მისცვივდნენ, ეცნენ, მიუვარდნენ
- 57. თათბირი ტარიელისა
- 1410
- (ა) ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან, გმირთა, მეტი გმირობა,
- (ბ) თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
- (გ) ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა;
- (დ) კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1411
- (ა) „მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
- (ბ) ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
- (გ) თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
- (დ) ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1412
- (ა) „მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
- (ბ) გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
- (გ) სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები;
- (დ) მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.
- 1413
- (ა) „ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
- (ბ) სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
- (გ) მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
- (დ) ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“.
- 1414
- (ა) ფრიდონ უთხრა: „შემიგიან, გაგიგია, ვიცი მე, რა:
- (ბ) მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა,
- (გ) ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
- (დ) თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1415
- (ა) ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა,
- (ბ) ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
- (გ) ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
- (დ) გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1416
- (ა) კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,
- (ბ) დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
- (გ) გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
- (დ) ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.
- 1417
- (ა) იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
- (ბ) მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
- (გ) ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
- (დ) დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1418
- (ა) ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
- (ბ) რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
- (გ) მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
- (დ) მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
- 1419
- (ა) თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწვდომნია,
- (ბ) მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;
- (გ) მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
- (დ) აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!
- 1420
- (ა) სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები;
- (ბ) თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
- (გ) მას ღამით უყვეს სადარნო, უცრუო, არ-ნაჩქარები,
- (დ) გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.
- 1421
- (ა) პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
- (ბ) მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
- (გ) გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,
- (დ) მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.
- 1422
- (ა) ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
- (ბ) რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.
- (გ) სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავის-თავ უყვეს რიალი,
- (დ) იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1423
- (ა) მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა,
- (ბ) კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა.
- (გ) მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
- (დ) ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1424
- (ა) კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
- (ბ) აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
- (გ) სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა,
- (დ) რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.
- 1425
- (ა) ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს,
- (ბ) მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს,
- (გ) უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
- (დ) თქვეს: „ტარიელ რა იქმნაო?“, მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
- 1426
- (ა) ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიელისა.
- (ბ) ციხისა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
- (გ) მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
- (დ) ათი ათასი ნობათი უსულო, მსგავსი მტვერისა.
- 1427
- (ა) ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
- (ბ) თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
- (გ) ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული,
- (დ) ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: „საქმე არს მისეული“.
- 1428
- (ა) გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
- (ბ) ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
- (გ) მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
- (დ) მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1429
- (ა) ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
- (ბ) ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
- (გ) მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
- (დ) აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1430
- (ა) მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
- (ბ) კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.
- (გ) აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი,
- (დ) მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1431
- (ა) მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
- (ბ) აკოცა მისთა მეშველთა, ლაღმან, ცნობითა წყნარითა,
- (გ) მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
- (დ) ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბნარითა.
- 1432
- (ა) ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
- (ბ) მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;
- (გ) არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
- (დ) თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლი იშვლეს, ითხეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1433
- (ა) სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
- (ბ) ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა;
- (გ) მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა,
- (დ) რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!
- 1434
- (ა) მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;
- (ბ) სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
- (გ) თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
- (დ) იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.
- 1435
- (ა) სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
- (ბ) წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია;
- (გ) ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,
- (დ) თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.
- თავი ორმოცდამეთექვსმეტე თავი ორმოცდამეთვრამეტე