ხელთ არქონა, ნამდვილის არცოდნა
- 41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
- 978
- (ა) ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
- (ბ) შორით ნახა, მენავენი მოვიდოდეს შიგან ზღვასა;
- (გ) მოიცადა, ჰკითხა: „ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა,
- (დ) ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?“
- 979
- (ა) მათ მოახსენეს: „ტურფაო სახით და ანაგებითა,
- (ბ) გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
- (გ) აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ ზღვრებითა;
- (დ) ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.
- 980
- (ა) „ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
- (ბ) მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა;
- (გ) ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,
- (დ) იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა“.
- 981
- (ა) ყმამან უთხრა: „ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
- (ბ) მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
- (გ) რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?
- (დ) მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.
- 982
- (ა) მოახსენეს: „ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი.
- (ბ) მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი;
- (გ) აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;
- (დ) ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 983
- (ა) ყმამან უთხრა: „მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი
- (ბ) ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!
- (გ) თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი!
- (დ) ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი“.
- 984
- (ა) იგი წავიდეს, დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,
- (ბ) ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული – რკინასა,
- (გ) მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
- (დ) ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 985
- (ა) ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,
- (ბ) მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,
- (გ) ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
- (დ) გზას ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.
- 986
- (ა) მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;
- (ბ) მინდორს ნახა სპა, ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
- (გ) ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,
- (დ) ისრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან, ვითა მჭელსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 987
- (ა) კაცი ემთხვია, მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
- (ბ) უბრძანა: „ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?“
- (გ) მან უთხრა: „ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
- (დ) იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა“.
- 988
- (ა) მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
- (ბ) გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
- (გ) მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
- (დ) ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.
- 989
- (ა) მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
- (ბ) ყმამან ცხენი შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა,
- (გ) შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,
- (დ) გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.
- 990
- (ა) იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს,
- (ბ) ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
- (გ) იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
- (დ) ვერცა ჰკადრებდეს, „ვინ ხარო“, ვერცა რას ეუბნებოდეს.
- 991
- (ა) მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
- (ბ) ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა;
- (გ) მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
- (დ) ფრიდონს უკვირდა: „რა ქმნესო“, მისთა სპათათვის წყრებოდა.
- 992
- (ა) ფრიდონ მონა გამოგზავნა: „წა, ნახენო ისი სპანი,
- (ბ) რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?“
- (გ) მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,
- (დ) დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.
- 993
- (ა) ავთანდილ ცნა, თუ: „ისია მოამბედ ჩემად რებული“.
- (ბ) უთხრა: „წა, ჰკადრე პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:
- (გ) ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,
- (დ) ძმად-ფიცი ტარიელისა, თქვენს წინა მომგზავრებული“.
- 994
- (ა) მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად,
- (ბ) უთხრა: მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;
- (გ) ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
- (დ) „ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად“.
- 995
- (ა) რა „ტარიელ“ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
- (ბ) თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,
- (გ) მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
- (დ) შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 996
- (ა) ფიცხლად ჩავლო იგი ქედი, ჩაეგება ფრიდონ წინა;
- (ბ) რა შეხედნა, მან ესე თქვა: „თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?“
- (გ) მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
- (დ) ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.
- 997
- (ა) მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ,
- (ბ) თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;
- (გ) რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ;
- (დ) მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.
- 998
- (ა) ფრიდონისებრნი მოყმენი ვინცა ვინ ვით ეგებიან!
- (ბ) მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიჰხვდებიან;
- (გ) მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
- (დ) დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 999
- (ა) ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
- (ბ) დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა;
- (გ) ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა,
- (დ) თქვეს: „ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?
- 1000
- (ა) ყმა ფრიდონს ეტყვის: „ისწრაფი, ვიცი, ამბისა თხრობასა,
- (ბ) გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა,
- (გ) ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
- (დ) იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.
- 1001
- (ა) „მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
- (ბ) დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
- (გ) ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
- (დ) საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.
- 1002
- (ა) „დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;
- (ბ) მინდორს ვნახეთ, ტარიელ ჯდა, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
- (გ) გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,
- (დ) ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.
- 1003
- (ა) „მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;
- (ბ) მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,
- (გ) ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგსა სული ჰხდებოდა;
- (დ) მუნღა ცნეს, მთვარე ეტლისა რომე არ დაბრუნდებოდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1004
- (ა) „მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
- (ბ) თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრძალთა.
- (გ) რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
- (დ) ცხენსა მისცა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.
- 1005
- (ა) „ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.
- (ბ) მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.
- (გ) მე ვეღარ გავძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა,
- (დ) გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1006.
- (ა) „იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.
- (ბ) მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;
- (გ) ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,
- (დ) შემიტკბო და შემიყვარა ვითა ძმა და ვითა შვილი.
- 1007
- (ა) „ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გაჰმესისხლებია;
- (ბ) მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;
- (გ) მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ-, არ ახლებია.
- (დ) ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.
- 1008
- (ა) „ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
- (ბ) ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
- (გ) მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერ-დამდგომი,
- (დ) მისგან კიდე დასანახად არა უნდა კაცთა ტომი.
- 1009
- (ა) „მე უცხოს უცხომ მანატრა მოსმენა სანატრელისა,
- (ბ) მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.
- (გ) რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,
- (დ) ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.
- 1010
- (ა) „ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების, არ დადგების;
- (ბ) მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;
- (გ) არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.
- (დ) ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!
- 1011
- (ა) მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა,
- (ბ) შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;
- (გ) მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;
- (დ) შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.
- 1012
- (ა) „დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა,
- (ბ) დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა;
- (გ) გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,
- (დ) აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.
- 1013
- (ა) „შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა,
- (ბ) აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა;
- (გ) გამომირჩივე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
- (დ) მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა“.
- 1014
- (ა) აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა;
- (ბ) ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,
- (გ) გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა,
- (დ) მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა ნაგუბარითა.
- 1015
- (ა) ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,
- (ბ) ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.
- (გ) ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა;
- (დ) უხანობა და სიცრუე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!
- 1016
- (ა) ფრიდონ მოსთქვამს: „რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო!
- (ბ) ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო,
- (გ) მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
- (დ) ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!
- 1017
- (ა) „რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;
- (ბ) თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;
- (გ) შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია,
- (დ) ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!“
- 1018
- (ა) ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;
- (ბ) სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.
- (გ) ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა,
- (დ) მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.
- 1019
- (ა) ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა,
- (ბ) სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;
- (გ) მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!
- (დ) შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1020
- (ა) შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:
- (ბ) იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;
- (გ) თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით თქვა ქება მათი!
- (დ) ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.
- 1021
- (ა) დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,
- (ბ) უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,
- (გ) მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,
- (დ) მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1022
- (ა) მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.
- (ბ) გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,
- (გ) შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა,
- (დ) შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.
- 1023
- (ა) ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,
- (ბ) ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა,
- (გ) სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყრობდა.
- (დ) მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.
- 1024
- (ა) ყმა ფრიდონს ეტყვის, „გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:
- (ბ) მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები,
- (გ) მაგრა არა მცალს, დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,
- (დ) გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.
- 1025
- (ა) მართალ-ა შენი გამყრელი, თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა,
- (ბ) დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;
- (გ) დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა;
- (დ) სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა“.
- 1026
- (ა) ფრიდონ უთხრა: „დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;
- (ბ) ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;
- (გ) წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის,
- (დ) მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?
- 1027
- (ა) „ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;
- (ბ) თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,
- (გ) აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.
- (დ) არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი“.
- 1028
- (ა) მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,
- (ბ) სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,
- (გ) სამოცი ლიტრა წითელი აწონით არ-ნაკლულითა,
- (დ) ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა.
- 1029
- (ა) ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა;
- (ბ) წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა.
- (გ) აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,
- (დ) მოსთქვამს: „თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1030
- (ა) ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნეს წუხილსა.
- (ბ) მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა;
- (გ) ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა,
- (დ) იტყოდეს: „მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!“
- 1031
- (ა) ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,
- (ბ) მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასადგომევსა მზისასა,
- (გ) მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
- (დ) ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:
- 1032
- (ა) „აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,
- (ბ) კბილ-თეთრი, ბაგე-ბალახში, სახედავითა შავითა;
- (გ) ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,
- (დ) შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა“.
- 1033
- (ა) მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,
- (ბ) აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,
- (გ) გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,
- (დ) ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.
- თავი მეორმოცე თავი ორმოცდამეორე