1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შვ შთ ში შლ შმ შო შრ შტ შუ
შე შე შე- შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შეპ შეჟ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეყ შეშ შეც შეძ შეწ შეჭ შეჯ შეჰ

შემოვლო

შემოვიდა
 
46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი

1104

(ა) მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
(ბ) შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;
(გ) შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
(დ) შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“.

1105

(ა) ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
(ბ) მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე!
(გ) აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე,
(დ) მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1106

(ა) მას ღამითვე, საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,
(ბ) შეღამდა და წა-ცა-ვიდა; სხვა ემთხვია მონა გზასა:
(გ) „ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა“.
(დ) მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: “ჰგავსო ეგე რასა!“

1107

(ა) წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა.
(ბ) ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო-ხე ვითა;
(გ) დიაცსა წყენა შეატყვა, ნახა შესლვითა შე-ვითა;
(დ) ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1108

(ა) ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი,
(ბ) შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,
(გ) შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი;
(დ) დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.

1109

(ა) ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
(ბ) მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
(გ) უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
(დ) გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

1110

(ა) გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
(ბ) მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად;
(გ) ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
(დ) დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”

1111

(ა) ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;
(ბ) ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;
(გ) ცრემლთა, მისთა მონაღვართა, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი,
(დ) თქვა: „დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადექით მომაკარნი!“

1112

(ა) მოსთქვამს: „მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
(ბ) იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
(გ) გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი!
(დ) ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი.“

1113

(ა) ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;
(ბ) უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?
(გ) რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?
(დ) დადუმდი, მითხარ, ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული?“

1114

(ა) დიაცმან უთხრა: „ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
(ბ) ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;
(გ) დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა,
(დ) თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა!

1115

(ა) „ესეგვარი დიამიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,
(ბ) ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
(გ) ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა!
(დ) მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1116

(ა) „ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით:
(ბ) მო-ვითა-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,
(გ) მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!
(დ) მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით-გითხრა ცრემლთა ლამით?

1117

(ა) „თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,
(ბ) დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა!
(გ) ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა;
(დ) თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1118

(ა) რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზეარსა,
(ბ) ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!
(გ) „ამა საქმისა ვერ-ცნობა, – თქვა, – ჩემი სიძუნტე არსა“.
(დ) ნუ ეჭვ სულ-დგმულსა მისებრსა, თუ ვითმე მისებრვე არსა!

1119

(ა) ფატმანს უთხრა: „კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,
(ბ) გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;
(გ) იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად,
(დ) რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1120

(ა) მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
(ბ) კვლა მი-ვე-ჰყივლა: „ვინათგან ცეცხლი ცხელია, წა ნელად,
(გ) მო-ვითმე-თუ-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,
(დ) ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად“.

1121

(ა) ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;
(ბ) ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა,
(გ) ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა,
(დ) დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1122

(ა) მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა,
(ბ) ხმა-მდაბლად ჰკადრებს: „ისია სრა მისი, ეძებ რომელსა“.
(გ) უჩვენებს, ეტყვის: „ჰხედაო, ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?
(დ) იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა“.

1123

(ა) კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
(ბ) ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,
(გ) თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცნა სულთა ხდასა,
(დ) თავი თავსა შეუტაკა, გაურივა ტვინი თმასა.

1124

(ა) იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;
(ბ) თვალმოსისხული ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;
(გ) ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა,
(დ) ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1125

(ა) მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია,
(ბ) ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,
(გ) ზღავათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,
(დ) მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.

1126

(ა) ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.
(ბ) წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!
(გ) ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა!
(დ) რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1127

(ა) რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
(ბ) უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
(გ) თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,
(დ) აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1128

(ა) „აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?
(ბ) რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად!“
(გ) ფატმან ფერხთა მოეხვია: „არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად!
(დ) გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1129

(ა) „მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;
(ბ) ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!
(გ) ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით,
(დ) თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით“.


თავი ორმოცდამეხუთე თავი ორმოცდამეშვიდე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9