1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მი მი მი- მია მიბ მიგ მიდ მიე მივ მიზ მით მიი მიკ მიმ მინ მის მიტ მიუ მიქ მიღ მიყ მიშ მიჩ მიც მიწ მიჭ მიხ მიჯ მიჰ

მის მესავსისა

  1. იმ უხვად გამცემისა (იგულისხმება: ავთანდილის, ან: როსტევანის)
  2. ლაშქრის ამვსების, მბოძებლის (ალ. ჭინჭარაული)
     
    61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

    1557

    (ა) მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
    (ბ) მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;
    (გ) ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტელთა ამაზრზენია,
    (დ) ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია!

    1558

    (ა) დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,
    (ბ) ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა,
    (გ) შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,
    (დ) მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.

    1559

    (ა) იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,
    (ბ) კვლა უცხო-ფერთა ჭურჭელთა ჰსხდის უცხო-უცხო სიქები;
    (გ) მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,
    (დ) მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: „ნუ აეხსნები, იქ ები!“

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1560

    (ა) მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა,
    (ბ) შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა,
    (გ) მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
    (დ) ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

    1561

    (ა) არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი,
    (ბ) მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი,
    (გ) გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი.
    (დ) სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1562

    (ა) ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია,
    (ბ) ტარიელს უთხრა: „შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია!
    (გ) მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;
    (დ) ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1563

    (ა) „აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად“.
    (ბ) სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.
    (გ) ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად.
    (დ) პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

    1564

    (ა) არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,
    (ბ) ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ – მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა,
    (გ) გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა,
    (დ) ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1565

    (ა) მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,
    (ბ) სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;
    (გ) რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, –
    (დ) თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1566

    (ა) კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,
    (ბ) ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,
    (გ) კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
    (დ) ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.

    1567

    (ა) ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული,
    (ბ) ცხრა ტაიჭი, ძვირფასითა უნაგრითა შეკაზმული.
    (გ) ინდოთ მეფე თაყვანის-სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,
    (დ) მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

    1568

    (ა) რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.
    (ბ) თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.
    (გ) ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,
    (დ) მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ, მართ ვითა მზისანი.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1569

    (ა) ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად,
    (ბ) ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,
    (გ) შესთვალა: „შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,
    (დ) მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1570

    (ა) „უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
    (ბ) ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;
    (გ) წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,
    (დ) ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან“.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1571

    (ა) როსტევანს ეთქვა: „მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?
    (ბ) რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
    (გ) ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,
    (დ) თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა!“

    1572

    (ა) ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.
    (ბ) მან უთხრა: „გაე, ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,
    (გ) ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?”
    (დ) ავთანდილ უთხრა: „მაგითა შენგან არ მოვიღორები.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1573

    (ა) „არ, დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!
    (ბ) „ცოლი უყვარსო, გამწირა“, იყო ამისად მსახავად;
    (გ) მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?
    (დ) კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!“

    1574

    (ა) ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა;
    (ბ) უბრძანა: „ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;
    (გ) რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა!“
    (დ) ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.

    1575

    (ა) შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია,
    (ბ) კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.
    (გ) კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.
    (დ) არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.

    1576

    (ა) ერმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,
    (ბ) ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი.
    (გ) მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გადაჭდობილნი,
    (დ) ტიროდეს: მათთა მჭვრეტელთა გულნიმცა ესხნეს წრთობილნი.

    1577

    (ა) მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,
    (ბ) ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა,
    (გ) არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,
    (დ) მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1578

    (ა) მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,
    (ბ) იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,
    (გ) ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.
    (დ) მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1579

    (ა) ნესტან-დარეჯან თქვა: „ნეტამც ყოლა არ შემოგმცნებოდი,
    (ბ) მზისა გამყრელი გაყრითა აწ ესრე არ დავჭნებოდი!
    (გ) ამბავსა სცნობდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,
    (დ) ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის დნებოდი!“

    1580

    (ა) თინათინ უთხრა: „ჰე, მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
    (ბ) რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!
    (გ) ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,
    (დ) აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!“

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1581

    (ა) კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;
    (ბ) ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
    (გ) იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.
    (დ) რომე მწადდეს, ვერ დავწერე მე სიტყვანი ნაათალნი!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1582

    (ა) როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,
    (ბ) ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,
    (გ) ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ, ვითა ქვაბი, ცხელდების;
    (დ) ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

    1583

    (ა) ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;
    (ბ) იტყვის, თუ: „თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით!
    (გ) რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,
    (დ) შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით“.

    1584

    (ა) ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;
    (ბ) სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:
    (გ) „მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე!“
    (დ) უბრძანა: „თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!“

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    1585

    (ა) გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა
    (ბ) ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
    (გ) კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
    (დ) მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

    1586

    (ა) სამ თვე ვლეს, – ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაბადოსა!
    (ბ) მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
    (გ) მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
    (დ) ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

    თავი მესამოცე თავი სამოცდამეორე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9