1 2 3 4 5 6 7 8 9

ჰა ჰბ ჰგ ჰვ ჰზ ჰკ ჰლ ჰმ ჰნ ჰპ ჰრ ჰფ ჰქ ჰყ ჰშ ჰხ
ჰბა ჰბუ

ჰბურავს

ფარავს
 
41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა

978

(ა) ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
(ბ) შორით ნახა, მენავენი მოვიდოდეს შიგან ზღვასა;
(გ) მოიცადა, ჰკითხა: „ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა,
(დ) ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?“

979

(ა) მათ მოახსენეს: „ტურფაო სახით და ანაგებითა,
(ბ) გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
(გ) აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ ზღვრებითა;
(დ) ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

980

(ა) „ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
(ბ) მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა;
(გ) ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,
(დ) იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა“.

981

(ა) ყმამან უთხრა: „ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
(ბ) მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
(გ) რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?
(დ) მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

982

(ა) მოახსენეს: „ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი.
(ბ) მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი;
(გ) აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;
(დ) ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

983

(ა) ყმამან უთხრა: „მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი
(ბ) ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!
(გ) თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი!
(დ) ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი“.

984

(ა) იგი წავიდეს, დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,
(ბ) ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული – რკინასა,
(გ) მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
(დ) ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

985

(ა) ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,
(ბ) მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,
(გ) ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
(დ) გზას ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

986

(ა) მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;
(ბ) მინდორს ნახა სპა, ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
(გ) ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,
(დ) ისრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან, ვითა მჭელსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

987

(ა) კაცი ემთხვია, მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
(ბ) უბრძანა: „ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?“
(გ) მან უთხრა: „ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
(დ) იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა“.

988

(ა) მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
(ბ) გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
(გ) მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
(დ) ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.

989

(ა) მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
(ბ) ყმამან ცხენი შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა,
(გ) შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,
(დ) გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

990

(ა) იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს,
(ბ) ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
(გ) იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
(დ) ვერცა ჰკადრებდეს, „ვინ ხარო“, ვერცა რას ეუბნებოდეს.

991

(ა) მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
(ბ) ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა;
(გ) მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
(დ) ფრიდონს უკვირდა: „რა ქმნესო“, მისთა სპათათვის წყრებოდა.

992

(ა) ფრიდონ მონა გამოგზავნა: „წა, ნახენო ისი სპანი,
(ბ) რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?“
(გ) მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,
(დ) დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

993

(ა) ავთანდილ ცნა, თუ: „ისია მოამბედ ჩემად რებული“.
(ბ) უთხრა: „წა, ჰკადრე პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:
(გ) ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,
(დ) ძმად-ფიცი ტარიელისა, თქვენს წინა მომგზავრებული“.

994

(ა) მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად,
(ბ) უთხრა: მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;
(გ) ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
(დ) „ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად“.

995

(ა) რა „ტარიელ“ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
(ბ) თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,
(გ) მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
(დ) შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

996

(ა) ფიცხლად ჩავლო იგი ქედი, ჩაეგება ფრიდონ წინა;
(ბ) რა შეხედნა, მან ესე თქვა: „თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?“
(გ) მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
(დ) ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.

997

(ა) მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ,
(ბ) თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;
(გ) რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ;
(დ) მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.

998

(ა) ფრიდონისებრნი მოყმენი ვინცა ვინ ვით ეგებიან!
(ბ) მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიჰხვდებიან;
(გ) მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
(დ) დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

იხ. ტაეპის განმარტებანი

999

(ა) ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
(ბ) დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა;
(გ) ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა,
(დ) თქვეს: „ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?

1000

(ა) ყმა ფრიდონს ეტყვის: „ისწრაფი, ვიცი, ამბისა თხრობასა,
(ბ) გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა,
(გ) ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
(დ) იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

1001

(ა) „მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
(ბ) დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
(გ) ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
(დ) საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

1002

(ა) „დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;
(ბ) მინდორს ვნახეთ, ტარიელ ჯდა, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
(გ) გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,
(დ) ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

1003

(ა) „მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;
(ბ) მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,
(გ) ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგსა სული ჰხდებოდა;
(დ) მუნღა ცნეს, მთვარე ეტლისა რომე არ დაბრუნდებოდა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1004

(ა) „მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
(ბ) თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრძალთა.
(გ) რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
(დ) ცხენსა მისცა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

1005

(ა) „ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.
(ბ) მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.
(გ) მე ვეღარ გავძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა,
(დ) გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1006.

(ა) „იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.
(ბ) მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;
(გ) ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,
(დ) შემიტკბო და შემიყვარა ვითა ძმა და ვითა შვილი.

1007

(ა) „ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გაჰმესისხლებია;
(ბ) მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;
(გ) მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ-, არ ახლებია.
(დ) ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

1008

(ა) „ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
(ბ) ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
(გ) მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერ-დამდგომი,
(დ) მისგან კიდე დასანახად არა უნდა კაცთა ტომი.

1009

(ა) „მე უცხოს უცხომ მანატრა მოსმენა სანატრელისა,
(ბ) მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.
(გ) რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,
(დ) ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

1010

(ა) „ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების, არ დადგების;
(ბ) მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;
(გ) არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.
(დ) ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

1011

(ა) მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა,
(ბ) შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;
(გ) მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;
(დ) შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

1012

(ა) „დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა,
(ბ) დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა;
(გ) გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,
(დ) აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

1013

(ა) „შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა,
(ბ) აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა;
(გ) გამომირჩივე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
(დ) მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა“.

1014

(ა) აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა;
(ბ) ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,
(გ) გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა,
(დ) მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა ნაგუბარითა.

1015

(ა) ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,
(ბ) ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.
(გ) ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა;
(დ) უხანობა და სიცრუე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!

1016

(ა) ფრიდონ მოსთქვამს: „რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო!
(ბ) ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო,
(გ) მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
(დ) ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

1017

(ა) „რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;
(ბ) თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;
(გ) შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია,
(დ) ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!“

1018

(ა) ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;
(ბ) სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.
(გ) ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა,
(დ) მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

1019

(ა) ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა,
(ბ) სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;
(გ) მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!
(დ) შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1020

(ა) შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:
(ბ) იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;
(გ) თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით თქვა ქება მათი!
(დ) ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1021

(ა) დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,
(ბ) უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,
(გ) მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,
(დ) მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1022

(ა) მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.
(ბ) გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,
(გ) შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა,
(დ) შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

1023

(ა) ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,
(ბ) ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა,
(გ) სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყრობდა.
(დ) მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1024

(ა) ყმა ფრიდონს ეტყვის, „გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:
(ბ) მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები,
(გ) მაგრა არა მცალს, დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,
(დ) გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1025

(ა) მართალ-ა შენი გამყრელი, თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა,
(ბ) დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;
(გ) დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა;
(დ) სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა“.

1026

(ა) ფრიდონ უთხრა: „დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;
(ბ) ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;
(გ) წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის,
(დ) მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1027

(ა) „ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;
(ბ) თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,
(გ) აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.
(დ) არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი“.

1028

(ა) მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,
(ბ) სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,
(გ) სამოცი ლიტრა წითელი აწონით არ-ნაკლულითა,
(დ) ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა.

1029

(ა) ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა;
(ბ) წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა.
(გ) აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,
(დ) მოსთქვამს: „თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1030

(ა) ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნეს წუხილსა.
(ბ) მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა;
(გ) ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა,
(დ) იტყოდეს: „მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!“

1031

(ა) ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,
(ბ) მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასადგომევსა მზისასა,
(გ) მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
(დ) ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

1032

(ა) „აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,
(ბ) კბილ-თეთრი, ბაგე-ბალახში, სახედავითა შავითა;
(გ) ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,
(დ) შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა“.

1033

(ა) მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,
(ბ) აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,
(გ) გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,
(დ) ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.

თავი მეორმოცე თავი ორმოცდამეორე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9