1 2 3 4 5 6 7 8 9

6 60 61 62 63 64 65
6 60 61 62 63 64 65

60

სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
 
1500

(ა) ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
(ბ) ღმერთი კეთილს მოავლინებს, მით ბოროტსა არ დაჰბადებს,
(გ) ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
(დ) თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.

1501

(ა) ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
(ბ) თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
(გ) ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
(დ) მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1502

(ა) იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს,
(ბ) მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს;
(გ) სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
(დ) მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1503

(ა) მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
(ბ) იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა,
(გ) შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა;
(დ) სად ყოფილიყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

1504

(ა) ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
(ბ) მუნ მივალ, სადა ყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
(გ) მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
(დ) მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.“

1505

(ა) მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
(ბ) ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
(გ) ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა,
(დ) ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.


იხ. ტაეპის განმარტებანი

1506

(ა) მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
(ბ) პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
(გ) ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
(დ) არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი!

1507

(ა) უბოძა ტურფა მრავალი მათ-მათი შესადარები,
(ბ) კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
(გ) აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათთანა ნარები,
(დ) მაგრა, ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა, კაც-დაუკარები.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1508

(ა) ფრიდონს უთხრა: „ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
(ბ) მაგრა თქმულა: „კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“;
(გ) აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
(დ) შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების“.

1509

(ა) ფრიდონ მდაბლად თაყვანის-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
(ბ) „მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
(გ) მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი?
(დ) ჩემი ლხინი მუნამდის-ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

იხ. ტაეპის განმარტებანი

1510

(ა) ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
(ბ) სახლსა მისსა მისაღებლად მის ყოვლისა საჭურჭლისად;
(გ) აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთად წავლად გზისად,
(დ) ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1511

(ა) მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალი ხანები,
(ბ) დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები,
(გ) მუნ შიგან მყოფთა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
(დ) ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1512

(ა) ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
(ბ) შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
(გ) მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
(დ) გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1513

(ა) „მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა, მიწისა შენისა,
(ბ) ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
(გ) მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
(დ) დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.

1514

(ა) „აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
(ბ) შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
(გ) ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
(დ) ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია“.

1515

(ა) რა მოუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
(ბ) ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
(გ) თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
(დ) ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1516

(ა) ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა,
(ბ) ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა,
(გ) დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
(დ) შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1517

(ა) მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
(ბ) ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
(გ) ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი,
(დ) თქვეს: „ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენნი მზანი!“

1518

(ა) რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
(ბ) ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
(გ) „აგერა ჰხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
(დ) ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.

1519

(ა) „ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
(ბ) იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა!
(გ) ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,
(დ) რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა“.


1520

(ა) ტარიელ უთხრა: „კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.
(ბ) აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმმცა უჩემოდ ხალვასა.
(გ) მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
(დ) ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა“.

1521

(ა) მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი,
(ბ) ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
(გ) მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,
(დ) წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1522

(ა) ფრიდონ წაჰყვა, განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,
(ბ) ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოხრის ტანსა;
(გ) გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
(დ) სდებს პატივსა ინდოთ მეფეს მართ მამისა შესაგვანსა.

1523

(ა) ტარიელცა თაყვანის-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ,
(ბ) მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,
(გ) გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:
(დ) „შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა დასაღამოდ“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1524

(ა) გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,
(ბ) პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;
(გ) კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის-სცა მან მეფესა,
(დ) მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1525

(ა) მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.
(ბ) ტარიელ ეტყვის: „მეფეო, აწ გული შენ გემონების;
(გ) მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!
(დ) რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?

იხ. ტაეპის განმარტებანი

1526

(ა) „ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა!
(ბ) მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
(გ) გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა,
(დ) ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვნა მე ფარმანისა“.

1527

(ა) დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა,
(ბ) ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა;
(გ) ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;
(დ) დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა.

1528

(ა) „მეფეო, თავი მემცრობის ამისად მოსახსენებლად,
(ბ) მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად;
(გ) თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
(დ) ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1529

(ა) „აწ ამას გკადრებთ, ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:
(ბ) ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით,
(გ) დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;
(დ) არ გაწყენ, გძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1530

(ა) „თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
(ბ) მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;
(გ) მუხლ-მოყრილი გეაჯები, – ნუღარ აწვევ ამით ალსა, –
(დ) რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1531

(ა) „ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”.
(ბ) ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედა ყელსა,
(გ) ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების,- მზრდელსა.
(დ) გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1532

(ა) რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
(ბ) შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
(გ) მოახსენა: „ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა,
(დ) თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1533

(ა) „ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,
(ბ) ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;
(გ) გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლნი არმცა მაშინ მდინდეს;
(დ) სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!

1534

(ა) „მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა;
(ბ) თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;
(გ) ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა,
(დ) რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი ჯერ-ა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1535

(ა) „თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არმცა მაშინ მშურდა.
(ბ) ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა!
(გ) თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
(დ) დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა“.

1536

(ა) რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,
(ბ) დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა.
(გ) კვლა მეფემან თაყვანის-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
(დ) ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა.

1537

(ა) ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა,
(ბ) ესდენ დიდნი სიხარულნი გაეხარნეს მასცა განა!
(გ) წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,
(დ) მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1538

(ა) მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა;
(ბ) ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა.
(გ) მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა,
(დ) მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა?!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1539

(ა) მეფე კოცნასა ჰლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან,
(ბ) ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;
(გ) უბრძანა: „ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;
(დ) რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!”

1540

(ა) მოეხვია, გარდაჰკოცნა მას პირისა არე-მარე:
(ბ) „დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე, მარე;
(გ) ვინ გიშერი დააჯოგა და წამწამი არემა-რე,
(დ) გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე, მარე”.

1541

(ა) მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,
(ბ) ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
(გ) იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა.
(დ) მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა!

1542

(ა) ყმა მეფესა მოახსენებს: „მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!
(ბ) რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?
(გ) მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,
(დ) შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ!”

1543

(ა) ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,
(ბ) მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,
(გ) მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,
(დ) ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს!

1544

(ა) მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან,
(ბ) დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
(გ) გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,
(დ) დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1545

(ა) ეტყვის: „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!
(ბ) შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
(გ) მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,
(დ) თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1546

(ა) გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;
(ბ) ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;
(გ) მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა,
(დ) სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკე რბენასა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1547

(ა) შესხდეს, წავიდეს ყოველნი შინა თავისა დარებად,
(ბ) ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,
(გ) არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,
(დ) ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად, არებად.

1548

(ა) შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;
(ბ) სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა;
(გ) მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;
(დ) შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

1549

(ა) ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,
(ბ) მიეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,
(გ) იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
(დ) ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1550

(ა) თინათინ ზედა აწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა,
(ბ) ტარიელ უთხრა: „შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,
(გ) დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,
(დ) მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა“.

1551

(ა) ორთავე ხელი მოჰკიდეს, დასვეს ტახტსავე თავისსა,
(ბ) გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;
(გ) უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,
(დ) ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1552

(ა) ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,
(ბ) ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა.
(გ) მეფე ეტყვის: „შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი ნურა ზომა,
(დ) ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა.

1553

(ა) „აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
(ბ) სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
(გ) ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
(დ) თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1554

(ა) მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
(ბ) „ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
(გ) დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე – სიბერე, ვითა სნება,
(დ) ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1555

(ა) ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
(ბ) მოახსენეს: „მიწა ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
(გ) მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
(დ) მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1556

(ა) ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გადიდება;
(ბ) ქალსა ეტყვის: „შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
(გ) ქმარი შენი ძმაა ჩემი, ეგრევე მწადს თქვენი დება.
(დ) ორგულთა და შემცოდეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება“.

თავი ორმოცდამეცხრამეტე თავი სამოცდამეერთე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9