1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სდ სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ
სწა სწბ სწე სწვ სწო სწრ სწუ

სწრაფა სწრაფითა ხშირითა

დიდი სისწრაფით სვლა, დიდი აჩქარება
 
49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი

1279

(ა) ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
(ბ) შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
(გ) სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,
(დ) ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1280

(ა) „თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
(ბ) მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე!
(გ) შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა, მო, ალხენიე!
(დ) ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე!

1281

(ა) „მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,
(ბ) ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,
(გ) სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;
(დ) შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული!

1282

(ა) „ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
(ბ) ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?
(გ) მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:
(დ) ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?

1283

(ა) „რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;
(ბ) მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე!
(გ) შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე,
(დ) ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

1284

(ა) „წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები,
(ბ) დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და ლალები;
(გ) ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები,
(დ) შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის, არ გებრალები?“

1285

(ა) ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა:
(ბ) „ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!“
(გ) მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
(დ) მასვე წამსა დაიკარგა, გარდაჰფრინდა ბანის-ბანსა.

1286

(ა) წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა,
(ბ) რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
(გ) უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,
(დ) მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1287

(ა) ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
(ბ) შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გძელი, ტან-ნაბდიანი;
(გ) იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,
(დ) შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად – იანი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1288

(ა) ზანგმან უთხრა: „ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?
(ბ) მე ვარ მონა ფატმანისი, თქვენს წინაშე ნამგზავრები;
(გ) ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,
(დ) მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!“

1289

(ა) პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა,
(ბ) ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
(გ) მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;
(დ) სულთქვამს, იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1290

(ა) მონასა ჰკითხა: „მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?
(ბ) ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?“
(გ) მან მოახსენა: „ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცებნელი,
(დ) რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1291

(ა) „ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;
(ბ) მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;
(გ) მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,
(დ) ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

1292

(ა) „აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,
(ბ) მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა.
(გ) იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა;
(დ) მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა“.

1293

(ა) ქალმან უთხრა: „მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!
(ბ) ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?
(გ) უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი.
(დ) მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითაცა გულ-მდუღარი“.


თავი ორმოცდამერვე თავი ორმოცდამეათე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9