ღვრით, „ნამვით”, ფრქვევით
- 46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
- 1104
- (ა) მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
- (ბ) შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;
- (გ) შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
- (დ) შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“.
- 1105
- (ა) ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
- (ბ) მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე!
- (გ) აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე,
- (დ) მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1106
- (ა) მას ღამითვე, საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,
- (ბ) შეღამდა და წა-ცა-ვიდა; სხვა ემთხვია მონა გზასა:
- (გ) „ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა“.
- (დ) მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: “ჰგავსო ეგე რასა!“
- 1107
- (ა) წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა.
- (ბ) ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო-ხე ვითა;
- (გ) დიაცსა წყენა შეატყვა, ნახა შესლვითა შე-ვითა;
- (დ) ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.
- 1108
- (ა) ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი,
- (ბ) შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,
- (გ) შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი;
- (დ) დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.
- 1109
- (ა) ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
- (ბ) მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
- (გ) უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
- (დ) გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!
- 1110
- (ა) გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
- (ბ) მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად;
- (გ) ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
- (დ) დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”
- 1111
- (ა) ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;
- (ბ) ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;
- (გ) ცრემლთა, მისთა მონაღვართა, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი,
- (დ) თქვა: „დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადექით მომაკარნი!“
- 1112
- (ა) მოსთქვამს: „მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
- (ბ) იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
- (გ) გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი!
- (დ) ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი.“
- 1113
- (ა) ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;
- (ბ) უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?
- (გ) რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?
- (დ) დადუმდი, მითხარ, ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული?“
- 1114
- (ა) დიაცმან უთხრა: „ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
- (ბ) ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;
- (გ) დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა,
- (დ) თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა!
- 1115
- (ა) „ესეგვარი დიამიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,
- (ბ) ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
- (გ) ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა!
- (დ) მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
- 1116
- (ა) „ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით:
- (ბ) მო-ვითა-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,
- (გ) მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!
- (დ) მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით-გითხრა ცრემლთა ლამით?
- 1117
- (ა) „თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,
- (ბ) დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა!
- (გ) ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა;
- (დ) თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.
- 1118
- (ა) რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზეარსა,
- (ბ) ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!
- (გ) „ამა საქმისა ვერ-ცნობა, – თქვა, – ჩემი სიძუნტე არსა“.
- (დ) ნუ ეჭვ სულ-დგმულსა მისებრსა, თუ ვითმე მისებრვე არსა!
- 1119
- (ა) ფატმანს უთხრა: „კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,
- (ბ) გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;
- (გ) იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად,
- (დ) რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.
- 1120
- (ა) მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
- (ბ) კვლა მი-ვე-ჰყივლა: „ვინათგან ცეცხლი ცხელია, წა ნელად,
- (გ) მო-ვითმე-თუ-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,
- (დ) ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად“.
- 1121
- (ა) ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;
- (ბ) ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა,
- (გ) ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა,
- (დ) დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.
- 1122
- (ა) მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა,
- (ბ) ხმა-მდაბლად ჰკადრებს: „ისია სრა მისი, ეძებ რომელსა“.
- (გ) უჩვენებს, ეტყვის: „ჰხედაო, ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?
- (დ) იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა“.
- 1123
- (ა) კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
- (ბ) ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,
- (გ) თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცნა სულთა ხდასა,
- (დ) თავი თავსა შეუტაკა, გაურივა ტვინი თმასა.
- 1124
- (ა) იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;
- (ბ) თვალმოსისხული ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;
- (გ) ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა,
- (დ) ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1125
- (ა) მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია,
- (ბ) ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,
- (გ) ზღავათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,
- (დ) მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.
- 1126
- (ა) ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.
- (ბ) წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!
- (გ) ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა!
- (დ) რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა.
- 1127
- (ა) რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
- (ბ) უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
- (გ) თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,
- (დ) აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.
- 1128
- (ა) „აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?
- (ბ) რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად!“
- (გ) ფატმან ფერხთა მოეხვია: „არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად!
- (დ) გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.
- 1129
- (ა) „მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;
- (ბ) ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!
- (გ) ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით,
- (დ) თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით“.
- თავი ორმოცდამეხუთე თავი ორმოცდამეშვიდე