1 2 3 4 5 6 7 8 9

და დგ დე დი დნ დო დრ დუ დღ
და და და- დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ

დანაწერობა

ხელი (ნესტანისა)
 
53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

1336

(ა) გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა;
(ბ) პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;
(გ) მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა;
(დ) ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1337

(ა) მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
(ბ) ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,
(გ) ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.
(დ) სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1338

(ა) აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;
(ბ) ვარდთა აკოცა ბაგითა მის ვარდისავე დარითა,
(გ) უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა,
(დ) მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა“.

1339

(ა) რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი.
(ბ) ტარიელისკე იარნა მან გზანი საწყინარენი,
(გ) უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი,
(დ) სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1340

(ა) ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: „იგი კლდენია,
(ბ) სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;
(გ) ღირს ვარცა, ვნახო პირის-პირ, ვუამბო, რაცა მსმენია?
(დ) არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა? ცუდ ჩემი განავლენია!

1341

(ა) „თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა,
(ბ) მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა,
(გ) სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო“, – იგონებდა, იხედვიდა,
(დ) ესე თქვა და მიუქცივა, მინდორთაკე წამოვიდა.

1342

(ა) მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,
(ბ) მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სახარულითა.
(გ) ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა:
(დ) შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.

1343

(ა) ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;
(ბ) შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა;
(გ) ყივილი ავთანდილისი ესმოდა, ეოცებოდა,
(დ) შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1344

(ა) ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა.
(ბ) ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.
(გ) მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა,
(დ) ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1345

(ა) ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:
(ბ) – სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,
(გ) ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, –
(დ) „რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1346

(ა) ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;
(ბ) გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;
(გ) ეტყოდა: „ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,
(დ) აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდე ჭნებოდა“.

1347

(ა) ტარიელ უთხრა: „ჰე, ძმაო, კმა არს, დღეს რაცა მლხენია,
(ბ) ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, – ნახვა შენია;
(გ) სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია:
(დ) კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა არ საქმე ზენია!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1348

(ა) რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა,
(ბ) მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გაძლო, აუჩქარდა,
(გ) გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთათ ვარდი ვარდა.
(დ) რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოჰვარდა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1349

(ა) წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან,
(ბ) პირსა დაიდვა, – დაეცა, – ვარდმან ფერითა მკრთალამან,
(გ) სულნი გაექცეს, მოდრიკნა თავნი გიშრისა ტალამან.
(დ) მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1350

(ა) ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა,
(ბ) შეჰფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა,
(გ) ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა;
(დ) მისთა ნიშატთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1351

(ა) ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,
(ბ) ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს გიშრისა ჭერითა;
(გ) გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა,
(დ) მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1352

(ა) პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:
(ბ) „რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა,
(გ) წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!
(დ) ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1353

(ა) „მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?
(ბ) თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დაზმით გაგონებულსა!
(გ) ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა,
(დ) თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

1354

(ა) უცნობო-ქმნილი ტარიელ ძევს მსგავსად ნატუსალისად.
(ბ) ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად,
(გ) მუნ პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,
(დ) მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1355

(ა) ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;
(ბ) ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,
(გ) თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.
(დ) ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1356

(ა) ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
(ბ) ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,
(გ) მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, –
(დ) სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.

1357

(ა) აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
(ბ) ჭირსა და ლხინსა – ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,
(გ) მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.
(დ) იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

1358

(ა) ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა,
(ბ) იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;
(გ) დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
(დ) ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.

1359

(ა) იტყვის, თუ: „ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,
(ბ) აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად;
(გ) ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისად!
(დ) ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1360

(ა) „ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,
(ბ) მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკე თავნი ვარნეთ,
(გ) ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ,
(დ) უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ“.

1361

(ა) მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.
(ბ) შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,
(გ) მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა;
(დ) ვინ ღირს-ა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1362

(ა) ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:
(ბ) „მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!
(გ) ვითა ზე-მთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა,
(დ) დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა.

1363

(ა) „მე ვერა გიყო, ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი,
(ბ) ზეგარდმო მისი შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!“
(გ) შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;
(დ) აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1364

(ა) ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი.
(ბ) შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, –
(გ) ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, –
(დ) მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი, პერანგოსანი.

1365

(ა) აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა,
(ბ) აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.
(გ) ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთრვალისა,
(დ) არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1366

(ა) მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით:
(ბ) „ჰე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით!
(გ) ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,
(დ) აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1367

(ა) ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად;
(ბ) მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,
(გ) ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად;
(დ) „რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1368

(ა) ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,
(ბ) ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა.
(გ) უთხრა, თუ: „ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა!
(დ) მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა“.

1369

(ა) ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,
(ბ) გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,
(გ) ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა,
(დ) იტყვის: „რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა?“

1370

(ა) ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია,
(ბ) ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
(გ) მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
(დ) ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

1371

(ა) ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა,
(ბ) ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;
(გ) ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.
(დ) კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა!

1372

(ა) ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: „გვიყოო, რაცა სჯობდა!
(ბ) აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა“;
(გ) ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა.
(დ) ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1373

(ა) ტარიელ ეტყვის ავთანდილს: „ისმინე სიტყვა ასები,
(ბ) გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები:
(გ) მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები,
(დ) მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები.

1374

(ა) „მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;
(ბ) მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რაზომია“.
(გ) ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,
(დ) დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

1375

(ა) პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა,
(ბ) მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა,
(გ) ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა;
(დ) ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!

1376

(ა) იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.
(ბ) პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი,
(გ) მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,
(დ) შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არ-გახსნილი.

1377

(ა) ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
(ბ) ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო;
(გ) თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო!
(დ) უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო“.

1378

(ა) კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
(ბ) რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
(გ) ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი
(დ) ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს, ვითა ლუსკუმანი.

1379

(ა) თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავისთავ გამოსცდიდიან,
(ბ) ჯაჭვ-მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;
(გ) ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა, სჭრიდიან,
(დ) მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1380

(ა) თქვეს: „ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;
(ბ) ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა“.
(გ) აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,
(დ) თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1381

(ა) ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები,
(ბ) გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები.
(გ) ავთანდილ თქვა: „ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები,
(დ) ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი ორმოცდამეთორმეტე თავი ორმოცდამეთოთხმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9