ამაფორიაქებელი, ზარ-დამცემი, განმაცვიფრებელი, სულიერად შემძვრელი
- 60. სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
- 1500
- (ა) ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
- (ბ) ღმერთი კეთილს მოავლინებს, მით ბოროტსა არ დაჰბადებს,
- (გ) ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
- (დ) თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.
- 1501
- (ა) ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
- (ბ) თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
- (გ) ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
- (დ) მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1502
- (ა) იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს,
- (ბ) მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს;
- (გ) სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
- (დ) მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.
- 1503
- (ა) მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
- (ბ) იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა,
- (გ) შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა;
- (დ) სად ყოფილიყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.
- 1504
- (ა) ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
- (ბ) მუნ მივალ, სადა ყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
- (გ) მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
- (დ) მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.“
- 1505
- (ა) მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
- (ბ) ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
- (გ) ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა,
- (დ) ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1506
- (ა) მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
- (ბ) პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
- (გ) ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
- (დ) არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი!
- 1507
- (ა) უბოძა ტურფა მრავალი მათ-მათი შესადარები,
- (ბ) კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
- (გ) აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათთანა ნარები,
- (დ) მაგრა, ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა, კაც-დაუკარები.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1508
- (ა) ფრიდონს უთხრა: „ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
- (ბ) მაგრა თქმულა: „კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“;
- (გ) აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
- (დ) შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების“.
- 1509
- (ა) ფრიდონ მდაბლად თაყვანის-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
- (ბ) „მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
- (გ) მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი?
- (დ) ჩემი ლხინი მუნამდის-ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1510
- (ა) ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
- (ბ) სახლსა მისსა მისაღებლად მის ყოვლისა საჭურჭლისად;
- (გ) აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთად წავლად გზისად,
- (დ) ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1511
- (ა) მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალი ხანები,
- (ბ) დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები,
- (გ) მუნ შიგან მყოფთა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
- (დ) ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.
- 1512
- (ა) ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
- (ბ) შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
- (გ) მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
- (დ) გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.
- 1513
- (ა) „მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა, მიწისა შენისა,
- (ბ) ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
- (გ) მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
- (დ) დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.
- 1514
- (ა) „აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
- (ბ) შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
- (გ) ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
- (დ) ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია“.
- 1515
- (ა) რა მოუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
- (ბ) ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
- (გ) თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
- (დ) ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.
- 1516
- (ა) ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა,
- (ბ) ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა,
- (გ) დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
- (დ) შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.
- 1517
- (ა) მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
- (ბ) ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
- (გ) ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი,
- (დ) თქვეს: „ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენნი მზანი!“
- 1518
- (ა) რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
- (ბ) ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
- (გ) „აგერა ჰხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
- (დ) ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.
- 1519
- (ა) „ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
- (ბ) იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა!
- (გ) ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,
- (დ) რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა“.
- 1520
- (ა) ტარიელ უთხრა: „კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.
- (ბ) აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმმცა უჩემოდ ხალვასა.
- (გ) მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
- (დ) ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა“.
- 1521
- (ა) მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი,
- (ბ) ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
- (გ) მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,
- (დ) წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.
- 1522
- (ა) ფრიდონ წაჰყვა, განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,
- (ბ) ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოხრის ტანსა;
- (გ) გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
- (დ) სდებს პატივსა ინდოთ მეფეს მართ მამისა შესაგვანსა.
- 1523
- (ა) ტარიელცა თაყვანის-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ,
- (ბ) მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,
- (გ) გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:
- (დ) „შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა დასაღამოდ“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1524
- (ა) გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,
- (ბ) პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;
- (გ) კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის-სცა მან მეფესა,
- (დ) მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.
- 1525
- (ა) მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.
- (ბ) ტარიელ ეტყვის: „მეფეო, აწ გული შენ გემონების;
- (გ) მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!
- (დ) რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1526
- (ა) „ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა!
- (ბ) მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
- (გ) გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა,
- (დ) ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვნა მე ფარმანისა“.
- 1527
- (ა) დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა,
- (ბ) ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა;
- (გ) ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;
- (დ) დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა.
- 1528
- (ა) „მეფეო, თავი მემცრობის ამისად მოსახსენებლად,
- (ბ) მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად;
- (გ) თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
- (დ) ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.
- 1529
- (ა) „აწ ამას გკადრებთ, ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:
- (ბ) ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით,
- (გ) დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;
- (დ) არ გაწყენ, გძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.
- 1530
- (ა) „თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
- (ბ) მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;
- (გ) მუხლ-მოყრილი გეაჯები, – ნუღარ აწვევ ამით ალსა, –
- (დ) რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.
- 1531
- (ა) „ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”.
- (ბ) ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედა ყელსა,
- (გ) ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების,- მზრდელსა.
- (დ) გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.
- 1532
- (ა) რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
- (ბ) შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
- (გ) მოახსენა: „ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა,
- (დ) თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.
- 1533
- (ა) „ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,
- (ბ) ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;
- (გ) გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლნი არმცა მაშინ მდინდეს;
- (დ) სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!
- 1534
- (ა) „მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა;
- (ბ) თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;
- (გ) ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა,
- (დ) რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი ჯერ-ა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1535
- (ა) „თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არმცა მაშინ მშურდა.
- (ბ) ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა!
- (გ) თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
- (დ) დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა“.
- 1536
- (ა) რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,
- (ბ) დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა.
- (გ) კვლა მეფემან თაყვანის-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
- (დ) ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა.
- 1537
- (ა) ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა,
- (ბ) ესდენ დიდნი სიხარულნი გაეხარნეს მასცა განა!
- (გ) წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,
- (დ) მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.
- 1538
- (ა) მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა;
- (ბ) ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა.
- (გ) მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა,
- (დ) მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა?!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1539
- (ა) მეფე კოცნასა ჰლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან,
- (ბ) ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;
- (გ) უბრძანა: „ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;
- (დ) რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!”
- 1540
- (ა) მოეხვია, გარდაჰკოცნა მას პირისა არე-მარე:
- (ბ) „დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე, მარე;
- (გ) ვინ გიშერი დააჯოგა და წამწამი არემა-რე,
- (დ) გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე, მარე”.
- 1541
- (ა) მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,
- (ბ) ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
- (გ) იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა.
- (დ) მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა!
- 1542
- (ა) ყმა მეფესა მოახსენებს: „მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!
- (ბ) რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?
- (გ) მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,
- (დ) შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ!”
- 1543
- (ა) ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,
- (ბ) მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,
- (გ) მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,
- (დ) ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს!
- 1544
- (ა) მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან,
- (ბ) დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
- (გ) გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,
- (დ) დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.
- 1545
- (ა) ეტყვის: „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!
- (ბ) შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
- (გ) მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,
- (დ) თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1546
- (ა) გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;
- (ბ) ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;
- (გ) მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა,
- (დ) სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკე რბენასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1547
- (ა) შესხდეს, წავიდეს ყოველნი შინა თავისა დარებად,
- (ბ) ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,
- (გ) არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,
- (დ) ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად, არებად.
- 1548
- (ა) შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;
- (ბ) სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა;
- (გ) მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;
- (დ) შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.
- 1549
- (ა) ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,
- (ბ) მიეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,
- (გ) იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
- (დ) ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.
- 1550
- (ა) თინათინ ზედა აწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა,
- (ბ) ტარიელ უთხრა: „შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,
- (გ) დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,
- (დ) მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა“.
- 1551
- (ა) ორთავე ხელი მოჰკიდეს, დასვეს ტახტსავე თავისსა,
- (ბ) გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;
- (გ) უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,
- (დ) ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1552
- (ა) ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,
- (ბ) ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა.
- (გ) მეფე ეტყვის: „შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი ნურა ზომა,
- (დ) ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა.
- 1553
- (ა) „აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
- (ბ) სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
- (გ) ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
- (დ) თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”
- 1554
- (ა) მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
- (ბ) „ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
- (გ) დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე – სიბერე, ვითა სნება,
- (დ) ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1555
- (ა) ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
- (ბ) მოახსენეს: „მიწა ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
- (გ) მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
- (დ) მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1556
- (ა) ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გადიდება;
- (ბ) ქალსა ეტყვის: „შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
- (გ) ქმარი შენი ძმაა ჩემი, ეგრევე მწადს თქვენი დება.
- (დ) ორგულთა და შემცოდეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება“.
- თავი ორმოცდამეცხრამეტე თავი სამოცდამეერთე