მეფევ. (ვაჭრები ასე ეძხიან ტარიელს, რადგან იციან, რომ იგი ტახტის პრეტენდენტია)
- 62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
- 1587
- (ა) ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი,
- (ბ) კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;
- (გ) გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;
- (დ) მეფე ბრძანებს: „მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი“.
- 1588
- (ა) მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;
- (ბ) უბრძანეს: „ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?“
- (გ) მათ მოახსენეს: „სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,
- (დ) ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია“.
- 1589
- (ა) უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა!“
- (ბ) მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა;
- (გ) დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
- (დ) მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს, ვითა შეთისა“.
- 1590
- (ა) თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი:
- (ბ) „ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,
- (გ) მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,
- (დ) კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბალახშ, ყორან-თმიანი.
- 1591
- (ა) „მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა,
- (ბ) ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა;
- (გ) იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზაერდა,
- (დ) ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.
- 1592
- (ა) „მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,
- (ბ) მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;
- (გ) თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
- (დ) იგი ქალი ქაჯთა მისცა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.
- 1593
- (ა) „ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად.
- (ბ) იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად;
- (გ) ორნივე გარდაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად;
- (დ) მეფემან ბრძანა: „ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?“
- 1594
- (ა) „მეფე გაშმაგდა, მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა,
- (ბ) „ვად“ შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა;
- (გ) ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა,
- (დ) აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“.
- 1595
- (ა) რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,
- (ბ) ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა,
- (გ) ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა,
- (დ) ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.
- 1596
- (ა) ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,
- (ბ) თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა აჰვსია,
- (გ) ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,
- (დ) მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დაჰვსია.
- 1597
- (ა) იხოჭს და იგლეჯს ზახილით, ტირს სიტყვა-ხაფი უარე;
- (ბ) სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე;
- (გ) „მოვკვდე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე,
- (დ) ვერცა გმსახურა ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე!
- 1598
- (ა) „ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,
- (ბ) ჩემთა რა გაცნევს ტკივილთა, გულისა მონაცემთაო?
- (გ) მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათებ თემთაო?
- (დ) რად არ დაიქეც ქვეყანად, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო!“
- 1599
- (ა) ტარიელ მოთქვამს: „გამზრდელო, ჰაი, რა საქმე მსმენია!
- (ბ) მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია!
- (გ) მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი არღა შენია,
- (დ) ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია!“
- 1600
- (ა) კვლა უბრძანებდეს: „გვიამბეთ ამბავი დანარჩომია“.
- (ბ) მათ მოახსენეს: „პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,
- (გ) მოსრულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,
- (დ) რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.
- 1601
- (ა) „ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია;
- (ბ) იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია;
- (გ) გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია.
- (დ) მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!“
- 1602
- (ა) რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,
- (ბ) ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა;
- (გ) დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა,
- (დ) აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!
- თავი სამოცდამეერთე თავი სამოცდამესამე