შენ შემდეგ, შენი დაწერის შემდეგ
- 49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
- 1279
- (ა) ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
- (ბ) შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
- (გ) სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,
- (დ) ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1280
- (ა) „თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
- (ბ) მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე!
- (გ) შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა, მო, ალხენიე!
- (დ) ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე!
- 1281
- (ა) „მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,
- (ბ) ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,
- (გ) სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;
- (დ) შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული!
- 1282
- (ა) „ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
- (ბ) ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?
- (გ) მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:
- (დ) ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?
- 1283
- (ა) „რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;
- (ბ) მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე!
- (გ) შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე,
- (დ) ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!
- 1284
- (ა) „წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები,
- (ბ) დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და ლალები;
- (გ) ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები,
- (დ) შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის, არ გებრალები?“
- 1285
- (ა) ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა:
- (ბ) „ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!“
- (გ) მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
- (დ) მასვე წამსა დაიკარგა, გარდაჰფრინდა ბანის-ბანსა.
- 1286
- (ა) წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა,
- (ბ) რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
- (გ) უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,
- (დ) მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.
- 1287
- (ა) ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
- (ბ) შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გძელი, ტან-ნაბდიანი;
- (გ) იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,
- (დ) შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად – იანი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1288
- (ა) ზანგმან უთხრა: „ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?
- (ბ) მე ვარ მონა ფატმანისი, თქვენს წინაშე ნამგზავრები;
- (გ) ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,
- (დ) მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!“
- 1289
- (ა) პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა,
- (ბ) ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
- (გ) მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;
- (დ) სულთქვამს, იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა.
- 1290
- (ა) მონასა ჰკითხა: „მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?
- (ბ) ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?“
- (გ) მან მოახსენა: „ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცებნელი,
- (დ) რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.
- 1291
- (ა) „ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;
- (ბ) მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;
- (გ) მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,
- (დ) ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.
- 1292
- (ა) „აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,
- (ბ) მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა.
- (გ) იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა;
- (დ) მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა“.
- 1293
- (ა) ქალმან უთხრა: „მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!
- (ბ) ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?
- (გ) უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი.
- (დ) მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითაცა გულ-მდუღარი“.
- თავი ორმოცდამერვე თავი ორმოცდამეათე