არაბთა ამბავი, არაბთა ჩვეულება
- 63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
- 1603
- (ა) ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
- (ბ) აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.
- (გ) ტარიელ ბრძანა: „მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
- (დ) ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!
- 1604
- (ა) „იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;
- (ბ) ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფლეთანი“.
- (გ) ავთანდილ ჰკადრა: „რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
- (დ) მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდეს ფერხითა ცვეთანი“.
- 1605
- (ა) დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
- (ბ) ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
- (გ) ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
- (დ) იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1606
- (ა) წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;
- (ბ) ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
- (გ) მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
- (დ) აიზიდნეს, „ვისნი ხართო?“ – ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.
- 1607
- (ა) მათ მოახსენეს: „მეფეო, ჩვენ – ცუდად დაღორებულნი,
- (ბ) რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი“.
- (გ) უბრძანა: „წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,
- (დ) აცნობეთ თქვენსა პატრონსა: მოვლენ გულითა ქებულნი.
- 1607
- (ა) „უთხარით:„ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
- (ბ) იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია;
- (გ) ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,
- (დ) შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!
- 1609
- (ა) „დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
- (ბ) ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
- (გ) აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,
- (დ) ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.
- 1610
- (ა) „აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან;
- (ბ) შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან:
- (გ) პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?
- (დ) მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან“.
- 1611
- (ა) დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს,
- (ბ) რაზამს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:
- (გ) „მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
- (დ) ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!“
- 1612
- (ა) ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,
- (ბ) დროშა არაბთა მეფისა მასთანა შენატყუბია;
- (გ) არაბთა იცის ყოველმან, მათი აბჯარი შუბია.
- (დ) ფრიდონ – მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია!
- 1613
- (ა) ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;
- (ბ) შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი;
- (გ) ტარიელ ეტყვის: „ნუ იქმთო“, მისცა სიტყვისა ნანანი,
- (დ) მოვიდეს, აჩნდეს უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.
- 1614
- (ა) ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა:
- (ბ) „ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა ეგრე დაგარჩინა!“
- (გ) ტარიელ დგას დაყმუვნებით, რამაზ წინა მოეფინა.
- (დ) ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა?
- 1615
- (ა) ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა,
- (ბ) მოახსენა: „შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა!
- (გ) ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-!
- (დ) გული, თქვენი სასაკუთრო, ბედმან ასრე დამილეწა.
- 1616
- (ა) „დაიკარგენით, წაჰხედით თქვენ წელნი მეათენია,
- (ბ) გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია,
- (გ) ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია,
- (დ) ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია.
- 1617
- (ა) „ვიაჯი, მომკალ მე ხოლე, ყველაი ჩემი ბრალია;
- (ბ) მერმე ხუთასი ვაზირი მყავს, აქათ წაუვალია;
- (გ) თავები დასჭერ, ადინე სისხლი მართ ვითა ღვარია,
- (დ) სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია!“
- 1618
- (ა) კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მასთანაც არსა,
- (ბ) ვით ნინეველნი, ისხმიდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა,
- (გ) ამით დაეხსნნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა, ნაცარსა.
- (დ) წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1619
- (ა) ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია;
- (ბ) „აღარ დაგხოცო“, – უბრძანა, – ძლეული შიშმან თუ ლია, –
- (გ) წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია.
- (დ) „ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია“.
- 1620
- (ა) თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,
- (ბ) ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,
- (გ) თავები დაჰსხნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამისმიერეს.
- (დ) ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.
- 1621
- (ა) მათ ლომთა ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;
- (ბ) რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;
- (გ) მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია,
- (დ) ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.
- 1622
- (ა) ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა:
- (ბ) „არ დაგხოცსო, შეგიწყალნა“, – ყველაკაი დალოცვიდა;
- (გ) ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა:
- (დ) „მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა“.
- 1623
- (ა) მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან;
- (ბ) შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან.
- (გ) ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: „ღალატსა ჰლამიან“, –
- (დ) არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.
- 1624
- (ა) ტარიელ მიდგა, უყივლა: „მე მოველ, მეფე თქვენიო,
- (ბ) თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,
- (გ) ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,
- (დ) გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო“.
- 1625
- (ა) მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,
- (ბ) სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია;
- (გ) ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: „მოგვშორდეს სალმობანია,
- (დ) აქამდის რისხვა, მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია“.
- 1626
- (ა) კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
- (ბ) ერთობ ფლასითა მოსილნი უჭვრეტდეს მუნ მჭვრეტენია;
- (გ) ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღთა ტენია,
- (დ) ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.
- 1627
- (ა) ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია;
- (ბ) რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო ცხელია;
- (გ) თავსა იცემდის, იზახდის, ტირს მეტად გულ-ფიცხელია,
- (დ) გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1628
- (ა) დიდებულნი მოეხვივნეს, მიუზრუნეს მათ ცოლ-ქმართა;
- (ბ) ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,
- (გ) ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,
- (დ) მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდა გაცინებით მოღიმართა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1629
- (ა) დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,
- (ბ) უბრძანებდა: „რად ვინ სტირთო!“ – ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად.
- (გ) „ღმერთმან რისხვა მოაქცივა წყალობისა გამოსახვად,
- (დ) გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად“.
- 1630
- (ა) ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან;
- (ბ) იტყვის, თუ: „ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;
- (გ) დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისა მსმენელმან.
- (დ) თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან“.
- 1631
- (ა) ქალმან დედასა შესტირა: „ჰაი, მე რა ვქმნა, დედაო!
- (ბ) წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,
- (გ) მამამან ტახტი დაცალა, არღასადა ზის ზედაო!“
- (დ) დედამან ცრემლნი მოსწურნა: „ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო“.
- 1632
- (ა) გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,
- (ბ) ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,
- (გ) მას მზესა ეტყვის: „რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით-ხელები?
- (დ) ჩვენ ყოვლთა გვმართებს „ნეტარძი“ ათასი, არ ერთხელები“.
- 1633
- (ა) რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,
- (ბ) დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;
- (გ) იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად,
- (დ) აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.
- 1634
- (ა) ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;
- (ბ) ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არ-მეცნება.
- (გ) ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება,
- (დ) ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება“.
- 1635
- (ა) ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;
- (ბ) ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითა ათსა:
- (გ) „ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
- (დ) ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა“.
- 1636
- (ა) უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
- (ბ) დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო,
- (გ) ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
- (დ) იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო!“
- თავი სამოცდამეორე თავი სამოცდამეოთხე