თავისთვის განკუთვნილი ეგონა (ავთანდილის ცრემლი, გრძნობის გამამჟღავნებელი)
- 48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
- 1222
- (ა) ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე!
- (ბ) შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სადა-რე;
- (გ) პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
- (დ) მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სად არე!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1223
- (ა) ფატმან იტყვის: „მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,
- (ბ) სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;
- (გ) მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
- (დ) ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.
- 1224
- (ა) „სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა,
- (ბ) მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;
- (გ) უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
- (დ) ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1225
- (ა) „დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა,
- (ბ) წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;
- (გ) ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,
- (დ) ვთქვი: „კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა“.
- 1226
- (ა) „მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
- (ბ) მონა მონურად მოსილი, სხვანი – მგზავრულად ხამითა;
- (გ) სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,
- (დ) სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.
- 1227
- (ა) „მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი, თქვეს: „ამოდ გავიხარენით,
- (ბ) მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,
- (გ) არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით,
- (დ) ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.
- 1228
- (ა) „მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
- (ბ) მონამან უთხრა: „ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:
- (გ) მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,
- (დ) ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.
- 1229
- (ა) „მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
- (ბ) მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა;
- (გ) მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,
- (დ) აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.
- 1230
- (ა) „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა, ლოდია,
- (ბ) ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
- (გ) მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია,
- (დ) აწ იგი ქაჯეთს მორჭმული ქვე ზის, ხელმწიფე სწოდია.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1231
- (ა) „გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა.
- (ბ) შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა,
- (გ) ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?
- (დ) როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრის ათისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1232
- (ა) „როშაქ ბრძანა: „მო-ცა-ვინ-მკლას, მე ტირილსა არ დავჰხვდები,
- (ბ) მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,
- (გ) შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები,
- (დ) მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები“.
- 1233
- (ა) „გვითხრა მისთა ხელისათა: „წავალ, თანა წამომყევით!“
- (ბ) წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.
- (გ) დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;
- (დ) დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენ კერძ გარდმოვდევით.
- 1234
- (ა) „მინდორ-მინდორ მოვიდოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
- (ბ) დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
- (გ) ვთქვით, თუ: „მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
- (დ) დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.
- 1235
- (ა) „ზოგთა ვთქვით „არის ცისკარი“, ზოგთა თქვეს „არის მთვარეო“,
- (ბ) მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!
- (გ) შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;
- (დ) მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.
- 1236
- (ა) „გვითხრა: ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით!
- (ბ) გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!“
- (გ) ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,
- (დ) პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.
- 1237
- (ა) „ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;
- (ბ) მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;
- (გ) ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,
- (დ) კბილთაგან შუქი შეადგის ზედან გიშრისა სარებსა.
- 1238
- (ა) „კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.
- (ბ) არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;
- (გ) როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,
- (დ) აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.
- 1239
- (ა) „კვლა ვჰკითხეთ: „გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,
- (ბ) ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?“
- (გ) მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.
- (დ) რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!
- 1240
- (ა) „არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი,
- (ბ) არა არ გვითხრა, ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი;
- (გ) ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი,
- (დ) ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.
- 1241
- (ა) „როშაქ გვიბრძანა: „ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ-სათქმელია,
- (ბ) ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;
- (გ) ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,
- (დ) მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.
- 1242
- (ა) „ესე ღმერთსა მისაგვრელად მათად ჩვენთვის მოუცია,
- (ბ) მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.
- (გ) თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,
- (დ) პირველ – მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია“.
- 1243
- (ა) „მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით,
- (ბ) დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,
- (გ) არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;
- (დ) იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.
- 1244
- (ა) „მე როშაქს ვჰკადრე: გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;
- (ბ) აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი“.
- (გ) მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,
- (დ) თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი“.
- 1245
- (ა) „მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.
- (ბ) მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,
- (გ) მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,
- (დ) ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1246
- (ა) „მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
- (ბ) ვჰკითხე: „მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა“.
- (გ) მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,
- (დ) მან ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.
- 1247
- (ა) „მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:
- (ბ) უჩინოდ მივლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;
- (გ) მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: „ნუ დასდგებითა,
- (დ) მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა“.
- 1248
- (ა) „სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა:
- (ბ) „მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,
- (გ) ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,
- (დ) ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან, ცოტასა ყრმისადა.
- 1249
- (ა) „როსანს შევჰრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, –
- (ბ) ჯერთ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;
- (გ) შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია“.
- (დ) ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.
- 1250
- (ა) „ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,
- (ბ) მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია;
- (გ) ქვე დაუყრია მოყმენი, ვინც უფრო გულოვანია,
- (დ) დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.
- 1251
- (ა) „ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
- (ბ) ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,
- (გ) მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძვრომელი ხვრელია,
- (დ) მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.
- 1252
- (ა) „გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
- (ბ) ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
- (გ) ქალაქის კართა სამთავე – სამათას-სამათასები.
- (დ) გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და-გლახ-რას-ები!“
- 1253
- (ა) ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,
- (ბ) რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,
- (გ) შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:
- (დ) „ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1254
- (ა) ფატმანს უთხრა: „საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად,
- (ბ) მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად.
- (გ) მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად:
- (დ) ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?
- 1255
- (ა) „მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
- (ბ) მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა!“
- (გ) ფატმან უთხრა: „მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
- (დ) არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1256
- (ა) „ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთგან კრებულნი,
- (ბ) კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,
- (გ) ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი;
- (დ) მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1257
- (ა) „იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
- (ბ) ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
- (გ) ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
- (დ) სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათობენ.
- 1258
- (ა) „ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
- (ბ) თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი“.
- (გ) ავთანდილ მადლი უბრძანა: „ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,
- (დ) დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი“.
- 1259
- (ა) გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი,
- (ბ) თქვა: ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი,
- (გ) ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,
- (დ) წყალობა შენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!“
- 1260
- (ა) მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
- (ბ) ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
- (გ) ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა;
- (დ) ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.
- 1261
- (ა) მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა;
- (ბ) ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
- (გ) ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
- (დ) გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1262
- (ა) ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად,
- (ბ) შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;
- (გ) იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი ვინ, ვარდია ვისად,
- (დ) უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1263
- (ა) მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;
- (ბ) გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
- (გ) ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.
- (დ) თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია!
- 1264
- (ა) გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;
- (ბ) დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,
- (გ) მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:
- (დ)„რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები!“
- 1265
- (ა) ავთანდილ თქვა: „საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!“
- (ბ) სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;
- (გ) მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,
- (დ) მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.
- 1266
- (ა) ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;
- (ბ) ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;
- (გ) ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,
- (დ) შემოსცინა: „აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად“.
- 1267
- (ა) ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.
- (ბ) მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა:
- (გ) „შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!“
- (დ) თუმცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1268
- (ა) პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,
- (ბ) ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;
- (გ) საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა.
- (დ) ფატმან იხმო: „მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა“.
- 1269
- (ა) ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა,
- (ბ) იტყოდა: „მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!“
- (გ) გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,
- (დ) ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.
- 1270
- (ა) ავთანდილ ბრძანა: „ჰე, ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,
- (ბ) დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,
- (გ) მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,
- (დ) ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.
- 1271
- (ა) „გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;
- (ბ) მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,
- (გ) თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,
- (დ) მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.
- 1272
- (ა) „შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.
- (ბ) მათ უვის ერთი ასული, მზე, ხმელთა მანათობელი.
- (გ) იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი,
- (დ) მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.
- 1273
- (ა) „რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად
- (ბ) მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;
- (გ) მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
- (დ) გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად“.
- 1274
- (ა) ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,
- (ბ) ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;
- (გ) უბრძანა: „შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,
- (დ) ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.
- 1275
- (ა) „მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა,
- (ბ) ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა!
- (გ) ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა;
- (დ) ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა!
- 1276
- (ა) „მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,
- (ბ) ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;
- (გ) მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
- (დ) ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1277
- (ა) ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
- (ბ) დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“
- (გ) მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი;
- (დ) უბრძანა: „ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!
- 1278
- (ა) „აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,
- (ბ) ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
- (გ) მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა“.
- (დ) მან უთხრა: „ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა“.
- თავი ორმოცდამეშვიდე თავი ორმოცდამეცხრე