1 2 3 4 5 6 7 8 9

გა გგ გე გვ გზ გთ გი გკ გლ გმ გნ გო გპ გრ გტ გუ გქ გც გწ გჭ გხ
გა- გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაძ გაწ გაჭ გახ გაჰ გა–

გაგვიშვენ

გაგვიშვი!
 
58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა
1436

(ა) ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
(ბ) შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
(გ) ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
(დ) მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1437

(ა) „აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
(ბ) მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
(გ) ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
(დ) ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.

1438

(ა) „მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,
(ბ) სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
(გ) კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
(დ) მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1439

(ა) „თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
(ბ) გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
(გ) მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,
(დ) ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“

1440

(ა) რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, –
(ბ) წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, –
(გ) მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
(დ) მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.

1441

(ა) ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,
(ბ) მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არ სიდიადე სათისა;
(გ) ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;
(დ) უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1442

(ა) შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
(ბ) გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა,
(გ) შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,
(დ) ქალი რა ნახა, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1443

(ა) ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
(ბ) მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფეხი, პირი, ხელი,
(გ) იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რადგან ბნელი!
(დ) ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი!“

1444

(ა) ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
(ბ) „ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
(გ) აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
(დ) მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი“.

1445

(ა) ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა,
(ბ) ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა,
(გ) უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
(დ) პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ, ვითა ხიდსა.

1446

(ა) მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა,
(ბ) ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა,
(გ) იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
(დ) კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1447

(ა) ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
(ბ) იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა.
(გ) დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,
(დ) მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1448

(ა) ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
(ბ) ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,
(გ) თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,
(დ) მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!

1449

(ა) ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა:
(ბ) „დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
(გ) მერე, აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა,
(დ) ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა“.

1450

(ა) ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
(ბ) მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო,
(გ) მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
(დ) რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“

1451

(ა) ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია;
(ბ) დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია;
(გ) აწ, რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
(დ) მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.

1452

(ა) ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
(ბ) „მე, მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
(გ) რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ, ვითა რეტსა,
(დ) ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!“

1453

(ა) ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი,
(ბ) კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
(გ) „უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგ-დაფენი,
(დ) მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

1454

(ა) „შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო,
(ბ) მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“.
(გ) მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენდა თავიო,
(დ) რადგან ისწრაფით, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“

1455

(ა) მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა,
(ბ) გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
(გ) თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
(დ) ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1456

(ა) გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა,
(ბ) კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
(გ) ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა,
(დ) ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1457

(ა) მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
(ბ) კვლა ფრიდონის თავადთასანაომართა მათთა მთხრობლად:
(გ) „მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
(დ) ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“.

1458

(ა) იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
(ბ) მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა;
(გ) მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა;
(დ) მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1459

(ა) მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები,
(ბ) ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
(გ) ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები,
(დ) აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1460

(ა) ნესტან-დარეჯანს ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;
(ბ) უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა!
(გ) აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირით-ა;
(დ) მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!

1461

(ა) ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი,
(ბ) ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი.
(გ) სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი!“
(დ) სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.

1462

(ა) დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება:
(ბ) რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება!
(გ) ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება,
(დ) წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება”.

1463

(ა) მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს,
(ბ) მეფე ეტყვის: „ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს;
(გ) იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
(დ) ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1464

(ა) „თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
(ბ) მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი სანუკვარია“.
(გ) ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
(დ) ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1465

(ა) მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
(ბ) რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს;
(გ) დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
(დ) თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

1466

(ა) „ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
(ბ) თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“.
(გ) კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქმ გამწარებასა,
(დ) ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“

1467

(ა) ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა;
(ბ) მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
(გ) რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
(დ) აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“.

1468

(ა) მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია,
(ბ) სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,
(გ) დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
(დ) მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1469

(ა) შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია,
(ბ) შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
(გ) მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
(დ) მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1470

(ა) გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები,
(ბ) გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
(გ) ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
(დ) თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

თავი ორმოცდამეჩვიდმეტე თავი ორმოცდამეცხრამეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9