ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
- 1471
- (ა) მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
- (ბ) წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;
- (გ) ავთანდილისთვის – ყვითელი და შავი ერთგან რეული;
- (დ) მოვიდეს, დასხდეს, მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.
- 1472
- (ა) მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
- (ბ) ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა
- (გ) ფრიდონის, პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
- (დ) ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.
- 1473
- (ა) მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,
- (ბ) ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,
- (გ) კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,
- (დ) მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.
- 1474
- (ა) კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,
- (ბ) მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა,
- (გ) კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,
- (დ) ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.
- 1475
- (ა) იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.
- (ბ) ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.
- (გ) აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა,
- (დ) ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან, სიტყვითა ტკბილითა.
- 1476
- (ა) ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;
- (ბ) ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა;
- (გ) დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.
- (დ) აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.
- 1477
- (ა) ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:
- (ბ) „არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
- (გ) არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,
- (დ) მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1478
- (ა) „ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
- (ბ) აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:
- (გ) შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,
- (დ) ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1479
- (ა) „უთხარ: „ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!
- (ბ) ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
- (გ) თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
- (დ) არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.
- 1480
- (ა) „აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები?
- (ბ) ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;
- (გ) ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა – საომარები.
- (დ) თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები“.
- 1481
- (ა) რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
- (ბ) მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა;
- (გ) თქვა, თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა!
- (დ) ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.
- 1482
- (ა) „ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა,
- (ბ) საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,
- (გ) არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,
- (დ) მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ რასაცა თნებითა?
- 1483
- (ა) „რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
- (ბ) ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი;
- (გ) მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი.
- (დ) უმისჟამისოდ ცუდნია ჩემგან მი და მო რბენანი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1484
- (ა) „მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი:
- (ბ) „მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
- (გ) ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი,
- (დ) ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1485
- (ა) „გებრძანა: „შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა“.
- (ბ) ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;
- (გ) მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა,
- (დ) მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა.
- 1486
- (ა) „ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
- (ბ) ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
- (გ) გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე,
- (დ) მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.
- 1487
- (ა) „რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,
- (ბ) მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
- (გ) ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.
- (დ) სხვად თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი“.
- 1488
- (ა) რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
- (ბ) მან ბრძანა: „მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი.
- (გ) ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
- (დ) ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!
- 1489
- (ა) „მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:
- (ბ) „მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
- (გ) ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
- (დ) ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები“.
- 1490
- (ა) „ესე უთხარ: „ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო,
- (ბ) ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
- (გ) მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
- (დ) ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო“.
- 1491
- (ა) უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
- (ბ) „არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”.
- (გ) მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.
- (დ) ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!
- 1492
- (ა) ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,
- (ბ) ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეჰხედავს ზე წელად,
- (გ) ეტყვის: „კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
- (დ) კვლა ნუ მიქმ ერთგულებისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.
- 1493
- (ა) „რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
- (ბ) გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
- (გ) მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!
- (დ) ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!
- 1494
- (ა) „ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
- (ბ) ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
- (გ) ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
- (დ) შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს“.
- 1495
- (ა) ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,
- (ბ) ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან:
- (გ) „მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
- (დ) მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.
- 1496
- (ა) „დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
- (ბ) მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;
- (გ) თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,
- (დ) თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა!
- 1497
- (ა) „მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
- (ბ) არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
- (გ) რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
- (დ) ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1498
- (ა) „ამად ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
- (ბ) რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.
- (გ) რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?
- (დ) დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1499
- (ა) რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,
- (ბ) არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;
- (გ) ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
- (დ) თანა წაჰყვა, განაღამცა მათთანავე გზასა ვლიდა.
- თავი ორმოცდამეთვრამეტე თავი მესამოცე