1 2 3 4 5 6 7 8 9

გა გგ გე გვ გზ გთ გი გკ გლ გმ გნ გო გპ გრ გტ გუ გქ გც გწ გჭ გხ
გა- გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაძ გაწ გაჭ გახ გაჰ გა–

გაიპარნეს

  1. გაიპარნენ
     
    47. აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

    1130

    (ა) „ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა
    (ბ) არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
    (გ) ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
    (დ) დიდსა შეიქმან მეფენი პურობა-დარბაზობასა.

    1131

    (ა) „ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
    (ბ) მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა,
    (გ) ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა სმენისა,
    (დ) მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

    1132

    (ა) „ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,
    (ბ) მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;
    (გ) დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა,
    (დ) დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

    1133

    (ა) „დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;
    (ბ) ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით;
    (გ) ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,
    (დ) კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.

    1134

    (ა) „ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,
    (ბ) გავიტანე ხათუნები, – მათი ჭმევა ჩემგან ხამსა,
    (გ) მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
    (დ) ვიმღერდით და ვყმაწვილობდით, ვიცვალებდით რიდე-თმასა.

    1135

    (ა) „იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,
    (ბ) მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი,
    (გ) მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი,
    (დ) კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

    1136

    (ა) „ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად;
    (ბ) სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რასმე უგემურად,
    (გ) რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,
    (დ) მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

    1137

    (ა) „უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა,
    (ბ) ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა;
    (გ) შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,
    (დ) მფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!

    1138

    (ა) „მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;
    (ბ) ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;
    (გ) იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოთ უჩნდა ოდენ თავი,
    (დ) გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

    1139

    (ა) „გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,
    (ბ) მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა ვინ-ა,
    (გ) ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა;
    (დ) მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

    1140

    (ა) „მით ნავიდაღმა მათ რამე გარდმოსვეს კიდობანითა,
    (ბ) აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა,
    (გ) თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,
    (დ) მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

    1141

    (ა) „რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,
    (ბ) ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა;
    (გ) დავიწუხენ, თვალნი ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,
    (დ) უკმოვიხაშ კარი, ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

    1142

    (ა) „მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი,
    (ბ) ვუჩვენე: „ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?
    (გ) ჩაეპარენით, ჩაედით წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი,
    (დ) მოგყიდონ, ფასი მიეცით, რასაცა იყვნენ მნდომელნი.

    1143

    (ა) „თუ არ მოგცენ, ნუღარ მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით,
    (ბ) მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!“
    (გ) ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,
    (დ) დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

    1144

    (ა) „მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,
    (ბ) შევუზახენ: „დახოცენით!“, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;
    (გ) იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;
    (დ) ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

    1145

    (ა) „რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!
    (ბ) ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა!
    (გ) ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა!
    (დ) მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1146

    (ა) ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;
    (ბ) ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;
    (გ) ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,
    (დ) ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

    1147

    (ა) მოიტირეს, ყმამან უთხრა: „ნუღარ გასწყვედ, გაასრულე!”.
    (ბ) ფატმან იტყვის: „მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,
    (გ) გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,
    (დ) ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

    1148

    (ა) „ვჰკადრე: „მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა?
    (ბ) იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?
    (გ) მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა,
    (დ) ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.

    1149

    (ა) „რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,
    (ბ) გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა;
    (გ) ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა;
    (დ) მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1150

    (ა) „მითხრა: „შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,
    (ბ) რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!
    (გ) ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;
    (დ) თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!

    1151

    (ა) „ვთქვი: „უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა:
    (ბ) მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;
    (გ) ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.
    (დ) რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?“

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1152

    (ა) „ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი;
    (ბ) სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი!
    (გ) ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი;
    (დ) ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1153

    (ა) „მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით,
    (ბ) მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით,
    (გ) არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,
    (დ) ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

    1154

    (ა) „ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა,
    (ბ) დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!
    (გ) შევეხვეწი: „დადუმდიო“, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა,
    (დ) აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

    1155

    (ა) „შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,
    (ბ) შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები,
    (გ) მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,
    (დ) შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1156

    (ა) „ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,
    (ბ) თუმცა მეკითხა: „ვინ ხარ და ეგრე გასრული – რისაგან?“
    (გ) მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,
    (დ) მას ხორციელი რა გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1157

    (ა) „არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,
    (ბ) მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,
    (გ) მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,
    (დ) ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

    1158

    (ა) „სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;
    (ბ) ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,
    (გ) მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა:
    (დ) სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე – ნაჭედისა.

    1159

    (ა) „მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი;
    (ბ) ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი,
    (გ) ვთქვი: „თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი“.
    (დ) ესემეყო საგონებლად, შევიდი თუ გამოვიდი.

    1160

    (ა) „ვთქვი: „თუ არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების?
    (ბ) არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;
    (გ) ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების;
    (დ) ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

    1161

    (ა) „მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა!
    (ბ) მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა!
    (გ) არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,
    (დ) სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა“.

    1162

    (ა) „მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,
    (ბ) მერმე ვუთხარ: „გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,
    (გ) არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე“.
    (დ) ფიცი ფიცა საშინელი: „თავიცაო კლდეთა ვიცე!

    1163

    (ა) „რაცა მითხრა, სიკდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა,
    (ბ) არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა“.
    (გ) მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:
    (დ) „მოდი, მომყევ აქა სამე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა“.

    1164

    (ა) „ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი,
    (ბ) უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-ჰკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი;
    (გ) თქვა: „რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?!
    (დ) თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!“

    1165

    (ა) „ვთქვი, თუ: „არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა,
    (ბ) რაცა რა გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;
    (გ) მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,
    (დ) ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა“.

    1166

    (ა) „მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;
    (ბ) ვჰკადრეთ, თუ: „მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა!
    (გ) გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა?
    (დ) რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?“

    1167

    (ა) „რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა ანუ არ ისმენდა:
    (ბ) ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;
    (გ) გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რა-შენდა,
    (დ) მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რათმცა გაგვითენდა!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1168

    (ა) „ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:
    (ბ) ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა.
    (გ) კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,
    (დ) „არა ვიციო, მიმიშვით!“ – ეს ოდენ გვითხრა ენითა.

    1169

    (ა) „დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,
    (ბ) რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევაწამეთ!
    (გ) ძლივ ვიაჯეთ, შევიხვეწეთ, დავადუმეთ, დავაამეთ,
    (დ) ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

    1170

    (ა) „უსენ იტყვის: „ბევრ-ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;
    (ბ) ესე ღაწვნი მზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!
    (გ) უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,
    (დ) მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამოხოცნეს!“

    1171

    (ა) „მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით.
    (ბ) შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით.
    (გ) ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,
    (დ) გულნი ჩვენნი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

    1172

    (ა) „რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,
    (ბ) უსენ მითხრა: „არ მინახავს ძოღანდლითგან მეფე ჩვენი.
    (გ) მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი“.
    (დ) მოვახსენე: „დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!“

    1173

    (ა) „უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები.
    (ბ) დავჰვედრე: „დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები;
    (გ) ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები“.
    (დ) კვლა შემომფიცა: „არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!“

    1174

    (ა) „უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი,
    (ბ) – უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, –
    (გ) წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.
    (დ) აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსტრომელი!

    1175

    (ა) „რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,
    (ბ) კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.
    (გ) დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!
    (დ) მართლად თქმულა: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა – რქანი“.

    1176

    (ა) „უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:
    (ბ) „დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა,
    (გ) მარგალიტსა დიდროვანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა?
    (დ) ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა“.

    1177

    (ა) „თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: „ჰე, მაღალო ხელმწიფეო,
    (ბ) ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო, არსთა მზეო!
    (გ) რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?
    (დ) დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

    1178

    (ა) „ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა;
    (ბ) სხვა რამე მითქს, სარძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა;
    (გ) მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდენ ჰნახოთ მსგავსი მზისა;
    (დ) მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა“.

    1179

    (ა) „რას ვაგრძელებდე? გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,
    (ბ) უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.
    (გ) მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,
    (დ) უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

    1180

    (ა) „მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.
    (ბ) შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,
    (გ) თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,
    (დ) მოვიდეს, დია გავჰკვირდი, ვთქვი: „რამე საქმე ზესია“.

    1181

    (ა) „მისალამეს, „ფატმან, – მითხრეს, – ბრძანებაა ღმრთისა სწორთა:
    (ბ) დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,
    (გ) აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა”.
    (დ) ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

    1182

    (ა) „მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: „რა ქალი გინდა, რომელი?“
    (ბ) მათ მითხრეს: „უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი“.
    (გ) არა მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემთა სულთა მხდომელი,
    (დ) ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1183

    (ა) „შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად,
    (ბ) ვჰკადრე: „მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად!
    (გ) ცა მობრუნდა რისხვით ჩემთვის, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად,
    (დ) შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად“.

    1184

    „მან მითხრა: „დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!
    ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
    კარგი რა მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
    სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია“.

    1185

    (ა) „თვალთათ, ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი,
    (ბ) ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი,
    (გ) ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრეთვე ჭირად ჭირი.
    (დ) მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

    1186

    (ა) „შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა,
    (ბ) თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,
    (გ) თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა,
    (დ) მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

    1187

    (ა) „ვარქვი: „ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი“.
    (ბ) მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი.
    (გ) ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;
    (დ) იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

    1188

    (ა) „ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,
    (ბ) ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები;
    (გ) იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,
    (დ) გაკრთომით უთხრა: „ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?“

    1189

    (ა) „ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად;
    (ბ) მეფემან ბრძანა: „გამხადა ნახული მე უნახველად!
    (გ) ღმრთისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისად მსახველად!
    (დ) ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1190

    (ა) გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:
    (ბ) „მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისით გვარითა?“
    (გ) მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა,
    (დ) თავ-მოდრეკილი, დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

    1191

    (ა) „არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,
    (ბ) სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა;
    (გ) ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა,
    (დ) მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1192

    (ა) „მეფე ბრძანებს: „რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების?
    (ბ) ამა ორთა კიდეგანი აზრი არა არ იქმნების:
    (გ) ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების,
    (დ) მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების,

    1193

    (ა) „ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
    (ბ) არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,
    (გ) ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
    (დ) სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

    1194

    (ა) „ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,
    (ბ) მე დავახვედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული;
    (გ) მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,
    (დ) მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული“.

    1195

    (ა) „ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა,
    (ბ) უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;
    (გ) მაშინ ლაშქარს წასრულიყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,
    (დ) მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა.

    1196

    (ა) „მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,
    (ბ) მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,
    (გ) დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,
    (დ) მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

    1197

    (ა) „მეფემან ბრძანა: „მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!“
    (ბ) დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;
    (გ) ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,
    (დ) მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

    1198

    (ა) „უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად,
    (ბ) ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად,
    (გ) უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.
    (დ) სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1199

    (ა) „გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი,
    (ბ) ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: „რა ბედი მიც ჩემი მკლველი!
    (გ) სადაური სად მოსრულვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი!
    (დ) რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!“

    1200

    (ა) „კვლაცა იტყვის: „ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა!
    (ბ) ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!
    (გ) სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
    (დ) რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!“
  2.  
    1201

    (ა) „ხადუმნი იხმნა, უბრძანა: „ისმინეთ, მოდით ცნობასა!
    (ბ) მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,
    (გ) დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა,
    (დ) ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

    1202

    (ა) „არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;
    (ბ) მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია!
    (გ) სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია,
    (დ) თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

    1203

    (ა) „უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,
    (ბ) თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;
    (გ) ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,
    (დ) მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა!“;

    1204

    (ა) „შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,
    (ბ) მოიხადა გვირგვინიცა, გამჭვირვალი, ერთობ ლალი;
    (გ) მისცა, უთხრა: „გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი,
    (დ) მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი!“

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1205

    (ა) „მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,
    (ბ) დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,
    (გ) გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.
    (დ) ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1206

    (ა) „ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
    (ბ) დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა,
    (გ) შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
    (დ) კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

    1207

    (ა) „რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,
    (ბ) ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,
    (გ) სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი.
    (დ) დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული, ჩაუნთქმელი.

    1208

    (ა) „მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.
    (ბ) ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.
    (გ) გავე, ვიცან, მოვეხვივე, გამიკვირდა მეცა განა!
    (დ) შინა ყოლა არ შემომყვა: „რად მაწვევო“, შემანანა.

    1209

    (ა) „მიბრძანა: „თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,
    (ბ) მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!
    (გ) ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლა გამგზავნე ცხენითა,
    (დ) სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა“.

    1210

    (ა) „შევე ფიცხლა საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,
    (ბ) შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი;
    (გ) ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.
    (დ) წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვთესი!

    1211

    (ა) „დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,
    (ბ) მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;
    (გ) მე მკითხეს, ვარქვი: „თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი,
    (დ) მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!“

    1212

    (ა) „მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს გაწბილებულნი,
    (ბ) მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი.
    (გ) დაჰხედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი!
    (დ) მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

    1213

    (ა) „მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
    (ბ) აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:
    (გ) მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
    (დ) კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა – ბოზი ნაცი.

    1214

    (ა) „მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.
    (ბ) ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;
    (გ) ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი;
    (დ) ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

    1215

    (ა) „ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:
    (ბ) ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.
    (გ) გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად,
    (დ) აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1216

    (ა) „დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა.
    (ბ) ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;
    (გ) მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა: შენცა მოხვე, შემეშინა,
    (დ) ამად გკადრე, „ნუ მოხვალო“, მოგაგებე მონა წინა.

    1217

    (ა) „აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით,
    (ბ) შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით;
    (გ) ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,
    (დ) იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

    1218

    (ა) „თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა,
    (ბ) შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;
    (გ) მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,
    (დ) შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1219

    (ა) „მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! – მადლსა გკადრებდე მე რასა, –
    (ბ) რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!
    (გ) აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,
    (დ) აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი, ჩავიჭერ ქვე რასა!“

    1220

    (ა) ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:
    (ბ) მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;
    (გ) არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
    (დ) ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

    1221

    (ა) „იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,
    (ბ) რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს“.
    (გ) კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლნი სდენოდეს:
    (დ) „წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!“


    თავი ორმოცდამეექვსე თავი ორმოცდამერვე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9