1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შვ შთ ში შლ შმ შო შრ შტ შუ
შე შე შე- შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შეპ შეჟ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეყ შეშ შეც შეძ შეწ შეჭ შეჯ შეჰ

შემქმნია

გამხდომია
 
42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

1034

(ა) ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა,
(ბ) არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა,
(გ) იტყვის: „მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა!
(დ) შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1035

(ა) „რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს, გმირსა, სამს ალებისა?
(ბ) რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?
(გ) არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,
(დ) შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1036

(ა) ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,
(ბ) წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,
(გ) დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა,
(დ) ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1037

(ა) სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
(ბ) ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი.
(გ) ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი,
(დ) მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, დაყმუნვებულნი.

1038

(ა) მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა.
(ბ) შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.
(გ) ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,
(დ) ჰკითხა, თუ: „ვინ ხართ, ვაჭარნო?“, მათ საუბარი ჰკიდესა.

1039

(ა) უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
(ბ) მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.
(გ) ჰკადრეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი,
(დ) ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1040

(ა) გარდახდა, ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,
(ბ) მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი,
(გ) ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი,
(დ) საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1041

(ა) „ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,
(ბ) ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;
(გ) ვჰკითხეთ, თუ: „ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?“
(დ) გვითხრა: „თუ შეხვალთ, დაგხოცენ, კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!“

1042.

(ა) „თქვა: „ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
(ბ) ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა,
(გ) მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით სახნისისწვერითა;
(დ) ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1043

(ა) „ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,
(ბ) დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა;
(გ) შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,
(დ) ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა“.

1044

(ა) ყმამან უთხრა: „ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!
(ბ) რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
(გ) მე მივინდობ სისხლითა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების!
(დ) ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების.“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1045

(ა) მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,
(ბ) თქვეს: „ყმა ვინმეა, ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდით-ა,
(გ) აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა“.
(დ) შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1046

(ა) სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა,
(ბ) მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.
(გ) გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
(დ) მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1047

(ა) კიოდეს და მოვიდოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
(ბ) შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
(გ) ყმამან უთხრა: „ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
(დ) ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.

1048

(ა) უგანგებოდვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი,
(ბ) განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
(გ) ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი.
(დ) ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1049

(ა) თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
(ბ) შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
(გ) მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
(დ) მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

1050

(ა) ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
(ბ) მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;
(გ) ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,
(დ) ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

1051

(ა) კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
(ბ) აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
(გ) ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თუ-რე კრთებოდა,
(დ) კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1052

(ა) ძელი მოტეხა ავთანდილ, დარჩა ნავ-დაულეწელი;
(ბ) შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
(გ) ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;
(დ) არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

1053

(ა) მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა,
(ბ) ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ყრიდა შიგან ზღვასა;
(გ) ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
(დ) დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1054

(ა) გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
(ბ) ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!“
(გ) არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
(დ) მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

1055

(ა) კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
(ბ) არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
(გ) დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
(დ) ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

1056

(ა) მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,
(ბ) ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.
(გ) უსამ ნახა მხიარულმან, – გაეხარნეს, არ იახნა, –
(დ) ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1057

(ა) ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა!
(ბ) ვერცა მათ თქვან, ნაომრობა რაგვარ ტურფად დაუშვენდა;
(გ) ქარავანმან იზრიალა, თქვეს: „უფალო, მადლი შენდა!
(დ) მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა“.

1058

(ა) მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა,
(ბ) ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა,
(გ) ვისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა:
(დ) „შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა“.

1059

(ა) ყმამან უთხრა: „მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
(ბ) ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა!
(გ) იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
(დ) ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1060

(ა) „ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი.
(ბ) მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?
(გ) აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
(დ) ნავი სრულად საჭურჭლითა მიმიღია, ვითა ძღვენი“.

1061

(ა) ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,
(ბ) ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს,
(გ) მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
(დ) ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს

1062

(ა) იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,
(ბ) მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!
(გ) მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;
(დ) დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს

1063

(ა) ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:
(ბ) „შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა;
(გ) რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,
(დ) რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა.

1064

(ა) ყმამან შესთვალა: „ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,
(ბ) ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია,
(გ) მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია?
(დ) რა გინდ რა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1065

(ა) „მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,
(ბ) ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;
(გ) რას ვაქმნევ თქვენსა რას გინდა? ოდენ ვარ თანა-მხლებელი;
(დ) სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი.

1066

(ა) „აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,
(ბ) რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,
(გ) ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:
(დ) საქმე რამე მიც თქვენშიგან თავისა დასამალავი.

1067

(ა) „ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,
(ბ) თვით თავადია ჩვენი-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
(გ) მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;
(დ) თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!

1068

(ა) ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;
(ბ) მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: „ჩვენი იმედია,
(გ) რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია,
(დ) მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია“.

1069

(ა) მუნით წავიდეს, იარეს, არ თუ-რე ხანსა ზმიდიან,
(ბ) მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;
(გ) შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,
(დ) მას მარგალიტსა, მის ყმისა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

თავი ორმოცდამეერთე თავი ორმოცდამესამე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9