ვინაა ღირსი ...ამდენი ტირილის!
- 58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა
- 1436
- (ა) ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
- (ბ) შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
- (გ) ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
- (დ) მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.
- 1437
- (ა) „აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
- (ბ) მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
- (გ) ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
- (დ) ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.
- 1438
- (ა) „მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,
- (ბ) სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
- (გ) კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
- (დ) მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.
- 1439
- (ა) „თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
- (ბ) გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
- (გ) მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,
- (დ) ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“
- 1440
- (ა) რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, –
- (ბ) წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, –
- (გ) მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
- (დ) მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.
- 1441
- (ა) ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,
- (ბ) მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არ სიდიადე სათისა;
- (გ) ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;
- (დ) უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.
- 1442
- (ა) შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
- (ბ) გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა,
- (გ) შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,
- (დ) ქალი რა ნახა, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.
- 1443
- (ა) ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
- (ბ) მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფეხი, პირი, ხელი,
- (გ) იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რადგან ბნელი!
- (დ) ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი!“
- 1444
- (ა) ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
- (ბ) „ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
- (გ) აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
- (დ) მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი“.
- 1445
- (ა) ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა,
- (ბ) ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა,
- (გ) უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
- (დ) პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ, ვითა ხიდსა.
- 1446
- (ა) მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა,
- (ბ) ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა,
- (გ) იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
- (დ) კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.
- 1447
- (ა) ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
- (ბ) იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა.
- (გ) დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,
- (დ) მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.
- 1448
- (ა) ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
- (ბ) ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,
- (გ) თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,
- (დ) მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!“
- 1449
- (ა) ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა:
- (ბ) „დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
- (გ) მერე, აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა,
- (დ) ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა“.
- 1450
- (ა) ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
- (ბ) მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო,
- (გ) მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
- (დ) რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“
- 1451
- (ა) ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია;
- (ბ) დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია;
- (გ) აწ, რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
- (დ) მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.
- 1452
- (ა) ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
- (ბ) „მე, მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
- (გ) რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ, ვითა რეტსა,
- (დ) ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!“
- 1453
- (ა) ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი,
- (ბ) კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
- (გ) „უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგ-დაფენი,
- (დ) მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.
- 1454
- (ა) „შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო,
- (ბ) მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“.
- (გ) მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენდა თავიო,
- (დ) რადგან ისწრაფით, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“
- 1455
- (ა) მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა,
- (ბ) გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
- (გ) თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
- (დ) ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.
- 1456
- (ა) გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა,
- (ბ) კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
- (გ) ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა,
- (დ) ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1457
- (ა) მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
- (ბ) კვლა ფრიდონის თავადთასა – ნაომართა მათთა მთხრობლად:
- (გ) „მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
- (დ) ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“.
- 1458
- (ა) იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
- (ბ) მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა;
- (გ) მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა;
- (დ) მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.
- 1459
- (ა) მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები,
- (ბ) ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
- (გ) ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები,
- (დ) აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.
- 1460
- (ა) ნესტან-დარეჯანს ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;
- (ბ) უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა!
- (გ) აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირით-ა;
- (დ) მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!
- 1461
- (ა) ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი,
- (ბ) ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი.
- (გ) სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი!“
- (დ) სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.
- 1462
- (ა) დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება:
- (ბ) რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება!
- (გ) ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება,
- (დ) წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება”.
- 1463
- (ა) მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს,
- (ბ) მეფე ეტყვის: „ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს;
- (გ) იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
- (დ) ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.
- 1464
- (ა) „თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
- (ბ) მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი სანუკვარია“.
- (გ) ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
- (დ) ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.
- 1465
- (ა) მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
- (ბ) რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს;
- (გ) დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
- (დ) თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!
- 1466
- (ა) „ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
- (ბ) თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“.
- (გ) კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქმ გამწარებასა,
- (დ) ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“
- 1467
- (ა) ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა;
- (ბ) მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
- (გ) რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
- (დ) აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“.
- 1468
- (ა) მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია,
- (ბ) სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,
- (გ) დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
- (დ) მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.
- 1469
- (ა) შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია,
- (ბ) შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
- (გ) მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
- (დ) მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.
- 1470
- (ა) გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები,
- (ბ) გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
- (გ) ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
- (დ) თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.
- თავი ორმოცდამეჩვიდმეტე თავი ორმოცდამეცხრამეტე