1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შვ შთ ში შლ შმ შო შრ შტ შუ
შე შე შე- შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შეპ შეჟ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეყ შეშ შეც შეძ შეწ შეჭ შეჯ შეჰ

შეჰყოლოდა

შეჰყოლოდათ
 
57. თათბირი ტარიელისა

1410

(ა) ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან, გმირთა, მეტი გმირობა,
(ბ) თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
(გ) ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა;
(დ) კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1411

(ა) „მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
(ბ) ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
(გ) თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
(დ) ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1412

(ა) „მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
(ბ) გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
(გ) სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები;
(დ) მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.

1413

(ა) „ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
(ბ) სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
(გ) მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
(დ) ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“.

1414

(ა) ფრიდონ უთხრა: „შემიგიან, გაგიგია, ვიცი მე, რა:
(ბ) მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა,
(გ) ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
(დ) თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1415

(ა) ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა,
(ბ) ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
(გ) ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
(დ) გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1416

(ა) კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,
(ბ) დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
(გ) გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
(დ) ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1417

(ა) იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
(ბ) მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
(გ) ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
(დ) დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1418

(ა) ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
(ბ) რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
(გ) მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
(დ) მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1419

(ა) თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწვდომნია,
(ბ) მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;
(გ) მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
(დ) აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!

1420

(ა) სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები;
(ბ) თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
(გ) მას ღამით უყვეს სადარნო, უცრუო, არ-ნაჩქარები,
(დ) გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1421

(ა) პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
(ბ) მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
(გ) გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,
(დ) მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

1422

(ა) ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
(ბ) რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.
(გ) სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავის-თავ უყვეს რიალი,
(დ) იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1423

(ა) მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა,
(ბ) კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა.
(გ) მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
(დ) ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1424

(ა) კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
(ბ) აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
(გ) სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა,
(დ) რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1425

(ა) ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს,
(ბ) მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს,
(გ) უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
(დ) თქვეს: „ტარიელ რა იქმნაო?“, მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1426

(ა) ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიელისა.
(ბ) ციხისა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
(გ) მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
(დ) ათი ათასი ნობათი უსულო, მსგავსი მტვერისა.

1427

(ა) ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
(ბ) თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
(გ) ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული,
(დ) ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: „საქმე არს მისეული“.

1428

(ა) გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
(ბ) ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
(გ) მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
(დ) მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1429

(ა) ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
(ბ) ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
(გ) მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
(დ) აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1430

(ა) მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
(ბ) კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.
(გ) აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი,
(დ) მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1431

(ა) მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
(ბ) აკოცა მისთა მეშველთა, ლაღმან, ცნობითა წყნარითა,
(გ) მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
(დ) ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბნარითა.

1432

(ა) ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
(ბ) მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;
(გ) არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
(დ) თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლი იშვლეს, ითხეს.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1433

(ა) სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
(ბ) ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა;
(გ) მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა,
(დ) რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!

1434

(ა) მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;
(ბ) სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
(გ) თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
(დ) იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1435

(ა) სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
(ბ) წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია;
(გ) ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,
(დ) თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.

თავი ორმოცდამეთექვსმეტე თავი ორმოცდამეთვრამეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9