1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სდ სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საეჭვი არს სიძნელისა

მოსალოდნელია, რომ (ომი) საძნელო შეგვექმნება
 
54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა

1382

(ა) რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
(ბ) ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;
(გ) მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
(დ) ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვამცა ვინღა წაიტანა!

1383

(ა) იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
(ბ) ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
(გ) მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: „გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
(დ) მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მივადგეთა!

1384

(ა) „ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,
(ბ) გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,
(გ) ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად“ –
(დ) ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად!

1385

(ა) დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა,
(ბ) მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა,
(გ) უყივლეს: „ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?
(დ) ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა!“

1386

(ა) მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს,
(ბ) მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:
(გ) „გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!“
(დ) ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.

1387

(ა) შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა,
(ბ) ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
(გ) იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა,
(დ) დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1388

(ა) რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: „ვნახეო, ვინცა მინა“.
(ბ) მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა;
(გ) ფრიდონს უთხრა: „რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
(დ) პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!“

1389

(ა) ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის-სცა,
(ბ) იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, – აკოცისცა.
(გ) ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა;
(დ) დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1390

(ა) ფრიდონ უთხრა: „რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე,
(ბ) მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!
(გ) ჰგვანდა, თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,
(დ) ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1391

(ა) ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.
(ბ) ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა;
(გ) ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა;
(დ) მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1392

(ა) უთხრეს: „ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,
(ბ) მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია“.
(გ) მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:
(დ) „ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია“.

1393

(ა) გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;
(ბ) აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
(გ) დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,
(დ) თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1394

(ა) უთხრა, თუ: „ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა,
(ბ) ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა,
(გ) მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა,
(დ) თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1395

(ა) „დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი;
(ბ) სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;
(გ) ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
(დ) მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგკლავს ალვისა, მო-, ტანი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1396

(ა) „ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების:
(ბ) ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერსით მოადგების;
(გ) თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,
(დ) მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების“.

1397

(ა) იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა,
(ბ) მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
(გ) თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.
(დ) ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა!

1398

(ა) ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა,
(ბ) ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა.
(გ) ფრიდონ თქვა: „ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
(დ) აქათგან ღამით ვლა გვინდა მით, არას გამჟღავნებულთა“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1399

(ა) ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან:
(ბ) რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან;
(გ) მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
(დ) გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1400

(ა) გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
(ბ) მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;
(გ) თქვეს: „ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია:
(დ) ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია“.

თავი ორმოცდამეცამეტე თავი ორმოცდამეთხუთმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9