1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მო მო მო- მოა მობ მოგ მოდ მოე მოვ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოღ მოყ მოშ მოც მოწ მოჭ მოხ მოჯ მოჰ

მოსთქმიდეს

მოთქვამდნენ
 
35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

823

(ა) აწ ამბავი სხვა დავიწყო, - ყმას არ წავჰყვე წამავალსა.
(ბ) არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
(გ) რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
(დ) ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

824

(ა) რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
(ბ) როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული!
(გ) მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული,
(დ) აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.

825

(ა) „თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
(ბ) მართლად უთქვამს მეცნიერთა: „წყენააო ჭირთა ბადე“;
(გ) ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,
(დ) აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე!”

იხ. ტაეპის განმარტებანი

826

(ა) კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი;
(ბ) რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:
(გ) „შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!
(დ) კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

827

(ა) რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნნა, ვერ პოვნა მინანი,
(ბ) მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
(გ) მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
(დ) ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი“.

828

(ა) რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;
(ბ) კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
(გ) როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;
(დ) თქვა: „უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის!“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

829

(ა) თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
(ბ) უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: „მიდი,
(გ) მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!“
(დ) რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

830

(ა) კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ-მხიარულად;
(ბ) მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?“
(გ) მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად:
(დ) „მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!“

831

(ა) რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი,
(ბ) მოსთქვამს, იტყვის: „ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!“
(გ) პირსა ხოჭით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი:
(დ) „სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

832

(ა) „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
(ბ) მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!
(გ) გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, მისთვის ენები?
(დ) შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

იხ. ტაეპის განმარტებანი

833

(ა) „ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
(ბ) ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
(გ) ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა!
(დ) აწ უშენოდ რა, გლახ, ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

834

(ა) „ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები,
(ბ) შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები.
(გ) ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები!
(დ) მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?“

იხ. ტაეპის განმარტებანი

835

(ა) ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,
(ბ) დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
(გ) იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
(დ) თქვეს: „ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!“

836

(ა) რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,
(ბ) უთხრა: „ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
(გ) რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა!
(დ) სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?

837

(ა) ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.
(ბ) მეფემან ბრძანა: „იკითხეთ,მარტოა ანუ ყმიანად?“
(გ) მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,
(დ) ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

838

(ა) მოახსენა: „საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი,“
(ბ) დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;
(გ) „იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.
(დ) მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!“

839

(ა) რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;
(ბ) მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
(გ) ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი,
(დ) შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმეთმან გზანი!“


თავი ოცდამეთოთხმეტე თავი ოცდამეთექვსმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9