1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სდ სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საშვებელი

ლხინი, სიამე, ბედნიერება
 
64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

1637

(ა) დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
(ბ) ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
(გ) მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა,
(დ) გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1638

(ა) დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
(ბ) დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
(გ) ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
(დ) ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“.

1639

(ა) ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
(ბ) ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
(გ) გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი!
(დ) ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

1640

(ა) ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი –
(ბ) შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
(გ) მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,
(დ) ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი!

1641

(ა) თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;
(ბ) ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;
(გ) მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.
(დ) „ესეაო მეფე ჩვენი“, – იზახდეს და ამას ხმობდეს.

1642

(ა) ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს,
(ბ) ზედა დასხნეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს;
(გ) ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რა დაბადნეს!
(დ) ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1643

(ა) სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
(ბ) ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
(გ) მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
(დ) გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1644

(ა) სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:
(ბ) „თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი“, – მართ ამას მოიტყოდიან,
(გ) ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,
(დ) სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1645

(ა) ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
(ბ) „რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
(გ) აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა
(დ) ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1646

(ა) „ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა აპატრონე;
(ბ) მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!“
(გ) ასმათ ფერხნი გარდუკოცნნა: „შენგან არის ჩემი ღონე,
(დ) მონებისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?“

1647

(ა) ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;
(ბ) თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია:
(გ) რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!
(დ) მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1648

(ა) ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა.
(ბ) უბრძანებდა: „გული შენი განაღამცა მომემდურვა!
(გ) აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,
(დ) მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ჩემი დამიშურვა“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1649

(ა) კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: „წავიდეო სახლსა ჩემსა,
(ბ) ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა;
(გ) სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,
(დ) შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“.

1650

(ა) მასცა უბოძა ფარმანი: „წა, სახლი მოიარეო,
(ბ) მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო“.
(გ) ავთანდილს უთხრა: „უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?
(დ) რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა, მიგელის ლომსა მთვარეო!“

1651

(ა) როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები,
(ბ) კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები:
(გ) „ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები!“
(დ) ავთანდილ თქვა: „არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!“

1652

(ა) ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,
(ბ) რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!
(გ) ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას, თუ: „ცუდად ვზიდე“,
(დ) ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1653

(ა) ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
(ბ) იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
(გ) სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;
(დ) ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.

1654

(ა) ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;
(ბ) გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;
(გ) კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;
(დ) ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1655

(ა) გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან,
(ბ) ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან,
(გ) მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან,
(დ) გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1656

(ა) მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,
(ბ) ერმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
(გ) ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთათ და-ვე-წყლულდეს,
(დ) მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1657

(ა) ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
(ბ) ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
(გ) ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
(დ) შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს.

თავი სამოცდამესამე თავი სამოცდამეხუთე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9