1 2 3 4 5 6 7 8 9

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნა ნაა ნაგ ნად ნავ ნაზ ნათ ნაკ ნამ ნან ნაო ნაპ ნარ ნას ნატ ნაუ ნაფ ნაქ ნაღ ნაც ნაძ ნაწ ნაჭ ნახ

ნაგზები

ანთებული
 
39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

925

(ა) იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკე თავნი არნეს;
(ბ) რა ასმათმან დაინახნა, განაღამცა გაეხარნეს!
(გ) მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,
(დ) აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

926

(ა) ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცნთა ენითა,
(ბ) შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
(გ) გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!
(დ) დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

927

(ა) ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქამდინია,
(ბ) საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.
(გ) ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
(დ) ვა შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!

იხ. ტაეპის განმარტებანი

928

(ა) „სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
(ბ) მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
(გ) უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!
(დ) ვა, წახდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

იხ. ტაეპის განმარტებანი

929

(ა) ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი,
(ბ) იტყვის: „ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?
(გ) შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,
(დ) გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!

930

(ა) „ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
(ბ) ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
(გ) გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,
(დ) ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო!“

931

(ა) სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;
(ბ) ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა,
(გ) დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
(დ) ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

932

(ა) წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
(ბ) მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა.
(გ) მას შეეხვეწნეს, „ჭამეო“, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
(დ) გასცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

933

(ა) ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს,
(ბ) მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს;
(გ) ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
(დ) დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს!

934

(ა) მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,
(ბ) იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი.
(გ) რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;
(დ) ერთმანერთსა გააგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

935

(ა) ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
(ბ) რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
(გ) კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
(დ) არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

936

(ა) „აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა:
(ბ) მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა!
(გ) ვერ დაჰშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა;
(დ) წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა!

937

(ა) „ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
(ბ) ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;
(გ) რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
(დ) აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად“.

938

(ა) ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
(ბ) შენვე თქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?
(გ) ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?!
(დ) იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

939

(ა) „ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
(ბ) აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნნა ცრემლთა დადენით!
(გ) სდევს ფათერაკი მიჯნურთა – გაჭვრიტეთ, გაიცადენით!
(დ) თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!

იხ. ტაეპის განმარტებანი

940

(ა) „ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია!
(ბ) ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
(გ) ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია;
(დ) რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო: უწვრთელი ვირია.

941

(ა) „თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
(ბ) ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,
(გ) მოვახსენე: „რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
(დ) არას ვარგებ, არ დავდგები, სხვად ვიუბნა რადღა მრავლად?

942

(ა) „მან მიბრძანა: „მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
(ბ) შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად“.
(გ) მისით კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,
(დ) აწ შევიქცე, რა ვუამბო, რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?

943

(ა) „მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
(ბ) მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
(გ) ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
(დ) შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

იხ. ტაეპის განმარტებანი

944

(ა) „სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
(ბ) გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა,
(გ) მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
(დ) ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

945

(ა) „ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
(ბ) აქა ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
(გ) ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,
(დ) ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

946

(ა) „ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
(ბ) ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;
(გ) ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე,
(დ) მაშინ, გწადდეს, იხარებდი, გწადდეს — ჭმუნვა გაადიდე!

947

(ა) „აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუ, თუ შენ იყო მჭმუნავი!
(ბ) მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
(გ) არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი.
(დ) არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

948

(ა) მან უბრძანა: „აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს.
(ბ) არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;
(გ) თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
(დ) ბოლოდ ყოვლი დაფარული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

იხ. ტაეპის განმარტებანი

949

(ა) „რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა,
(ბ) ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;
(გ) შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა,
(დ) უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

950

(ა) საუბარი გადასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;
(ბ) ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;
(გ) შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,
(დ) ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

951

(ა) ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
(ბ) გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
(გ) მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,
(დ) ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია.

იხ. ტაეპის განმარტებანი

952

(ა) დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს,
(ბ) ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
(გ) სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,
(დ) მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

იხ. ტაეპის განმარტებანი

953

(ა) ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,
(ბ) ასმათ ტირს, მოსთქვამს: „ჰე, ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
(გ) მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,
(დ) ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!“

954

(ა) მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,
(ბ) ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
(გ) არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
(დ) ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.

955

(ა) ტარიელს ეტყვის ავთანდილ: „რუ გახმა ცრემლთა დენისა!
(ბ) რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?
(გ) მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,
(დ) აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა“.

956

(ა) ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,
(ბ) მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:
(გ) „აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა,
(დ) თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა“.

957

(ა) თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
(ბ) სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა;
(გ) მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
(დ) ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

958

(ა) ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს;
(ბ) მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს;
(გ) თვალთათ, ვითა წყაროს თვალნი, ცრემლნი ველთა მოადინნეს,
(დ) დიდხან დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინნეს.

959

(ა) გაიყარნეს ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
(ბ) ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
(გ) ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;
(დ) იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.



თავი ოცდამეთვრამეტე თავი მეორმოცე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9