ბედნიერს, გაჭირვების უნახავს გასაჭირს აწვნევს
- 38. მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა
- 915
- (ა) „რა წამეკიდა,ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
- (ბ) მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
- (გ) შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
- (დ) ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
- 916
- (ა) „იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს;
- (ბ) ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთგან შეიყარნეს.
- (გ) ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
- (დ) მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
- 917
- (ა) „ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხი მოვიდეს ორგნით რებულნი.
- (ბ) სახედ ვამსგავსენ მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი.
- (გ) შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი.
- (დ) ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.
- 918
- (ა) „პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
- (ბ) თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
- (გ) გამოჰრიდნა ვეფხმან – გული დედათამცა გამოჰრიდნეს!
- (დ) ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
- 919
- (ა) „ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: „არა ხარ ცნობასა,
- (ბ) შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!“
- (გ) ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა,
- (დ) თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.
- 920
- (ა) „ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა,
- (ბ) მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა,
- (გ) მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა,
- (დ) ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
- 921
- (ა) „რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერათ დავამშვიდე,
- (ბ) გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე,
- (გ) მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
- (დ) სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!
- 922
- (ა) „აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
- (ბ) სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!
- (გ) სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა “.
- (დ) ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.
- 923
- (ა) ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა,
- (ბ) უთხრა: „დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-!
- (გ) ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
- (დ) თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთგან არ შეგყრიდა.
- 924
- (ა) „სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
- (ბ) მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
- (გ) მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
- (დ) გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს“.
- თავი ოცდამეჩვიდმეტე თავი ოცდამეცხრამეტე