გამოდიოდნენ, გამოსხდებოდნენ ხოლმე
- 40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
- 960
- (ა) ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?
- (ბ) ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
- (გ) სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!
- (დ) მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!
- 961
- (ა) ავთანდილ, მისი გაყრილი, ტირს, ხმა ასწვდების, ა-, ცამდის,
- (ბ) იტყვის, თუ: „ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
- (გ) აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
- (დ) კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 962
- (ა) ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა,
- (ბ) ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა,
- (გ) კვლა თინათინის გონება ავსებს უფრო-რე ჭირითა;
- (დ) ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.
- 963
- (ა) ვარდი ჭნებოდა,ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა,
- (ბ) ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;
- (გ) გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა;
- (დ) იტყვის, თუ: „ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და-!“
- 964
- (ა) მზესა ეტყვის: „მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,
- (ბ) შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
- (გ) ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცადარად;
- (დ) მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?
- 965
- (ა) „თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
- (ბ) მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?!
- (გ) მაგრა კლდესა არად შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;
- (დ) წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს ანუ გაამსივნებს“.
- 966
- (ა) მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
- (ბ) „აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
- (გ) ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა,
- (დ) მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!
- 967
- (ა) „მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
- (ბ) გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
- (გ) შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
- (დ) მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“.
- 968
- (ა) „ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა,
- (ბ) მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
- (გ) ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
- (დ) მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?
- 969
- (ა) „მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
- (ბ) შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
- (გ) მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
- (დ) რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.
- 970
- (ა) „მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
- (ბ) ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
- (გ) შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
- (დ) ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.
- 971
- (ა) „ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
- (ბ) მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
- (გ) დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
- (დ) კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა.
- 972
- (ა) „მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
- (ბ) მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
- (გ) მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ რაგვარ ვბნდები,
- (დ) მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.
- 973
- (ა) აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
- (ბ) მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
- (გ) მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან,
- (დ) მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“.
- 974
- (ა) აწ გულსა ეტყვის: „ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია,
- (ბ) რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თუ-რე გძმობია!
- (გ) მეც ვიცი, ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,
- (დ) მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!
- 975
- (ა) „თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, – სიცოცხლისა იტყვის თუსა, –
- (ბ) ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა!“
- (გ) მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ გასწყვედდის ცრემლთა რუსა,
- (დ) მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.
- 976
- (ა) რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
- (ბ) მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
- (გ) ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;
- (დ) იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან
- 977
- (ა) მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი,
- (ბ) ტყით ნადირნი, წყალშით თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,
- (გ) ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,
- (დ) რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.
- თავი ოცდამეცხრამეტე თავი ორმოცდამეერთე