დამიტრაბახებია, ჩემ სასახელოდ მიმაჩნია
- 43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
- 1070
- (ა) ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა,
- (ბ) ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,
- (გ) გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა.
- (დ) მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!
- 1071
- (ა) მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა,
- (ბ) ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა, დაჯდა სკამითა,
- (გ) მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა,
- (დ) იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.
- 1072
- (ა) მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა,
- (ბ) მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა;
- (გ) ავთანდილ უხმო,ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:
- (დ) „ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?
- 1073
- (ა) „წვრილად მითხარ ყველაკაი, – ყმა მას კაცსა ეუბნების, –
- (ბ) რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?“
- (გ) ჰკადრა: „გხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების;
- (დ) რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.
- 1074.
- (ა) „ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,
- (ბ) თვით გულანშარო – ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;
- (გ) აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა;
- (დ) მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.
- 1075
- (ა) „აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები:
- (ბ) სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები,
- (გ) ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
- (დ) ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.
- 1076
- (ა) „დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:
- (ბ) იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;
- (გ) გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ;
- (დ) უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.
- 1077
- (ა) „მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;
- (ბ) ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა:
- (გ) თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა;
- (დ) პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1078
- (ა) „რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,
- (ბ) უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,
- (გ) უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;
- (დ) მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.
- 1079
- (ა) „თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება;
- (ბ) დამყენებულთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება.
- (გ) აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!
- (დ) გამოგებვა და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.
- 1080
- (ა) „ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,
- (ბ) პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;
- (გ) მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;
- (დ) წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი”.
- 1081
- (ა) ავთანდილ უთხრა: „წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან“.
- (ბ) მებაღე მირბის, იხარებს, ოფლნი ქვე მკრდამდის ჩასდიან.
- (გ) ხათუნსა უთხრა ამბავი: „მე ესე დამიქადიან,
- (დ) ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1082
- (ა) „ვაჭარი ვინმე, პატრონი არს ქარავნისა დიდისა,
- (ბ) საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;
- (გ) შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.
- (დ) მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა“.
- 1083
- (ა) ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,
- (ბ) მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი.
- (გ) შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა-სათი;
- (დ) მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.
- 1084
- (ა) ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,
- (ბ) იქით-აქათ იჯრებოდეს: „ვუჭვრიტოთო ამას რულად!“
- (გ) ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;
- (დ) მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.
- 1085
- (ა) ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,
- (ბ) მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;
- (გ) ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხედეს შინა;
- (დ) ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყევ, არ ეწყინა.
- 1086
- (ა) ფატმან ხათუნ – თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი,
- (ბ) ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,
- (გ) მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი;
- (დ) დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.
- 1087
- (ა) მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა,
- (ბ) ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: „ვარგა“.
- (გ) ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;
- (დ) სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა-.
- 1088
- (ა) დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,
- (ბ) ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა.
- (გ) ვაჭართა უთხრა: „წაიღეთ, – აჰკიდა, გააწევინა, –
- (დ) თქვენ, ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ მე ვინა!“
- 1089
- (ა) ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა,
- (ბ) ზოგჯერ იხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;
- (გ) ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა;
- (დ) ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.
- თავი ორმოცდამეორე თავი ორმოცდამეოთხე