ვახარებ, ვუვლი, ვაცოცხლებ (ჩემს სიყვარულს შენდამი)
- 51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
- 1301
- (ა) აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
- (ბ) მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის, ვის, ალი,
- (გ) დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
- (დ) ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1302
- (ა) „ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
- (ბ) ტანი კალმად მაქვს, კალამი ნავღელსა ამონაწები!
- (გ) მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები;
- (დ) გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1303
- (ა) „ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
- (ბ) რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
- (გ) ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია;
- (დ) უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჰმე, რა დიდი ძნელია!
- 304
- (ა) „ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?
- (ბ) ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან;
- (გ) ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
- (დ) გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.
- 1305
- (ა) „შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;
- (ბ) ჩემი მეთქვა გარდასრულად სიცოცხლე და ყოვლი ღონე;
- (გ) აწ, რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
- (დ) ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.
- 1306
- (ა) „შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
- (ბ) გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
- (გ) მომიგონებდი, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული, სად
- (დ) ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად!
- 1307
- (ა) „სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
- (ბ) ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების!
- (გ) ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!
- (დ) აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1308
- (ა) „აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,
- (ბ) არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
- (გ) კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
- (დ) ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!
- 1309
- (ა) „ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
- (ბ) გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
- (გ) დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
- (დ) მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1310
- (ა) „ნუ, თუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა!
- (ბ) ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
- (გ) შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
- (დ) მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1311
- (ა) „შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
- (ბ) ჩემი სთქვა: „სხვათა მიჰხვდების იგი ალვისა ტანითა!“
- (გ) არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
- (დ) ან თავსა კლდესა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.
- 1312
- (ა) „შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი!
- (ბ) შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი.
- (გ) აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი.
- (დ) სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1313
- (ა) „ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
- (ბ) ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა,
- (გ) მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
- (დ) დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.
- 1314
- (ა) „მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი.
- (ბ) განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!
- (გ) მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,
- (დ) თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1315
- (ა) „მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
- (ბ) მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
- (გ) მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
- (დ) ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!
- 1316
- (ა) „წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
- (ბ) მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა,
- (გ) გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
- (დ) მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!
- 1317
- (ა) „რაცა ვიჩივლე, ბედისა ჩემისა კმა საჩივარად!
- (ბ) ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად!
- (გ) შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,
- (დ) ვირე ცოცხალ ვარ, მეყოფი სატირლად და სატკივარად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1318
- (ა) „აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
- (ბ) გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა;
- (გ) ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
- (დ) რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩემზედა ცისა შვიდისა“.
- 1319
- (ა) ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,
- (ბ) რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.
- (გ) თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
- (დ) ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათა მონაბერი.
- 1320
- (ა) იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი,
- (ბ) წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არ-მრავალი.
- (გ) რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,
- (დ) ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა მთრვალი.
- 1321
- (ა) ფატმანს უთხრა: „გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი;
- (ბ) დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი!
- (გ) წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
- (დ) ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.
- 1322
- (ა) ხათუნმან უთხრა: „ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
- (ბ) მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
- (გ) ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების!
- (დ) თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების“.
- 1323
- (ა) ყმამან ფრიდონის მონანი იხმნა, მას თანა ხლებულნი,
- (ბ) უბრძანა: „მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი,
- (გ) რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი.
- (დ) ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახ-ვებულნი!
- 1324
- (ა) „მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი;
- (ბ) მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
- (გ) მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,
- (დ) თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1325
- (ა) „ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;
- (ბ) მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;
- (გ) აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,
- (დ) ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები!
- 1326
- (ა) „სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა“.
- (ბ) მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა,
- (გ) უბრძანა: „წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,
- (დ) ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა“.
- თავი ორმოცდამეათე თავი ორმოცდამეთორმეტე