რამდენადაც უნდა მწვავდეს ცეცხლი, როგორც უნდა ვიტანჯებოდე. (მწვავ ლიცენციაა. უნდა „მწვავს“)
- 45. წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო
- 1093
- (ა) დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
- (ბ) მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
- (გ) მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი,
- (დ) უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:
- 1094
- (ა) „ჰე, მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
- (ბ) მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად,
- (გ) ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
- (დ) მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1095
- (ა) „შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
- (ბ) ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!
- (გ) შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან;
- (დ) სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1096
- (ა) „ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
- (ბ) მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა!
- (გ) გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
- (დ) თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა.
- 1097
- (ა) „მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
- (ბ) ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
- (გ) მუნამდის გავძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
- (დ) სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1098
- (ა) ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.
- (ბ) ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი;
- (გ) თქვა: „არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი!
- (დ) რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!“
- 1099
- (ა) თქვა: „ყვავი ვარდსა რას აქმნევს ანუ რა მისი ფერია!
- (ბ) მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
- (გ) უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
- (დ) რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“
- 1100
- (ა) ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;
- (ბ) მერმე იტყვის: „ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინ-ა;
- (გ) რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რათგან მინა,
- (დ) რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!
- 1101
- (ა) ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა,
- (ბ) მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
- (გ) მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა,
- (დ) ნუთუ რა მარგოს, გარდახდა მე მისგან ჩემთა ვცნა ვალთა!
- 1102
- (ა) თქვა: „დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
- (ბ) აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
- (გ) რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა;
- (დ) მიჯობს, მივჰყვე, განღა სამე ვცნობ საქმესა დაფარულსა“.
- 1103
- (ა) კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების,
- (ბ) მით, რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
- (გ) ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
- (დ) კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ორმოცდამეოთხე თავი ორმოცდამეექვსე