1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შვ შთ ში შლ შმ შო შრ შტ შუ
შე შე შე- შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შეპ შეჟ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეყ შეშ შეც შეძ შეწ შეჭ შეჯ შეჰ

შეეტყვების

ეტყობა
 
48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა

1222

(ა) ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე!
(ბ) შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სადა-რე;
(გ) პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
(დ) მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სად არე!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1223

(ა) ფატმან იტყვის: „მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,
(ბ) სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;
(გ) მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
(დ) ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.

1224

(ა) „სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა,
(ბ) მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;
(გ) უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
(დ) ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1225

(ა) „დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა,
(ბ) წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;
(გ) ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,
(დ) ვთქვი: „კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა“.

1226

(ა) „მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
(ბ) მონა მონურად მოსილი, სხვანი – მგზავრულად ხამითა;
(გ) სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,
(დ) სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1227

(ა) „მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი, თქვეს: „ამოდ გავიხარენით,
(ბ) მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,
(გ) არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით,
(დ) ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1228

(ა) „მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
(ბ) მონამან უთხრა: „ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:
(გ) მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,
(დ) ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1229

(ა) „მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
(ბ) მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა;
(გ) მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,
(დ) აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1230

(ა) „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა, ლოდია,
(ბ) ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
(გ) მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია,
(დ) აწ იგი ქაჯეთს მორჭმული ქვე ზის, ხელმწიფე სწოდია.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1231

(ა) „გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა.
(ბ) შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა,
(გ) ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?
(დ) როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრის ათისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1232

(ა) „როშაქ ბრძანა: „მო-ცა-ვინ-მკლას, მე ტირილსა არ დავჰხვდები,
(ბ) მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,
(გ) შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები,
(დ) მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები“.

1233

(ა) „გვითხრა მისთა ხელისათა: „წავალ, თანა წამომყევით!“
(ბ) წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.
(გ) დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;
(დ) დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენ კერძ გარდმოვდევით.

1234

(ა) „მინდორ-მინდორ მოვიდოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
(ბ) დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
(გ) ვთქვით, თუ: „მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
(დ) დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1235

(ა) „ზოგთა ვთქვით „არის ცისკარი“, ზოგთა თქვეს „არის მთვარეო“,
(ბ) მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!
(გ) შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;
(დ) მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1236

(ა) „გვითხრა: ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით!
(ბ) გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!“
(გ) ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,
(დ) პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1237

(ა) „ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;
(ბ) მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;
(გ) ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,
(დ) კბილთაგან შუქი შეადგის ზედან გიშრისა სარებსა.

1238

(ა) „კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.
(ბ) არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;
(გ) როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,
(დ) აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1239

(ა) „კვლა ვჰკითხეთ: „გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,
(ბ) ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?“
(გ) მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.
(დ) რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1240

(ა) „არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი,
(ბ) არა არ გვითხრა, ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი;
(გ) ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი,
(დ) ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1241

(ა) „როშაქ გვიბრძანა: „ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ-სათქმელია,
(ბ) ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;
(გ) ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,
(დ) მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1242

(ა) „ესე ღმერთსა მისაგვრელად მათად ჩვენთვის მოუცია,
(ბ) მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.
(გ) თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,
(დ) პირველმათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია“.

1243

(ა) „მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით,
(ბ) დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,
(გ) არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;
(დ) იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.

1244

(ა) „მე როშაქს ვჰკადრე: გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;
(ბ) აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი“.
(გ) მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,
(დ) თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი“.

1245

(ა) „მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.
(ბ) მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,
(გ) მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,
(დ) ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1246

(ა) „მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
(ბ) ვჰკითხე: „მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა“.
(გ) მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,
(დ) მან ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.

1247

(ა) „მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:
(ბ) უჩინოდ მივლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;
(გ) მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: „ნუ დასდგებითა,
(დ) მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა“.


1248

(ა) „სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა:
(ბ) „მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,
(გ) ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,
(დ) ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან, ცოტასა ყრმისადა.

1249

(ა) „როსანს შევჰრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, –
(ბ) ჯერთ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;
(გ) შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია“.
(დ) ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1250

(ა) „ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,
(ბ) მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია;
(გ) ქვე დაუყრია მოყმენი, ვინც უფრო გულოვანია,
(დ) დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1251

(ა) „ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
(ბ) ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,
(გ) მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძვრომელი ხვრელია,
(დ) მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1252

(ა) „გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
(ბ) ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
(გ) ქალაქის კართა სამთავე – სამათას-სამათასები.
(დ) გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და-გლახ-რას-ები!

1253

(ა) ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,
(ბ) რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,
(გ) შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:
(დ) „ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1254

(ა) ფატმანს უთხრა: „საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად,
(ბ) მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად.
(გ) მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად:
(დ) ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

1255

(ა) „მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
(ბ) მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა!“
(გ) ფატმან უთხრა: „მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
(დ) არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1256

(ა) „ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთგან კრებულნი,
(ბ) კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,
(გ) ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი;
(დ) მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1257

(ა) „იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
(ბ) ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
(გ) ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
(დ) სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათობენ.

1258

(ა) „ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
(ბ) თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი“.
(გ) ავთანდილ მადლი უბრძანა: „ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,
(დ) დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი“.

1259

(ა) გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი,
(ბ) თქვა: ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი,
(გ) ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,
(დ) წყალობა შენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!“

1260

(ა) მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
(ბ) ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
(გ) ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა;
(დ) ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1261

(ა) მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა;
(ბ) ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
(გ) ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
(დ) გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1262

(ა) ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად,
(ბ) შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;
(გ) იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი ვინ, ვარდია ვისად,
(დ) უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1263

(ა) მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;
(ბ) გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
(გ) ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.
(დ) თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია!

1264

(ა) გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;
(ბ) დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,
(გ) მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:
(დ)„რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები!“

1265

(ა) ავთანდილ თქვა: „საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!“
(ბ) სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;
(გ) მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,
(დ) მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1266

(ა) ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;
(ბ) ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;
(გ) ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,
(დ) შემოსცინა: „აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად“.

1267

(ა) ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.
(ბ) მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა:
(გ) „შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!“
(დ) თუმცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1268

(ა) პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,
(ბ) ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;
(გ) საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა.
(დ) ფატმან იხმო: „მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა“.

1269

(ა) ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა,
(ბ) იტყოდა: „მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!“
(გ) გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,
(დ) ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1270

(ა) ავთანდილ ბრძანა: „ჰე, ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,
(ბ) დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,
(გ) მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,
(დ) ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1271

(ა) „გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;
(ბ) მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,
(გ) თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,
(დ) მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1272

(ა) „შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.
(ბ) მათ უვის ერთი ასული, მზე, ხმელთა მანათობელი.
(გ) იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი,
(დ) მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1273

(ა) „რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად
(ბ) მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;
(გ) მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
(დ) გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად“.

1274

(ა) ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,
(ბ) ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;
(გ) უბრძანა: „შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,
(დ) ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.

1275

(ა) „მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა,
(ბ) ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა!
(გ) ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა;
(დ) ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა!

1276

(ა) „მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,
(ბ) ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;
(გ) მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
(დ) ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1277

(ა) ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
(ბ) დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“
(გ) მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი;
(დ) უბრძანა: „ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1278

(ა) „აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,
(ბ) ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
(გ) მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა“.
(დ) მან უთხრა: „ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა“.

თავი ორმოცდამეშვიდე თავი ორმოცდამეცხრე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9