1 2 3 4 5 6 7 8 9

ყა ყე ყვ ყი ყმ ყო ყრ ყუ
ყოვ ყოლ ყორ ყოფ

ყორნის ბოლო

შავი თმის აღმნიშვნელი მეტაფორა
 
40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

960

(ა) ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?
(ბ) ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
(გ) სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!
(დ) მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

961

(ა) ავთანდილ, მისი გაყრილი, ტირს, ხმა ასწვდების, ა-, ცამდის,
(ბ) იტყვის, თუ: „ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
(გ) აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
(დ) კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

962

(ა) ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა,
(ბ) ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა,
(გ) კვლა თინათინის გონება ავსებს უფრო-რე ჭირითა;
(დ) ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

963

(ა) ვარდი ჭნებოდა,ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა,
(ბ) ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;
(გ) გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა;
(დ) იტყვის, თუ: „ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და-!“

964

(ა) მზესა ეტყვის: „მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,
(ბ) შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
(გ) ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცადარად;
(დ) მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?

965

(ა) „თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
(ბ) მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?!
(გ) მაგრა კლდესა არად შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;
(დ) წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს ანუ გაამსივნებს“.

966

(ა) მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
(ბ) „აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
(გ) ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა,
(დ) მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

967

(ა) „მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
(ბ) გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
(გ) შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
(დ) მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“.

968

(ა) „ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა,
(ბ) მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
(გ) ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
(დ) მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?

969

(ა) „მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
(ბ) შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
(გ) მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
(დ) რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.

970

(ა) „მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
(ბ) ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
(გ) შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
(დ) ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

971

(ა) „ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
(ბ) მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
(გ) დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
(დ) კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა.

972

(ა) „მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
(ბ) მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
(გ) მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ რაგვარ ვბნდები,
(დ) მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

973

(ა) აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
(ბ) მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
(გ) მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან,
(დ) მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“.

974

(ა) აწ გულსა ეტყვის: „ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია,
(ბ) რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თუ-რე გძმობია!
(გ) მეც ვიცი, ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,
(დ) მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

975

(ა) „თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, – სიცოცხლისა იტყვის თუსა, –
(ბ) ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა!“
(გ) მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ გასწყვედდის ცრემლთა რუსა,
(დ) მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

976

(ა) რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
(ბ) მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
(გ) ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;
(დ) იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

977

(ა) მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი,
(ბ) ტყით ნადირნი, წყალშით თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,
(გ) ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,
(დ) რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.

თავი ოცდამეცხრამეტე თავი ორმოცდამეერთე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9