
(დ) მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე, მლმობელმან.

811

(ა) „მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
(ბ) მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
(გ) შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
(დ) მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

812

(ა) „ღმერთსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულ-მხურვალები,
(ბ) დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები,
(გ) კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები,
(დ) მომცეს მკვიდრივე მამული მუნ, ჩემი სასურვალები!

813

(ა) „დამხსნას ბნელსა და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა,
(ბ) მუნ დამიუნჯოს, წამალი სადა ძეს წყლულთა ლხენისა,
(გ) ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა,
(დ) ფრთენი მომესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

814

(ა) „რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად,
(ბ) მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
(გ) ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
(დ) შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

815

(ა) „ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,
(ბ) ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
(გ) არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,
(დ) შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

იხ. ტაეპის განმარტებანი

816

(ა) „გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა;
(ბ) ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა.
(გ) ნუგეშინის-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
(დ) ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

817

(ა) „გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.
(ბ) აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!
(გ) ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
(დ) სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!“

818

(ა) მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,
(ბ) უთხრა: „ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
(გ) შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“.
(დ) მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.



თავი ოცდამეთორმეტე თავი ოცდამეთოთხმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9