1 2 3 4 5 6 7 8 9

3 30 31 32 33 34 35 36 37 38 39
3 30 31 32 33 34 35 36 37 38 39

36

წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
 
840

(ა) მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
(ბ) რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
(გ) მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს;
(დ) ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

841

(ა) აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
(ბ) მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
(გ) წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
(დ) უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

842

(ა) რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ყვის გაძრვად ენისად,
(ბ) მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
(გ) ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
(დ) რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

843

(ა) თქვა: „ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დაყმუნდეს!
(ბ) რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს;
(გ) თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
(დ) სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

იხ. ტაეპის განმარტებანი

844

(ა) „მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
(ბ) თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა!
(გ) მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა;
(დ) მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!“

845

(ა) იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
(ბ) ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
(გ) ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
(დ) ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

846

(ა) ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
(ბ) შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
(გ) ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
(დ) მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

847

(ა) ამას მოსთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი, დნებოდის,
(ბ) დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის,
(გ) რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
(დ) მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

848

(ა) მთვარესა ეტყვის: „იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
(ბ) შენ ხარ მიმცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
(გ) შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
(დ) მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

849

(ა) ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
(ბ) რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
(გ) მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
(დ) კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.

850

(ა) მარტო მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
(ბ) მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი,
(გ) შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი,
(დ) იტყვის: „დავყარენ ვარდნი და, აჰა,მე, ვაგლახ, იანი!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

851

(ა) აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
(ბ) მიუბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
(გ) ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა.
(დ) ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

852

(ა) რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
(ბ) ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების,
(გ) ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
(დ) კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.

იხ. ტაეპის განმარტებანი

853

(ა) ყმა ქალსა ეტყვის: „პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?“
(ბ) ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა,
(გ) იტყვის: „რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
(დ) აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა“.

854

(ა) ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
(ბ) ქალსა ეტყვის: „აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
(გ) იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!
(დ) ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!

855

(ა) „მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
(ბ) რად დავვიწყდი? რად მივსცილდი? რათ ვერ გასძლო? რა მისჭირდა?
(გ) მან გატეხა ზენარისა რად შეჰმართა, ვით გაპირდა?
(დ) მაგრა ავი ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

856

(ა) კვლა ქალი ეტყვის: „მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა!
(ბ) მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:
(გ) არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?
(დ) იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

857

(ა) „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
(ბ) რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;
(გ) უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
(დ) შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან!

იხ. ტაეპის განმარტებანი

858

(ა) შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
(ბ) მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვით რა გიამბო ცნობილსა?!
(გ) ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა;
(დ) ამას მით ვაზრობ, მინახავს მე, უბედურსა შობილსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

859

(ა) „ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია.
(ბ) არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია!
(გ) დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
(დ) თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია!

იხ. ტაეპის განმარტებანი

860

(ა) „მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა:
(ბ) „მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა“.
(გ) მიბრძანა: „მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
(დ) ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა.

861

(ა) „მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
(ბ) მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები;
(გ) თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები.
(დ) ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები

862

(ა) ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
(ბ) ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა;
(გ) მსჯის გამრავლება, ხელ-ქმნილსა, სულთქმისა ზედა-ზედისა,
(დ) დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

863

(ა) „ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
(ბ) „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
(გ) აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
(დ) თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია“.

864

(ა) ყმამან უთხრა: „უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად!
(ბ) მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
(გ) გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
(დ) მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები, ველთა ვვლი სად.

865

(ა) ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
(ბ) მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
(გ) გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
(დ) ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

866

(ა) „პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
(ბ) მშობლური, ტკბილი,მიწყალე, ცა წყალობისა მთოველი!
(გ) მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი;
(დ) მისი შემცოდე, ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი!

867

(ა) „ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
(ბ) არ ვუტყუვე და მოსრულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა;
(გ) აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა;
(დ) ცუდ-მაშვრალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა!

868

(ა) დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო;
(ბ) არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო!
(გ) წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
(დ) თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!”

869

(ა) ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
(ბ) ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
(გ) ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა;
(დ) „რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.

870

(ა) იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
(ბ) რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
(გ) ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა,
(დ) მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლნი ჩემნი ჩემსა ქედსა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

871

(ა) მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
(ბ) იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
(გ) მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
(დ) სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

872

(ა) კვლა იტყვის: „მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა!
(ბ) რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
(გ) სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
(დ) აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა, ლერწამ-ტანისა“.

873

(ა) ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი,
(ბ) ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
(გ) სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი;
(დ) ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

874

(ა) იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე?
(ბ) რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
(გ) გამკითხველო, გამიკითხე,აჯა ჩემი შეისმინე,
(დ) დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირი ამით გამილხინე!“


თავი ოცდამეთხუთმეტე თავი ოცდამეჩვიდმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9