ჩემ გულს ამისთვის უნდოდი, შენგან ამას მოელოდა?
- 35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
- 823
- (ა) აწ ამბავი სხვა დავიწყო, - ყმას არ წავჰყვე წამავალსა.
- (ბ) არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
- (გ) რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
- (დ) ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
- 824
- (ა) რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
- (ბ) როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული!
- (გ) მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული,
- (დ) აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.
- 825
- (ა) „თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
- (ბ) მართლად უთქვამს მეცნიერთა: „წყენააო ჭირთა ბადე“;
- (გ) ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,
- (დ) აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე!”
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 826
- (ა) კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი;
- (ბ) რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:
- (გ) „შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!
- (დ) კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”
- 827
- (ა) რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნნა, ვერ პოვნა მინანი,
- (ბ) მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
- (გ) მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
- (დ) ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი“.
- 828
- (ა) რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;
- (ბ) კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
- (გ) როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;
- (დ) თქვა: „უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის!“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 829
- (ა) თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
- (ბ) უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: „მიდი,
- (გ) მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!“
- (დ) რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.
- 830
- (ა) კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ-მხიარულად;
- (ბ) მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?“
- (გ) მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად:
- (დ) „მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!“
- 831
- (ა) რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი,
- (ბ) მოსთქვამს, იტყვის: „ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!“
- (გ) პირსა ხოჭით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი:
- (დ) „სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?
- 832
- (ა) „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
- (ბ) მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!
- (გ) გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, მისთვის ენები?
- (დ) შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 833
- (ა) „ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
- (ბ) ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
- (გ) ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა!
- (დ) აწ უშენოდ რა, გლახ, ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?
- 834
- (ა) „ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები,
- (ბ) შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები.
- (გ) ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები!
- (დ) მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 835
- (ა) ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,
- (ბ) დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
- (გ) იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
- (დ) თქვეს: „ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!“
- 836
- (ა) რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,
- (ბ) უთხრა: „ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
- (გ) რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა!
- (დ) სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?“
- 837
- (ა) ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.
- (ბ) მეფემან ბრძანა: „იკითხეთ,მარტოა ანუ ყმიანად?“
- (გ) მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,
- (დ) ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.
- 838
- (ა) მოახსენა: „საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი,“
- (ბ) დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;
- (გ) „იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.
- (დ) მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!“
- 839
- (ა) რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;
- (ბ) მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
- (გ) ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი,
- (დ) შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმეთმან გზანი!“
- თავი ოცდამეთოთხმეტე თავი ოცდამეთექვსმეტე