1 2 3 4 5 6 7 8 9

და დგ დე დი დნ დო დრ დუ დღ
და და და- დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ

დადაგულისად

დამწვარისა
 
51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი

1301

(ა) აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
(ბ) მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის, ვის, ალი,
(გ) დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
(დ) ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1302

(ა) „ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
(ბ) ტანი კალმად მაქვს, კალამი ნავღელსა ამონაწები!
(გ) მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები;
(დ) გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1303

(ა) „ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
(ბ) რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
(გ) ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია;
(დ) უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჰმე, რა დიდი ძნელია!

304

(ა) „ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?
(ბ) ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან;
(გ) ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
(დ) გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1305

(ა) „შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;
(ბ) ჩემი მეთქვა გარდასრულად სიცოცხლე და ყოვლი ღონე;
(გ) აწ, რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
(დ) ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.

1306

(ა) „შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
(ბ) გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
(გ) მომიგონებდი, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული, სად
(დ) ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად!

1307

(ა) „სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
(ბ) ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების!
(გ) ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!
(დ) აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1308

(ა) „აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,
(ბ) არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
(გ) კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
(დ) ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1309

(ა) „ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
(ბ) გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
(გ) დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
(დ) მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1310

(ა) „ნუ, თუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა!
(ბ) ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
(გ) შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
(დ) მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1311

(ა) „შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
(ბ) ჩემი სთქვა: „სხვათა მიჰხვდების იგი ალვისა ტანითა!“
(გ) არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
(დ) ან თავსა კლდესა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1312

(ა) „შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი!
(ბ) შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი.
(გ) აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი.
(დ) სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1313

(ა) „ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
(ბ) ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა,
(გ) მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
(დ) დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1314

(ა) „მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი.
(ბ) განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!
(გ) მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,
(დ) თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1315

(ა) „მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
(ბ) მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
(გ) მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
(დ) ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!

1316

(ა) „წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
(ბ) მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა,
(გ) გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
(დ) მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!

1317

(ა) „რაცა ვიჩივლე, ბედისა ჩემისა კმა საჩივარად!
(ბ) ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად!
(გ) შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,
(დ) ვირე ცოცხალ ვარ, მეყოფი სატირლად და სატკივარად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1318

(ა) „აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
(ბ) გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა;
(გ) ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
(დ) რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩემზედა ცისა შვიდისა“.

1319

(ა) ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,
(ბ) რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.
(გ) თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
(დ) ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათა მონაბერი.

1320

(ა) იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი,
(ბ) წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არ-მრავალი.
(გ) რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,
(დ) ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა მთრვალი.

1321

(ა) ფატმანს უთხრა: „გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი;
(ბ) დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი!
(გ) წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
(დ) ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

1322

(ა) ხათუნმან უთხრა: „ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
(ბ) მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
(გ) ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების!
(დ) თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების“.

1323

(ა) ყმამან ფრიდონის მონანი იხმნა, მას თანა ხლებულნი,
(ბ) უბრძანა: „მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი,
(გ) რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი.
(დ) ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახ-ვებულნი!

1324

(ა) „მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი;
(ბ) მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
(გ) მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,
(დ) თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1325

(ა) „ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;
(ბ) მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;
(გ) აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,
(დ) ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები!

1326

(ა) „სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა“.
(ბ) მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა,
(გ) უბრძანა: „წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,
(დ) ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა“.

თავი ორმოცდამეათე თავი ორმოცდამეთორმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9