ამაოდ გარჯილი, უსარგებლოდ დაღლილი
- 36. წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
- 840
- (ა) მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
- (ბ) რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
- (გ) მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს;
- (დ) ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
- 841
- (ა) აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
- (ბ) მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
- (გ) წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
- (დ) უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 842
- (ა) რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ყვის გაძრვად ენისად,
- (ბ) მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
- (გ) ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
- (დ) რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.
- 843
- (ა) თქვა: „ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დაყმუნდეს!
- (ბ) რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს;
- (გ) თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
- (დ) სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 844
- (ა) „მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
- (ბ) თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა!
- (გ) მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა;
- (დ) მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!“
- 845
- (ა) იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
- (ბ) ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
- (გ) ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
- (დ) ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!
- 846
- (ა) ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
- (ბ) შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
- (გ) ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
- (დ) მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 847
- (ა) ამას მოსთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი, დნებოდის,
- (ბ) დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის,
- (გ) რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
- (დ) მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.
- 848
- (ა) მთვარესა ეტყვის: „იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
- (ბ) შენ ხარ მიმცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
- (გ) შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
- (დ) მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 849
- (ა) ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
- (ბ) რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
- (გ) მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
- (დ) კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.
- 850
- (ა) მარტო მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
- (ბ) მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი,
- (გ) შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი,
- (დ) იტყვის: „დავყარენ ვარდნი და, აჰა,მე, ვაგლახ, იანი!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 851
- (ა) აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
- (ბ) მიუბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
- (გ) ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა.
- (დ) ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.
- 852
- (ა) რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
- (ბ) ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების,
- (გ) ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
- (დ) კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 853
- (ა) ყმა ქალსა ეტყვის: „პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?“
- (ბ) ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა,
- (გ) იტყვის: „რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
- (დ) აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა“.
- 854
- (ა) ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
- (ბ) ქალსა ეტყვის: „აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
- (გ) იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!
- (დ) ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!
- 855
- (ა) „მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
- (ბ) რად დავვიწყდი? რად მივსცილდი? რათ ვერ გასძლო? რა მისჭირდა?
- (გ) მან გატეხა ზენარისა რად შეჰმართა, ვით გაპირდა?
- (დ) მაგრა ავი ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 856
- (ა) კვლა ქალი ეტყვის: „მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა!
- (ბ) მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:
- (გ) არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?
- (დ) იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.
- 857
- (ა) „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
- (ბ) რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;
- (გ) უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
- (დ) შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 858
- (ა) შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
- (ბ) მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვით რა გიამბო ცნობილსა?!
- (გ) ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა;
- (დ) ამას მით ვაზრობ, მინახავს მე, უბედურსა შობილსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 859
- (ა) „ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია.
- (ბ) არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია!
- (გ) დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
- (დ) თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 860
- (ა) „მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა:
- (ბ) „მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა“.
- (გ) მიბრძანა: „მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
- (დ) ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა.
- 861
- (ა) „მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
- (ბ) მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები;
- (გ) თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები.
- (დ) ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები“
- 862
- (ა) ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
- (ბ) ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა;
- (გ) მსჯის გამრავლება, ხელ-ქმნილსა, სულთქმისა ზედა-ზედისა,
- (დ) დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 863
- (ა) „ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
- (ბ) „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
- (გ) აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
- (დ) თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია“.
- 864
- (ა) ყმამან უთხრა: „უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად!
- (ბ) მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
- (გ) გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
- (დ) მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები, ველთა ვვლი სად.
- 865
- (ა) ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
- (ბ) მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
- (გ) გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
- (დ) ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.
- 866
- (ა) „პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
- (ბ) მშობლური, ტკბილი,მიწყალე, ცა წყალობისა მთოველი!
- (გ) მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი;
- (დ) მისი შემცოდე, ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი!
- 867
- (ა) „ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
- (ბ) არ ვუტყუვე და მოსრულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა;
- (გ) აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა;
- (დ) ცუდ-მაშვრალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა!
- 868
- (ა) დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო;
- (ბ) არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო!
- (გ) წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
- (დ) თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!”
- 869
- (ა) ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
- (ბ) ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
- (გ) ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა;
- (დ) „რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.
- 870
- (ა) იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
- (ბ) რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
- (გ) ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა,
- (დ) მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლნი ჩემნი ჩემსა ქედსა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 871
- (ა) მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
- (ბ) იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
- (გ) მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
- (დ) სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.
- 872
- (ა) კვლა იტყვის: „მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა!
- (ბ) რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
- (გ) სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
- (დ) აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა, ლერწამ-ტანისა“.
- 873
- (ა) ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი,
- (ბ) ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
- (გ) სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი;
- (დ) ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.
- 874
- (ა) იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე?
- (ბ) რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
- (გ) გამკითხველო, გამიკითხე,აჯა ჩემი შეისმინე,
- (დ) დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირი ამით გამილხინე!“
- თავი ოცდამეთხუთმეტე თავი ოცდამეჩვიდმეტე