1 2 3 4 5 6 7 8 9

და დგ დე დი დნ დო დრ დუ დღ
და და და- დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ

დავიღო მერმე სული

მერე გავჩუმდები
 
37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა

875

(ა) მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,
(ბ) ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
(გ) ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუყრილი;
(დ) თქვა: „უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი“.

876

(ა) რა შეჰხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
(ბ) აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
(გ) ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
(დ) ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

877

(ა) რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა!
(ბ) ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
(გ) საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
(დ) მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

878

(ა) ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული,
(ბ) კვლა სხვაგნით – ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული;
(გ) მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
(დ) მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

879

(ა) თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
(ბ) მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.
(გ) ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,
(დ) ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!

880

(ა) ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
(ბ) ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა;
(გ) ეტყვის: „ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?“
(დ) მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

881

(ა) ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
(ბ) ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.
(გ) მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
(დ) ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!

882

(ა) უთხრა: „ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
(ბ) გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
(გ) აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
(დ) მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე“!

883

(ა) ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
(ბ) ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
(გ) ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
(დ) რად სატანას წაუღიხარ? რად მოიკლავ ნებით თავსა?

884

(ა) „თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
(ბ) ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
(გ) ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
(დ) თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

885

(ა) „ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ:
(ბ) მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?
(გ) ვისთვის კვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ.
(დ) თავსა მრთელსა რად შეიკრავ? წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

იხ. ტაეპის განმარტებანი

886

(ა) „ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
(ბ) ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
(გ) მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
(დ) არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

887

(ა) „ვარდსა ჰკითხეს: „ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
(ბ) მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად!“
(გ) მან თქვა: „ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;
(დ) ოდეს ტურფა გაიეფდეს, არა ღირდეს არცა ჩირად“.

888

(ა) „რათგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო,
(ბ) მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
(გ) უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო?
(დ) რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?

889

(ა) „ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
(ბ) ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,
(გ) რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა!
(დ) ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!“

890

(ა) მან უთხრა: „ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,
(ბ) ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
(გ) რად ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა?
(დ) აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

891

(ა) „ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:
(ბ) აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
(გ) მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლა რამე გავიხარენით!
(დ) მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

იხ. ტაეპის განმარტებანი

892

(ა) „საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
(ბ) მისკე მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს;
(გ) მივეგებვი, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს.
(დ) ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!

893

(ა) „მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
(ბ) სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
(გ) არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
(დ) დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.

894

(ა) „რასთვის რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად,
(ბ) სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;
(გ) აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,
(დ) მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

895

(ა) „ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?
(ბ) ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა!
(გ) ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
(დ) მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა!“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

896

(ა) კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა,
(ბ) ეტყვის: „რა მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა?
(გ) ნუ იქმ, არა სჯობს, საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა!“
(დ) ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

897

(ა) მერმე უთხრა: „აჰა, რათგან არ მომისმენ არას არა,
(ბ) აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;
(გ) თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა!
(დ) ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!” – ცრემლი ამდუღარა.

898

(ა) „სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,
(ბ) მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;
(გ) ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,
(დ) შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

899

(ა) „ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
(ბ) ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,
(გ) ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;
(დ) მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!“

900

(ა) ეხვეწებოდა, „შეჯეო“, აჯას ხვეწნითა არვებდა,
(ბ) იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა;
(გ) ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა.
(დ) დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

901

(ა) ცხადად უთხრა, „შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა!“
(ბ) მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
(გ) მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,
(დ) ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

902

(ა) შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
(ბ) მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,
(გ) მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
(დ) მოაშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

903

(ა) რა შეატყო მოჯობება მან სევდისა მუფარახმან,
(ბ) – განანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან, –
(გ) ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან,
(დ) ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

იხ. ტაეპის განმარტებანი

904

(ა) შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული:
(ბ) „ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:
(გ) ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,
(დ) რაგვარ გიყვარს? რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული!“.

905

(ა) მან უთხრა: „სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!
(ბ) ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
(გ) მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;
(დ) არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

იხ. ტაეპის განმარტებანი

906

(ა) ავთანდილ უთხრა: „ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა;
(ბ) აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა:
(გ) სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრის არ-ლევასა,
(დ) ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

907

(ა) „სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,
(ბ) უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;
(გ) აღარად გინდა ასმათი, – ნახე მართალი ბრჭობილი! –
(დ) პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი,

908

(ა) „თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,
(ბ) თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა,
(გ) მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,
(დ) გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!“

909

(ა) მან უბრძანა: „რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად:
(ბ) საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
(გ) მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
(დ) რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად“.

910

(ა) დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.
(ბ) ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
(გ) კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი.
(დ) გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

911

(ა) ამას ეტყვის: „შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
(ბ) მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
(გ) არას გარგებს სწავლულობა, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
(დ) არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

912

(ა) „არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
(ბ) არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების?
(გ) მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების,
(დ) ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“.

913

(ა) მოახსენა: „ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს,
(ბ) გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს.
(გ) მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს?!
(დ) შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

914

(ა) „ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
(ბ) მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
(გ) რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
(დ) თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი ოცდამეთექვსმეტე თავი ოცდამეთვრამეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9