შეამსუბუქებდა, უკუყრიდა, გაფანტავდა
- 37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
- 875
- (ა) მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,
- (ბ) ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
- (გ) ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუყრილი;
- (დ) თქვა: „უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი“.
- 876
- (ა) რა შეჰხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
- (ბ) აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
- (გ) ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
- (დ) ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 877
- (ა) რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა!
- (ბ) ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
- (გ) საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
- (დ) მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.
- 878
- (ა) ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული,
- (ბ) კვლა სხვაგნით – ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული;
- (გ) მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
- (დ) მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.
- 879
- (ა) თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
- (ბ) მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.
- (გ) ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,
- (დ) ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!
- 880
- (ა) ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
- (ბ) ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა;
- (გ) ეტყვის: „ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?“
- (დ) მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.
- 881
- (ა) ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
- (ბ) ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.
- (გ) მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
- (დ) ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!
- 882
- (ა) უთხრა: „ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
- (ბ) გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
- (გ) აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
- (დ) მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე“!
- 883
- (ა) ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
- (ბ) ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
- (გ) ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
- (დ) რად სატანას წაუღიხარ? რად მოიკლავ ნებით თავსა?
- 884
- (ა) „თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
- (ბ) ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
- (გ) ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
- (დ) თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 885
- (ა) „ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ:
- (ბ) მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?
- (გ) ვისთვის კვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ.
- (დ) თავსა მრთელსა რად შეიკრავ? წყლულსა ახლად რად იწყლულებ?
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 886
- (ა) „ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
- (ბ) ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
- (გ) მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
- (დ) არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
- 887
- (ა) „ვარდსა ჰკითხეს: „ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
- (ბ) მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად!“
- (გ) მან თქვა: „ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;
- (დ) ოდეს ტურფა გაიეფდეს, არა ღირდეს არცა ჩირად“.
- 888
- (ა) „რათგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო,
- (ბ) მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
- (გ) უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო?
- (დ) რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?
- 889
- (ა) „ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
- (ბ) ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,
- (გ) რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა!
- (დ) ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!“
- 890
- (ა) მან უთხრა: „ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,
- (ბ) ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
- (გ) რად ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა?
- (დ) აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.
- 891
- (ა) „ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:
- (ბ) აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
- (გ) მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლა რამე გავიხარენით!
- (დ) მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 892
- (ა) „საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
- (ბ) მისკე მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს;
- (გ) მივეგებვი, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს.
- (დ) ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!
- 893
- (ა) „მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
- (ბ) სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
- (გ) არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
- (დ) დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.
- 894
- (ა) „რასთვის რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად,
- (ბ) სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;
- (გ) აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,
- (დ) მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 895
- (ა) „ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?
- (ბ) ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა!
- (გ) ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
- (დ) მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა!“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 896
- (ა) კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა,
- (ბ) ეტყვის: „რა მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა?
- (გ) ნუ იქმ, არა სჯობს, საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა!“
- (დ) ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 897
- (ა) მერმე უთხრა: „აჰა, რათგან არ მომისმენ არას არა,
- (ბ) აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;
- (გ) თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა!
- (დ) ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!” – ცრემლი ამდუღარა.
- 898
- (ა) „სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,
- (ბ) მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;
- (გ) ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,
- (დ) შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?
- 899
- (ა) „ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
- (ბ) ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,
- (გ) ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;
- (დ) მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!“
- 900
- (ა) ეხვეწებოდა, „შეჯეო“, აჯას ხვეწნითა არვებდა,
- (ბ) იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა;
- (გ) ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა.
- (დ) დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 901
- (ა) ცხადად უთხრა, „შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა!“
- (ბ) მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
- (გ) მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,
- (დ) ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.
- 902
- (ა) შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
- (ბ) მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,
- (გ) მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
- (დ) მოაშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.
- 903
- (ა) რა შეატყო მოჯობება მან სევდისა მუფარახმან,
- (ბ) – განანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან, –
- (გ) ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან,
- (დ) ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 904
- (ა) შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული:
- (ბ) „ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:
- (გ) ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,
- (დ) რაგვარ გიყვარს? რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული!“.
- 905
- (ა) მან უთხრა: „სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!
- (ბ) ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
- (გ) მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;
- (დ) არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 906
- (ა) ავთანდილ უთხრა: „ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა;
- (ბ) აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა:
- (გ) სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრის არ-ლევასა,
- (დ) ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 907
- (ა) „სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,
- (ბ) უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;
- (გ) აღარად გინდა ასმათი, – ნახე მართალი ბრჭობილი! –
- (დ) პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი,
- 908
- (ა) „თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,
- (ბ) თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა,
- (გ) მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,
- (დ) გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!“
- 909
- (ა) მან უბრძანა: „რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად:
- (ბ) საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
- (გ) მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
- (დ) რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად“.
- 910
- (ა) დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.
- (ბ) ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
- (გ) კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი.
- (დ) გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
- 911
- (ა) ამას ეტყვის: „შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
- (ბ) მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
- (გ) არას გარგებს სწავლულობა, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
- (დ) არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
- 912
- (ა) „არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
- (ბ) არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების?
- (გ) მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების,
- (დ) ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“.
- 913
- (ა) მოახსენა: „ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს,
- (ბ) გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს.
- (გ) მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს?!
- (დ) შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?
- 914
- (ა) „ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
- (ბ) მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
- (გ) რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
- (დ) თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ოცდამეთექვსმეტე თავი ოცდამეთვრამეტე