1 2 3 4 5 6 7 8 9

და დგ დე დი დნ დო დრ დუ დღ
და და და- დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ

დავყოვნოთ

დავყოფთ
 
62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა

1587

(ა) ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი,
(ბ) კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;
(გ) გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;
(დ) მეფე ბრძანებს: „მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი“.

1588

(ა) მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;
(ბ) უბრძანეს: „ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?“
(გ) მათ მოახსენეს: „სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,
(დ) ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია“.

1589

(ა) უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა!“
(ბ) მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა;
(გ) დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
(დ) მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს, ვითა შეთისა“.

1590

(ა) თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი:
(ბ) „ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,
(გ) მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,
(დ) კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბალახშ, ყორან-თმიანი.

1591

(ა) „მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა,
(ბ) ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა;
(გ) იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზაერდა,
(დ) ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.

1592

(ა) „მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,
(ბ) მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;
(გ) თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
(დ) იგი ქალი ქაჯთა მისცა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.

1593

(ა) „ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად.
(ბ) იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად;
(გ) ორნივე გარდაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად;
(დ) მეფემან ბრძანა: „ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?“

1594

(ა) „მეფე გაშმაგდა, მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა,
(ბ) „ვად“ შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა;
(გ) ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა,
(დ) აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“.

1595

(ა) რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,
(ბ) ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა,
(გ) ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა,
(დ) ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.

1596

(ა) ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,
(ბ) თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა აჰვსია,
(გ) ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,
(დ) მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დაჰვსია.

1597

(ა) იხოჭს და იგლეჯს ზახილით, ტირს სიტყვა-ხაფი უარე;
(ბ) სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე;
(გ) „მოვკვდე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე,
(დ) ვერცა გმსახურა ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე!

1598

(ა) „ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,
(ბ) ჩემთა რა გაცნევს ტკივილთა, გულისა მონაცემთაო?
(გ) მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათებ თემთაო?
(დ) რად არ დაიქეც ქვეყანად, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო!“

1599
(ა) ტარიელ მოთქვამს: „გამზრდელო, ჰაი, რა საქმე მსმენია!
(ბ) მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია!
(გ) მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი არღა შენია,
(დ) ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია!“

1600

(ა) კვლა უბრძანებდეს: „გვიამბეთ ამბავი დანარჩომია“.
(ბ) მათ მოახსენეს: „პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,
(გ) მოსრულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,
(დ) რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.

1601

(ა) „ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია;
(ბ) იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია;
(გ) გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია.
(დ) მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!“

1602

(ა) რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,
(ბ) ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა;
(გ) დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა,
(დ) აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!


თავი სამოცდამეერთე თავი სამოცდამესამე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9