თითქოს ძაღლი ყეფდეს. ძაღლი სახელწოდებაა ვარსკვლავ სირიუსისა, რომელიც ცაში პირველად ჩნდება 23 ივლისს
- 39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
- 925
- (ა) იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკე თავნი არნეს;
- (ბ) რა ასმათმან დაინახნა, განაღამცა გაეხარნეს!
- (გ) მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,
- (დ) აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.
- 926
- (ა) ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცნთა ენითა,
- (ბ) შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
- (გ) გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!
- (დ) დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 927
- (ა) ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქამდინია,
- (ბ) საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.
- (გ) ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
- (დ) ვა შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 928
- (ა) „სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
- (ბ) მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
- (გ) უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!
- (დ) ვა, წახდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 929
- (ა) ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი,
- (ბ) იტყვის: „ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?
- (გ) შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,
- (დ) გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!
- 930
- (ა) „ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
- (ბ) ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
- (გ) გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,
- (დ) ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო!“
- 931
- (ა) სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;
- (ბ) ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა,
- (გ) დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
- (დ) ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.
- 932
- (ა) წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
- (ბ) მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა.
- (გ) მას შეეხვეწნეს, „ჭამეო“, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
- (დ) გასცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.
- 933
- (ა) ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს,
- (ბ) მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს;
- (გ) ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
- (დ) დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს!
- 934
- (ა) მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,
- (ბ) იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი.
- (გ) რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;
- (დ) ერთმანერთსა გააგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.
- 935
- (ა) ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
- (ბ) რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
- (გ) კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
- (დ) არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 936
- (ა) „აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა:
- (ბ) მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა!
- (გ) ვერ დაჰშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა;
- (დ) წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა!
- 937
- (ა) „ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
- (ბ) ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;
- (გ) რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
- (დ) აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად“.
- 938
- (ა) ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
- (ბ) შენვე თქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?
- (გ) ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?!
- (დ) იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 939
- (ა) „ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
- (ბ) აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნნა ცრემლთა დადენით!
- (გ) სდევს ფათერაკი მიჯნურთა – გაჭვრიტეთ, გაიცადენით!
- (დ) თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 940
- (ა) „ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია!
- (ბ) ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
- (გ) ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია;
- (დ) რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო: უწვრთელი ვირია.
- 941
- (ა) „თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
- (ბ) ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,
- (გ) მოვახსენე: „რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
- (დ) არას ვარგებ, არ დავდგები, სხვად ვიუბნა რადღა მრავლად?
- 942
- (ა) „მან მიბრძანა: „მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
- (ბ) შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად“.
- (გ) მისით კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,
- (დ) აწ შევიქცე, რა ვუამბო, რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?
- 943
- (ა) „მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
- (ბ) მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
- (გ) ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
- (დ) შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 944
- (ა) „სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
- (ბ) გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა,
- (გ) მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
- (დ) ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.
- 945
- (ა) „ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
- (ბ) აქა ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
- (გ) ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,
- (დ) ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 946
- (ა) „ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
- (ბ) ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;
- (გ) ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე,
- (დ) მაშინ, გწადდეს, იხარებდი, გწადდეს — ჭმუნვა გაადიდე!
- 947
- (ა) „აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუ, თუ შენ იყო მჭმუნავი!
- (ბ) მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
- (გ) არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი.
- (დ) არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 948
- (ა) მან უბრძანა: „აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს.
- (ბ) არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;
- (გ) თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
- (დ) ბოლოდ ყოვლი დაფარული საქმე ცხადად გამოცხადდეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 949
- (ა) „რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა,
- (ბ) ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;
- (გ) შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა,
- (დ) უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 950
- (ა) საუბარი გადასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;
- (ბ) ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;
- (გ) შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,
- (დ) ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.
- 951
- (ა) ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
- (ბ) გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
- (გ) მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,
- (დ) ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 952
- (ა) დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს,
- (ბ) ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
- (გ) სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,
- (დ) მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 953
- (ა) ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,
- (ბ) ასმათ ტირს, მოსთქვამს: „ჰე, ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
- (გ) მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,
- (დ) ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!“
- 954
- (ა) მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,
- (ბ) ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
- (გ) არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
- (დ) ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.
- 955
- (ა) ტარიელს ეტყვის ავთანდილ: „რუ გახმა ცრემლთა დენისა!
- (ბ) რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?
- (გ) მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,
- (დ) აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა“.
- 956
- (ა) ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,
- (ბ) მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:
- (გ) „აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა,
- (დ) თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა“.
- 957
- (ა) თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
- (ბ) სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა;
- (გ) მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
- (დ) ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.
- 958
- (ა) ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს;
- (ბ) მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს;
- (გ) თვალთათ, ვითა წყაროს თვალნი, ცრემლნი ველთა მოადინნეს,
- (დ) დიდხან დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინნეს.
- 959
- (ა) გაიყარნეს ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
- (ბ) ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
- (გ) ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;
- (დ) იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.
- თავი ოცდამეთვრამეტე თავი მეორმოცე